გეზი რუსეთისკენ: ისევ კახეთი, ამჯერად ლევან მეფე...

გეზი რუსეთისკენ: ისევ კახეთი, ამჯერად ლევან მეფე...

შემდეგი ეპიზოდი კახეთ-რუსეთის ურთიერთობებისა მე-16 საუკუნის 60-იან წლებს განეკუთვნება.

იმ დროისათვის არნახულად გაიზარდა მოსკოვის სახელმწიფოს დაინტერესება სამხრეთული პოლიტიკით. ყაზანისა და ასტრახანის შემოერთების შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ეს სფერო ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. თავის მხრივ, ამიერკავკასიელი მმართველები ჩრდილოელი მეზობლის ამ მისწრაფებას შემხვედრი ინიციატივით პასუხობდნენ და ხშირად ორივე მხარის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა კიდეც. ირან-ოსმალეთის მხრივ მზარდი აგრესიის პირობებში შედარებით უცნობი რუსეთით დაინტერესებას თანაბრად ამჟღავნებდნენ არა მხოლოდ ქრისტიანი მეფეები, არამედ მაჰმადიანი ხანები, ბეგები და მურზები. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში და მომდევნო პერიოდში იმიერ და ამიერკავკასიაში მეტად საინტერესო ძალთა განლაგება შეიმჩნეოდა. მანამდე მკაფიოდ გამოკვეთილი ორი ქვეყნის (ირანი და ოსმალეთი) სამხედრო-პოლიტიკური შუღლი სამი ზესახელმწიფოს (იგივენი და რუსეთი) დაპირისპირებით შეიცვალა, რამაც გარკვეული ცვლილებები მოახდინა საერთო კავკასიური პოლიტიკის ცალკეული სუბიექტების ინტერესთა კონფიგურაციაში. კავკასია თავისებურ გორდიასის კვანძად იქცა, რომლის საბოლოო (საბოლოო?) ჩაჭრა მხოლოდ სამსაუკუნოვანი დაპირისპირების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

მე-16 საუკუნის მესამე მეოთხედში რუსეთი გაჭიანურებულ, წარუმატებელ ომში იყო ჩაბმული დასავლეთ საზღვრებთან (იგულისხმება 1558-1583 წლების ე.წ. ”ლივონიის ომი”, რასაც ზედ დაერთო ”ოპრიჩნინა”). იმის მიუხედავად, რომ ამ სამხედრო კამპანიამ მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყნის ძლიერება და დასცა მისი პრესტიჟი საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთი კვლავ რჩებოდა სასურველ პარტნიორად ჩაგრული ქრისტიანი ხალხებისთვის. სწორედ ამ გარემოებით აიხსნება ის ფაქტი, რომ კახთა მეფე ლევანმა (1518-1576 წლები) თავისი პაპის, ალექსანდრე პირველის მსგავსად, გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა ივანე მრისხანესთან.

ცნობა ამის თაობაზე შემოგვინახა ვახუშტი ბატონიშვილმა. იგი გვაუწყებს, რომ რუსთა მეფე იოანეს ლევანმა ”წარუვლინა და ითხოვა სპა მისი მცველად ციხეთა კახეთისათა”. ივანე მრისხანეს ეს თხოვნა დაუკმაყოფილებია - ”ამან მოუვლინა და დაადგინა ციხეთა კახეთისათა რუსნი”. ეს ჯარი გარკვეული დროის განმავლობაში დარჩენილა კახეთში და ლევანს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნების რუსეთში, როდესაც გაძლიერებულმა შაჰ თამაზმა რეალური საფრთხე შეუქმნა რუსი სტრელეცების სიცოცხლეს.

როდის უნდა მომხდარიყო აღნიშნული ფაქტი?

თვითონ ვახუშტი, რუსთა რაზმის კახეთში ჩამოსვლამდე აღნიშნავს, რომ მანამდე ივანე მრისხანემ დაიპყრო ყაზანი და ასტრახანი, ხოლო შემდეგ ”დასხნა ყაზახნი თერგს და თარღუს მცველნი მისნი”.

ეს ცნობა მყარ ქრონოლოგიურ საყრდენს გვაძლევს ჩვენთვის საინტერესო მოვლენის დასათარიღებლად. რუსულ ისტორიოგრაფიაში კარგადაა ცნობილი, რომ ყაზან-ასტრახანის შემოერთება მოხდა 1552-1556 წლებში, ხოლო ამის შემდეგ ივანე მრისხანეს განკარგულებით მდინარე თერგის სანაპიროზე ააგეს თარღუს (რუსულად - ”ტარკ”) ციხე, რომელშიც რუსი მეციხოვნეები ჩააყენეს. ამ ციხის აგებას, რაც 1563 წელს მოხდა, წინ უძღოდა რუსთა მეფის ქორწინება ჩერქეზთა ბატონის ასულზე.

ესე იგი, როგორც ვხედავთ, კახეთში რუსთა რაზმის ჩამოყვანის ქვედა თარიღად სწორედ 1563 წელი უნდა დავდოთ, ხოლო ზედა თარიღი, ავტომატურად, 1576 წელზე მოდის, როდესაც ლევანი გარდაიცვალა.

რამდენად სარწმუნოა ვახუშტის ინფორმაცია?

პირველ რიგში, უნდა შევნიშნოთ, რომ წინა თავში აღწერილი ეპიზოდის მსგავსად (იგულისხმება რუსთა რაზმის მიერ დახმარების აღმოჩენა ახალგაზრდა ლევანისთვის, მისი გამეფების ჟამს), მოცემულ შემთხვევაშიც ვახუშტის ცნობის გაკონტროლება სხვა, თანადროული ქართული წყაროს მეშვეობით არ ხერხდება. ამასთან, ვახუშტის, როგორც ისტორიკოსის უზარმაზარი ავტორიტეტი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა თანამედროვე მკვლევართათვის, რომ მისი ცნობის უტყუარობა ერწმუნათ. როგორც ცნობილია, სწავლულმა ბატონიშვილმა თავისი უკვდავი თხზულება რუსეთში დაწერა და, მრავალრიცხოვანი ქართული წყაროების გარდა, მას ხელი მიუწვდებოდა რუსულ საარქივო დოკუმენტებზეც. ამიტომ, იმთავითვე გაჩნდა აზრი, რომ ცნობა მე-16 საუკუნის 60-იან წლებში რუსთა რაზმის კახეთში ყოფნის შესახებ ვახუშტისეულ იმპროვიზაციას არ წარმოადგენს და მას რეალურად მომხდარი ფაქტი დაედო საფუძვლად.

მართლაც, რუსული და ინგლისურენოვანი წყაროების მონაცემთა პარალელურმა ანალიზმა მთლიანად დაადასტურა ამ შეხედულების ჭეშმარიტება.

პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ მე-16 საუკუნის რუსი მემატიანე, რომელიც ივანე მრისხანეს მეფობის მოვლენათა აღწერისას 1565 წლის ნოემბრის თარიღით აღნიშნავს რუსეთში ქართველი თავადის ლეონის ელჩის - ვინმე იაკობის ყოფნის ამბავს. წყაროს ცნობაში ქართველი დესპანის მოსკოვში ჩასვლა მეორეხარისხოვანი ინფორმაციაა. ავტორი, საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაისტუმრა ივანე მრისხანემ უკან მასთან სტუმრად მყოფი ათონელი სასულიერო იერარქები და მათთან ერთად დესპანი იაკობი (”ოტპუსტილ... პო იხ ჩელობიტიუ, ზ გრუზინსკოგო კნიაზია ლეონა პოსლომ ს იაკოვომ... ნა ასტრახან და ნა ჩერკასსკუიუ ზემლიუ”) ცხადია, ცნობა ლევან მეფის ელჩ იაკობზე, რომელიც ათონელ მამებს დაემგზავრა სამშობლოში მიმავალი, შემთხვევით არ შეიძლება გაჩენილიყო რუსულ წყაროში.

ვახუშტისა და რუსული მატიანის ცნობათა შეპირისპირება, თითქოსდა, საკმარისი არგუმენტია იაკობის ელჩობის რეალურობაში დასარწმუნებლად, თუმცა, არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ინგლისური წყარო, რომელიც ირიბად ადასტურებს ამ ინფორმაციას. ესაა ინგლისელი კომერსანტის, სავაჭრო კომპანიის წევრ ენტონი ჯეკინსონის დღიური, საიდანაც ვგებულობთ, როგორ მზადდებოდა ლევან მეფის აღნიშნული ელჩობა.

ჯეკინსონი 1563 წელს ივანე მრისხანეს დავალებით ირანში იმყოფებოდა სავაჭრო-ეკონომიკურ ხელშეკრულების გასაფორმებლად. მისიის დასრულების შემდეგ, იმავე წლის აპრილში, იგი უკან ბრუნდებოდა და როგორც დღიურში აღნიშნავს, შემახაში შეხვედრია ქართველი მეფის მიერ საგანგებოდ გამოგზავნილ ვინმე სომეხს. ”შემახაში ყოფნის დროს მე მინახულა ქართველი მეფის მიერ გამოგზავნილმა ერთმა სომეხმა, რომელმაც ამ მეფის საშინელი მდგომარეობა აღწერა“ - წერს ჯეკინსონი და იქვე დასძენს, რომ ქართველი მეფე მას თხოვდა აღნიშნული სომხის მეშვეობით შეეტყობინებინა, როგორ შეიძლებოდა რუსთა მეფესთან ელჩის გაგზავნა. მას აგრეთვე აინტერესებდა ინგლისელი კომერსანტის ვარაუდი იმის თაობაზე, მოისურვებდა თუ არა რუსთა მეფე მის დახმარებას.

ჯეკინსონის დღიურიდან ჩვენთვის საინტერესო კიდევ რამდენიმე გარემოება ირკვევა. ჯერ ერთი, ქართველი ხელისუფალი სომხის პირით შეუფარავად სთხოვდა ინგლისელს რუსეთის მეფესთან შუამდგომლობას. მეორეც - მას ვერ გაუბედავს კომერსანტთან წერილობითი ფორმით დაკავშირება, რადგან ეს საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ჯეკინსონის თქმით, მას გულმხურვალედ დაურწმუნებია მოციქული ქრისტიანების მიმართ რუსთა მეფის ჰუმანურ დამოკიდებულებაში და ურჩევია, დაუყოვნებლივ გაეგზავნთ მასთან ელჩები, თანაც დაურიგებია, რომ საამისოდ ყველაზე მოხერხებული იყო ჩერქეზეთზე გამავალი გზა. მეტიც, ჯეკინსონს რამდენიმე დღის შემდეგ საგანგებო დავალებით გაუგზავნია ქალაქ არეშში თავისი მსახური ედუარდ კლარკი აბრეშუმის შესაძენად, იმ განზრახვით, რომ კლარკი საქართველოშიც მისულიყო და იქაურ მეფეს დახმარებოდა. კლარკმა სომეხ სოვდაგრებთან ერთად ამ ქვეყნის საზღვრებს მიაღწია, მაგრამ, ჩანს, იქაურ მაჰმადიან ხელისუფალთ ეჭვები აღუძრა და ამის გამო სასწრაფოდ გაბრუნდა უკან.

ჯეკინსონი დღიურში აღნიშნავს, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ იგი შეხვდა ივანე მრისხანეს, რომელმაც დადებითად შეაფასა მისი საქმიანობა ირანში და ღირსეულადაც დააჯილდოვა.

იმის გამო, რომ ჯეკინსონის დღიურში სახელდებით არაა მითითებული ქართველი მეფის ვინაობა, დღის წესრიგში თავისთავად დგება ამ უკანასკნელის იდენტიფიკაციის საკითხი.

ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ ინგლისელი კომერსანტ-დიპლომატის მიერ მოხსენიებულ პიროვნებაში კახთა მეფე ლევანი უნდა იგულისხმებოდეს (საინტერესოა, რომ ჯეკინსონის დღიურის რუსულ ენაზე მთარგმნელი აკადემიკოსი გოტიე ქართველ მეფეს, შეცდომით, სოლომონად მიიჩნევს. ასეთი სახელწოდების მქონე მმართველები საქართველოს ისტორიაში ცნობილია მხოლოდ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, ისიც - იმერეთის სამეფოში).

რას ემყარება ეს მტკიცება?

პირველ რიგში, თვით ჯეკინსონის დღიურს, საიდანაც ჩანს, რომ მან კლარკი საქართველოში აბრეშუმის შესაძენად გაგზავნა. მართალია, ტერმინი საქართველო კრებსითი ხასიათის ცნებაა (დღიურში მას ჰქვია ”გროზინ”) და სავალდებულო არაა, მასში მაინცდამაინც კახეთი ვიგულისხმოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც კარგად ცნობილი ფაქტია, რომ შუა საუკუნეთა ქართული სამეფო-სამთავროებიდან აბრეშუმის წარმოებით სწორედ ეს მხარე იყო განთქმული. ამის შესახებ პირდაპირ მიუთითებენ სხვა ინგლისელი ავტორები, მაგალითად - არტურ ედვარდსი, ლორენს ჩეპმენი და ჯეფრი დეკეტი. სამივე მათგანის ცნობა მე-16 საუკუნის 60-იან წლებს განეკუთვნება. ჩეპმენი, მაგალითად, აღნიშნავს, რომ მისგან საქართველოს მფლობელის ლეონტის ვაჭრებს სამეფო ოჯახისთვის ქსოვილები შეუძენიათ, ანაზღაურება კი ნაწილობრივ ფულით, ნაწილობრივ ნედლი აბრეშუმით მოუხდენიათ. დეკეტის ცნობით, არეშიდან სამი დრის სავალზე მდებარეობს ქვეყანა ”გროზინ”, რომლის მთავარ ქალაქს ზეგამი (იგივე ძეგამი, ზ.დ.) ჰქვია და სადაც უამრავი აბრეშუმის შეძენა შეიძლებაო.

როგორც აღნიშნული ცნობებიდან ჩანს, სრული საფუძველი არსებობს ჯეკინსონის ქართველი მეფის ლევანთან გასაიგივებლად.

თუ ინგლისელი კომერსანტის, ვახუშტისა და რუსული მატიანის ცნობებს ქრონოლოგიურად დავალაგებთ და მთლიანობაში გავიაზრებთ, დავინახავთ, რომ საქმე გვაქვს ერთსა და იმავე ფაქტთან. კერძოდ, 1563 წელს კახთა მეფე ლევანმა ჯეკინსონის მეშვეობით ცნობები შეაგროვა რუსეთის შესახებ მასთან ურთიერთობის დამყარების მიზნით. 1565 წლის ნოემბერში ლევანის ელჩი იაკობი მოსკოვიდან უკან დაბრუნდა. ესე იგი, გამოდის, რომ თვით ელჩობა სწორედ ამ შუალედში, 1564-1565 წლებში უნდა განხორციელებულიყო.

სხვათა შორის, ივანე მრისხანესა და ლევანს შორის არსებული ურთიერთობა დასტურდება შედარებით გვიანდელი, მე-17 საუკუნის წყაროთი. ესაა მიხეილ თევდორეს ძის მიერ 1641 წელს თეიმურაზ პირველისთვის მიცემული წყალობის სიგელი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მრავალი წლის წინ ”პრინიალ დედ ნაშ... ივან ვასილევიჩ პოდ ცარსკუიუ ვისოკოგო რუკუ გრუზინსკოგო ლეონტია...” ასევე, შეიძლება გავიხსენოთ თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის ელჩი სვიმონ მაყაშვილი, რომელმაც 1753 წელს კანცლერ ბესტუჟევ-რიუმინს წარუდგინა მოხსენება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა წინაისტორიის შესახებ. ქართველი დესპანი იხსენიებდა შაჰ-აბასის დროინდელ ფაქტს, როდესაც რუსეთის მეფემ ალექსი თევდორეს ძემ ჯარი გამოუგზავნა ლევან მეფეს და ეს რაზმი შვიდი წელი იყო კახეთში.

გარკვეული უზუსტობების მიუხედავად (ლევანის დროს შაჰ აბასი ჯერ კიდევ არ იყო ტახტზე ასული და არც ალექსი თევდორეს ძეს იცნობს რუსეთის ისტორია) ეს ცნობა მაინც საყურადღებოა, რადგან, ჯერ ერთი, ადასტურებს ვახუშტის ინფორმაციას და მეორე, მასში პირველადაა მითითებული კახეთში რუსთა რაზმის ყოფნის ხანგრძლივობა.

მიხეილ თევდორეს ძის სიგელში ისიცაა აღნიშნული, რომ ლეონტის შემდეგ მფარველობა მის შვილ ალექსანდრეზეც გავრცელდაო.

არსებობს კიდევ რამდენიმე ცნობა, რომლებიც უფრო მყარ საფუძველს უქმნიან მოსაზრებას მე-16 საუკუნის 60-იან წლებში კახეთ-რუსეთის ურთიერთობათა გააქტიურების შესახებ. მაგალითად, 1557 წელს ყაბარდოელთა დესპანი, ვინმე ”კანკლიჩი” ივანე მრისხანეს არწმუნებდა, ჩერქეზებთან და ყაბარდოელებთან ერთად ივერთა მეფეც შენი მფარველობის მოსურნეაო - ”ივერსკოი კნიაზ, ი ვსია ზემლია ივერსკაია გოსუდარიუ ს ნიმ ბიუტ ჩელომ”). ასევე, ივერთა ქვეყნის მოხსენიებას ვხვდებით 1558 წელს პოლონეთის მეფის კარზე წარგზავნილი ელჩის ივანე ოლფერიევის სიტყვაში. რუსი დესპანი აღნიშნავდა: ”გოსუდარ ნაშ... სკორბელ ი დო სლიოზ” იმის გამო, რომ ”ივერსკუიუ ზემლიუ კიზილბაშ ზავოევალ”

სრულიად აშკარაა, რომ 1563-156 4 წლებსი მოსკოვში ელჩის გაგზავნას ლევან მეფის მხრივ ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაო უძღოდა. კახეთის ხელისუფლება ყველა ხელმისაწვდომი წყაროდან კრებდა ინფორმაციას ჩრდილოელი მეზობლის შესახებ. რუსეთთან კავშირის ძიება ლევან მეფის მოღვაწეობაში იმდენად ცხადად გამოკვეთილი ორიენტირი იყო, რომ ამის შესახებ არაპირდაპირი ინფორმაცია ყაბარდოელი დესპანების მეშვეობით გაცილებით ადრე ჰქონდათ რუსეთში.
კახეთის სამეფოს პოლიტიკური ინტერესები რუსეთთან კავშირის ძიების დროს სრულიად ნათელია და მასზე სიტყვას აღარ განვაგრძობთ. რაც შეეხება მოსკოვის სახელმწიფოს, ყაზან-ასტრახანის აღებისა და ყაბარდოში ფეხის მოკიდების შემდეგ მას შესაძლებლობა მიეცა, ხელში ჩაეგდო კასპიისპირეთის სავაჭრო მაგისტრალები და დიდი მოგება მიეღო აბრეშუმით ვაჭრობით. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ რუსეთის მკაფიოდ გამოხატულ პოლიტიკურ ინტერესებს ამიერკავკასიაში, მაგრამ უკვე მე-16 საუკუნის მეორე ნახევარშივე ნათლად იგრძნობოდა ეკონომიკური ინტერესების პოლიტიკურში გადაზრდის ტენდენცია, რაც არნახულად ზრდიდა საქართველოთი დაინტერესებას რუსეთის საგარეო პოლიტიკაში.

მომდევნო პერიოდის მოვლენებმა სავსებით დაადასტურა ამ დასკვნის მართებულობა.