დავით აღმაშენებელი – მეფე რუსთა

დავით აღმაშენებელი – მეფე რუსთა

ქართველ მეფეთა ტიტულატურა საკმაოდ კარგადაა შესწავლილი ისტორიოგრაფიაში. დადგენილი და განსაზღვრულია მისი ჩასახვისა და განვითარების ძირითადი საფეხურები, რაც პირველ ეტაპზე ქართული მიწების გაერთიანებულ სახელმწიფოდ ფორმირების თანმიმდევრობასთან იყო დაკავშირებული, ხოლო შემდეგ ცენტრალიზებული მონარქიის მიერ სხვა ქვეყნების დაპყრობა-ინკორპორაციასთან. ასე ჩამოყალიბდა ბაგრატიონთა საოცრად მეტყველი და ტევადი სამეფო ტიტულატურა, რომლის პირველმა სრულქმნილმა ნიმუშმა ჩვენამდე გიორგი მესამის მიერ გაცემული სიგელის მეშვეობით მოაღწია და შემდეგნაირად ჟღერს: ”ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფეთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი”. 

აღნიშნულ დეფინიციაში აფხაზთა მეფობა დასავლეთ საქართველოს ფლობას ნიშნავდა, ქართველთა მეფობა კი – ქართლისა და ტაო-კლარჯეთისას. შესაბამისად - კახეთ-ჰერეთში იგულისხმება რანთა და კახთა მეფობა. სიტყვა „სომეხთა“ ლორე-ტაშირის მფლობელობას აღნიშნავს, შარვანშა და შაჰანშა კი, ბაგრატიონთა ტიტულატურაში შარვანისა და ანისის შემოერთების შემდეგ გაჩნდა. 

ამრიგად, ქართველ მეფეთა ტიტულატურაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მასში ასახვა ჰპოვა როგორც უშუალოდ ქართულმა მიწებმა, ასევე – საქართველოს სამეფოს მიერ ინკორპორირებულმა ტერიტორიებმა. თუმცა, კარგადაა ცნობილი ისიც, რომ ე.წ. ”ოქროს ხანაში” ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გავლენა კიდევ ბევრ მხარეზე ვრცელდებოდა როგორც ამიერ, ისე – იმიერკავკასიაში. 

სრულიად აშკარაა, რომ ბაგრატიონთა ტიტულატურის თითოეული ელემენტი რეალური, მკაცრად განსაზღვრული შინაარსის მატარებელი ცნებაა და მასში რაიმე შემთხვევითობა, ან გაზვიადება გამორიცხულია (თუმცა, მოგვიანებით, ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ამგვარმა ნიშნებმა დაუფარავად იჩინა თავი).

აქედან გამომდინარე, ორმაგად საინტერესოა ფაქტი, რომ ზოგიერთ აღმოსავლურ წყაროში ბაგრატიონები რ უ ს თ ა მ ე ფ ი ს სახელით მოიხსენიებიან. დოკუმენტები, რომლებიც ამ ინფორმაციას გვაწვდიან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შემოვიდა სამეცნიერო მიმოქცევაში.

1972 წლის ზაფხულში ცნობილი ქართველი ირანისტი, პროფესორი მაგალი თოდუა სამეცნიერო მივლინებით ირანში იმყოფებოდა და თავრიზის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ერთ-ერთ დოკუმენტში მან ისეთი რამ ამოიკითხა, რომ თვალებს არ დაუჯერა. მკვლევარი რამდენჯერმე ჩაუღრმავდა საინტერესო ადგილს, რომელიც თავიდან გადამწერის კორექტურულ შეცდომად მიიჩნია, მაგრამ განმეორებითმა შესწავლამ აჩვენა, რომ ცთომილება გამორიცხული იყო. ძველი სპარსული საბუთი ცხადად მიუთითებდა, რომ ძლიერების პერიოდში ქართველ მეფეებს სიუზერენული მიმართება გააჩნდათ გარკვეული რუსული ტერიტორიების მიმართ და შესაბამისად - ეს მათ ტიტულატურაშიც აისახა,

იმისათვის, რომ უკეთ გავერკვეთ საკითხის არსში, საჭიროა რამდენიმე სიტყვით დავახასიათოთ, რა ტიპის წყაროებთან გვაქვს საქმე და როგორია მათი სანდოობის ხარისხი.

დოკუმენტების კრებული ”თარასჰოლი” 1219 წელსაა გადაწერილი და როგორც ქართულ ისტორიოგრაფიაშია გარკვეული, შეიცავს მახლობელი აღმოსავლეთის ხელისუფალთა მიმოწერის ნიმუშებს. შუა საუკუნეებში, ისევე როგორც თანამედროვე ეპოქაში, არსებობდა დიპლომატიური ეტიკეტი, რომლითაც მკაფიოდ იყო განსაზღვრული უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებთან ურთიერთობის წესები, ოფიციალური შეხვედრების ცერემონიალი – შაჰებთან თუ სულთნებთან მაღალი თანამდებობის პირთა დასხდომის თანმიმდევრობა, მიმართვის ფორმა, ძღვნობის წესი და სხვა (ქართულ სინამდვილეში ამგვარი ხასიათის ძეგლს წარმოადგენს, მაგალითად ”ხელმწიფის კარის გარიგება)... 

თითოეული, მეტ-ნაკლებად ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს მეთაური დიდ ყურადღებას აქცევდა დიპლომატიური ეტიკეტის დაცვას და მისი დარღვევის შემთხვევაში საკუთარ ელჩებს ზოგჯერ სიკვდილითაც კი სჯიდა. მაგალითად, ცნობილია შემთხვევა, როცა უდიერი და სახელმწიფოს შემარცხვენელი საქციელისათვის რუსეთში მე-16-17 საუკუნეთა მიჯნაზე სასტიკი სასჯელი გადაუწყვიტეს კახეთში გამოგზავნილ დესპანს და ქართველებს დიდი ჯაფა დაადგათ, რომ მისთვის განსაცდელი აერიდებინათ (ამ ფაქტის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ).

ამჯერად ჩვენ მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტით მკაცრად განსაზღვრული მიმართვის ფორმები გვაინტერესებს და მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მე-14 საუკუნის არაბი ისტორიკოსის ალ უმარის თხზულებიდან ერთ მაგალითს დავიმოწმებთ. მასში სრული სახითაა დაცული ეგვიპტის სულთნების მიერ საქართველოს მეფეებისთვის გასაგზავნ ოფიციალურ დოკუმენტებში გამოსაყენებელი მიმართვის ფორმა (წყაროში გიორგი ბრწყინვალეს ეპოქის რეალობაა ასახული).

”მაღალი ალლაჰი ხანგრძლივს ყოფს ბრწყინვალებას მისი მეფური უდიდებულესობისა, დიდებულისა, გულადისა, მამაცის ლომისა, მეთაურისა, მრავალის თავდამსხმელისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულტნისა, ზღვებისა და სრუტეების სამეფოს განძისა, რაინდთა სამეფოს დამცველისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, ქრისტიანობის შემწისა, საქრისტიანოს გმირთ მესიისა, თავისი განზრახვთ იერუსალიმის განმანათლებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულტანთა მეგობრისა” (იმედი მაქვს, ამ მიმართვის წაკითხვა ირონიულ ღიმილს არ მოგგვრით. მასში რეალურადაა ასახული იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური ავტორიტეტი ახლო აღმოსავლურ სამყაროში).

ზემოთ დასახელებული წყაროები მაგალი თოდუამ 1979 წელს გამოაქვეყნა სერიაში - ”ქართულ-სპარსული ეტიუდები”. 24 დოკუმენტიდან რამდენიმე შეიცავს რუსის ხსენებას და კონტექსტიდან აშკარად ჩანს ამ რუსთა ფლობა ქართველი მეფეების მიერ. განვიხილოთ ისინი.

დოკუმენტი #1, რომლის სათაურია - ”პასუხი მეფე დავითს აბხაზის პატრონს”, შეიცავს ამ გვირგვინოსნის ტიტულთა ვრცელ ჩამონათვალს. მათ შორის ყურადღებას იპყრობს ”აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა, ქრისტეს სარწმუნოების მცველისა: აბხაზისა, შაქისა, ალანისა და რ უ ს ი ს მეფეთა მეფისა”...

დოკუმენტი #2 - ”პასუხი თბილისის პატრონს მეფე დავითს” შეიცავს ტიტულატურის შემდეგ ელემენტებს: ”აბხაზის მეფეთა მეფის, რუმისა და რ უ ს ი ს მარზპანის”...

დოკუმენტი #15 - ”ურწმუნოთა წოდებანი ხაყანის ენშადან”. ამ წერილის ადრესატი უცნობი ქართველია, რომელიც ტექსტში სხვადასხვა ტიტულთან ერთად მოიხსენიება, როგორც ”ალანისა და რ უ ს ი ს სარდალი”.

აშკარაა, სამივე შემთხვევაში ტერმინი „რუსი“ სრულიად რეალურ ისტორიულ კონტექსტში მოიხსენიება და იმის მიუხედავად, რომ თანამედროვეთათვის ოდესღაც ქართველთა მეფის მიერ რუსთა ფლობა ძნელად წარმოსადგენი ამბავია, ამ ფაქტს ანგარიში უნდა გაეწიოს.

”თარასჰოლის” გამომცემელი მაგალი თოდუა პირველი იყო, ვინც შეეცადა აეხსნა, რას ნიშნავდა აღმოსავლურ დოკუმენტებში მოხსენიებული რუსი და მოეხდინა მათი სიუზერენი ქართველი მეფეების იდენტიფიკაცია. მისი აზრით, პირველი წერილის ადრესატი უნდა ყოფილიყო გიორგი–ლაშა, ხოლო ავტორი - რუმის სულთანი ქაიქავუს პირველი. ასეთი დასკვნის გამოტანაში მეცნიერს ხელი ვერ შეუშალა იმ გარემოებამაც კი, რომ თვითონ დოკუმენტში საუბარია აბხაზის პატრონ მეფე დავითზე და არა = გიორგიზე. მაგალი თოდუას აზრით, აქ საქმე გვაქვს დავითის, როგორც ბაგრატიონ მეფეთა განზოგადებული სახელწოდების მაგალითთან და იმოწმებს მარკო პოლოს ცნობილ გამონათქვამს - საქართველოში მეფეს ყოველთვის დავით მელიქს უწოდებენ და იგი თათრებს ემორჩილებაო.

რაც შეეხება რუსს, მრავალრიცხოვანი აღმოსავლური წყაროების შეჯერების საფუძველზე მკვლევარმა გაიზიარა და განავრცო რუსულ ისტორიოგრაფიაში ფრთხილი ვარაუდის სახით გამოთქმული მოსაზრება მე-12 საუკუნეში რუსთა ერტი შტოს ჩრდილო კავკასიაში დამკვიდრების შესახებ. რადგან ქართველ მეფეთა სამფლობელოები ამ მხარესაც წვდებოდა, თანადროულ აღმოსავლურ ძეგლებში მათი მოხსენიება რუსების მეფეთა მეფედ, ან მარზპანად გაოცებას არ უნდა იწვევდესო. უფრო კონკრეტულად, ქართველთა მფლობელობაში არსებულ ტერიტორიად მან იმიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვასთან მდებარე მხარე მიიჩნია.

”თარასჰოლის” მონაცემები და ქართველ მეფეთა აღმოსავლური ტიტულატურა საგანგებოდ გააანალიზა პროფესორმა დავით მუსხელიშვილმაც. მან შეუძლებლად მიიცნია ”აბხაზის პატრონ დავითის” გიორგი–ლაშად მიჩნევა და დაასკვნა, რომ აქ დავით აღმაშენებელი უნდა იგულისხმებოდეს. დავითისდროინდელი რუსის ძიებამ, რომელზეც, სავარაუდოდ, უნდა გავრცელებულიყო საქართველოს პოლიტიკური ძალაუფლება, მკვლევარი სრულიად საპირისპირო დასკვნამდე მიიყვანა. მისი მოსაზრებით, ”ტარასჰოლის” ცნობაში ტმუტარაკანის რუსული სამთავრო უნდა იგულისხმებოდეს.

აღნიშნული პოლიტიკური ერთეული ჯერ კიდევ 944 წელს დაარსდა ტამანის ნახევარკუნძუკლზე. იგი თავიდან ხაზართა ციხე-სიმაგრე იყო, შემდეგ კიევის დიდმა მთავარმა იგორმა იგდო ხელთ. რუსულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულებით, ეს სამთავრო რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლური სამფლობელოების ცენტრი იყო, რომელიც მაქსიმალური ძლიერების ხანაში ყუბანს, დონისპირეთსა ვოლგის ქვემო დინებასაც აკონტროლებდა. ტმუტარაკანი მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში თანდათან დაკნინდა, ხოლო მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში იგი ბიზანტიის მფლობელობაში მოექცა.

ტმუტარაკანის სამთავროს მნიშვნელოვანი ნაწილი ისტორიული ჯიქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქართული წყაროებიდან ცნობილია, რომ ამ მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ჯერ ეგრის-აფხაზეთის, შემდეგ კი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს მეფეები აკონტროლებდნენ. სწორედ ჯიქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი - ნიკოფსია (თანამედროვე ტუაფსეს ჩრდილოეთით, ოციოდე კილომეტრის დაშორებით, მდინარე ნეგოფსუხოს შესართავთან). ეჭვგარეშეა, რომ ტმუტარაკანის სამთავროს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კონტაქტები ექნებოდა აფხაზთა სამეფოსთან ჯერ კიდევ მეათე საკუნის შუა ხანებში, გიორგი მეორე აფხაზთა მეფის დროს (922-957წლები, როდესაც ამ სახელმწიფომ ძლიერების ზენიტს მიაღწია.)

სავარაუდოდ, მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური გავლენა გავრცელდა უკვე დასუსტებულ ტმუტარაკანზე, სადაც საამისოდ ნიადაგი უკვე შემზადებული იყო. ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ჯიქეთის ტერიტორია ნიკოფსიის საარქიეპისკოპოში შედიოდა, რომელმაც 10-11 საუკუნეთა მიჯნაზე გაწყვიტა კავშირი ბიზანტიის ეკლესიასთან და იერარქიულად მცხეთის საკათალიკოსოს დაექვემდებარა. ცხადია, ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად განაპირობა ქართული კულტურის გავრცელება ჯიქეთის ტერიტორიაზე.

ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ფაქტად რჩება - აღმოსავლური (ნეიტრალური) და არა ქართული (დაინტერესებული) წყაროების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური გავლენა, სავსებით არაორაზროვნად, რუსულ მოსახლეობაზეც ვრცელდებოდა. ოდესღაც ჩვენ გვყოლია ”მეფენი რუსთა”.