პოპ-პორტრეტები: ჯონი ვინტერი – პროგრესული ბლუზური ექსპერიმენტი

პოპ-პორტრეტები: ჯონი ვინტერი – პროგრესული ბლუზური ექსპერიმენტი

პოპ-პორტრეტები: ჯონი ვინტერი – პროგრესული ბლუზური ექსპერიმენტი

60–იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც საზოგადოებრივი პროტესტის ბლუზურმა – საოცრად ინტიმურმა და ღრმააზროვანმა გამოხატვამ თეთრკანიანთა პოპ–კულტურაში გაცილებით საჯარო ფორმა ჰპოვა, მუსიკალურ სცენაზე გამოიკვეთა „ყველაზე თეთრი“ მუსიკოსი „ყველაზე შავი“ მუსიკით.

ყვავილოვანი ერის ყოველგვარი სიამტკბილობის მიმღებმა, თუ „ბლუზი – როკის იდეის“ გამზიარებელმა ჯონი ვინტერმა აკი ერთხელ განაცხადა კიდევაც ისტორიული ფრაზა: „ბლუზი ჩემი ცხოვრების უძვირფასესი ნაწილია, უფრო ძვირფასი, ვიდრე თვით მუსიკა“. ეს სიტყვები უსაფუძვლო ერთი წამითაც არ გეგონოთ, რადგან ჯონი ვინტერის ბლიუზი თითქმის ყველა თეთრკანიანის მიერ დაკრულისაგან სწორედ ამით განსხვავდება...

ჯონი ვინტერის ნახევარსაუკუნოვანი მუსიკალური დისკოგრაფია არაერთ შთამბეჭდავ ალბომს მოიცავს. ზოგიერთ მათგანში ბლუზზე მიუჯაჭველობისაგან მიუხედავად, ყოველთვის იგრძნობა ტეხასელი ალბინოსი გიტარისტისა და მომღერლის მიერ მუსიკის მხოლოდ და მხოლოდ ბლიუზური აღქმა...

ვინტერის ალბომების „გაროკება“, მისი ხანგრძლივი პარტნიორის – ასევე გიტარისტისა და მომღერლის – რიკ დერინჯერის დამსახურებაა. მასთან თანამშრომლობით ჯონი ვინტერმა 70–ების ეპოქის უმძლავრესი ბლუზ–როკული ალბომები Johnny Winter And…, საკონცერტო Johnny Winter And Live და Still Alive & Well შექმნა. განსაკუთრებით Johnny Winter And…–მა გამოხატა და შეაჯამა ვინტერის თვალით დანახული ჰიპების ეპოქა, შესანიშნავად რომ აისახა რიკ დერინჯერის ნამღერ კაპალდი–უინვუდის No Time ToLive–ში.ჯონი თავიდანვე უპირველეს ყოვლისა მუსიკოსი იყო და არა ეპოქის შვილი. მისი პროფესიონალად ჩამოყალიბება კი გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც კლარნეტი გიტარაზე გაცვალა, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ძმასთან – ედგარ ვინტერთან ერთად კონცერტების სერია გამართა და საბოლოოდ, ერთ მშვენიერ საღამოს ბი ბი კინგის კონცერტზე აღმოჩნდა. ბლუზის მეფემ ვინტერში გააცოცხლა ზანგების უბანში გატარებული ბავშვობის წლები და მადი უოტერსთან ერთად უდიდესი ზეგავლენა მოახდინა საოცრად მშრომელი ახალგაზრდის მუსიკალური თვალსაწიერის ჩამოყალიბებაზე. ერთია ფლობდე ინსტრუმენტს საუკეთესოდ, მეორეა თუ რისთვის იყენებ ამ ინსტრუმენტს... ტექნიკური თვალსაზრისით ვინტერისნაირი ვირტუოზები იმხანად ნაკლები იყო, რასაც კანის ფერიდან და ეპოქიდან გამომდინარე, წესით სადებიუტო როკულ–ფსიქოდელიური კომერციული ალბომები უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. Johnny Winter და Second Winter არც ჯოპლინისებრ ბლიუზს, არც Jefferson Airplane–ებრ ფსიქოდელიას გამოხატავდა, თუმც ორივე მათგანი ჭეშმარიტ Acid Blues შედევრებად იქცა. 

მუსიკოსს ნამოღვაწარი დაუფასდა და ჯონ ლენონმა და Rolling Stones-მა ვინტერს ლონდონის ჰაიდ–პარკში გამართული ცნობილი კონცერტი მას გაახსნევინეს სიმღერით I’m Hers and I’m Yours…

ვინტერი დიდი კომპოზიტორი არასოდეს ყოფილა. სამაგიეროდ დღემდე სიამოვნებით ვისმენთ მისი არანჟირებით ჩაწერილ ზემოთხსენებული Rolling Stones–ის, ჯონ ლენონისა, თუ ბობ დილანის სიმღერებს. 70–ების ეპოქის ჯონი ვინტერის შემოქმედებითი მწვერვალი, უდავოდ, სწორედ ამ მუსიკოსების სიმღერებით აღჭურვილი 1976 წლის საკონცერტო Captured Live–ია, ხოლო გიტარისტ ფლოიდ რედფორდთან შექმნილი ტანდემი კი ბლუზ–როკული გიტარული დუეტის ერთ–ერთი საუკეთესო მაგალითი: აწყვეტის ზღვრამდე მისულ ზომიერებას, გიტარული დიალოგის ღრმააზროვნებას, სოლოების მელოდიურობასა და სიმწიფეს, საბოლოოდ თეთრი ბლიუზ–როკის ყველა დროის ყველაზე ტემპერამენტულ და ექსპრესულ ნაწარმოებთან მივყავართ... 

განვლო წლებმა და სადებიუტო ბლუზური ალბომების ღვაწლი ჯონი ვინტერს ერთიორად დაუფასდა, რადგან სწორედ მისი პროდიუსირებით ჩაწერა თვით მადი უოტერსმა გრემის ნომინანტი 4 (!) ალბომი, რასაც ტეხასელმა ალბინოსმა საოცრად მშვიდი ჩიკაგურ–ბლუზური White, Hot & Blue დაურთო. ამ ალბომში დაკრული ლითლ უოლტერის Last Night, ვინძლო ამ ბლუზის საუკეთესო ვერსიაც კი იყოს. აქ საოცარი სოლო შეასრულა ჰარმონიკაზე 19 წლის ბიჭმა – პატ რემსიმ. 

ბლუზური სივრცის დაპყრობას ჯონი ვინტერი ახალი ძალებით, შავკანიან მუსიკოსთაგან შემდგარ ჯგუფთან ერთად ჩაწერილი 1984 წლის ალბომით – Guitar Slinger შეუდგა. ჩანაწერი იმდენად დახვეწილი გამოვიდა, რომ აბსოლუტურად მოსპო ზღვარი თეთრ და შავ მუსიკას შორის. ალბათ ამიტომაცაა, რომ მხოლოდ შავკანიან მუსიკოსთათვის განკუთვნილ Alligator Records–ზე, ფირმის დაარსების აღსანიშნავ საიუბილეო ბლუზურ ნაკრებში, ერთი თეთრი მუსიკოსიც გამოერია ზემოთხსენებული ალბომის უდავო შედევრით – უცნობი ავტორის Boot Hill-ით. 

ჯონი ვინტერმა 1985 და 1986 წლებში კიდევ ორი შესანიშნავი ალბომი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოლონური ვინილის დისკი Serious Business და Third Degree ჩაწერა, მომდევნო The Winter of '88 კი მუსიკოსის ყველაზე გაუგებარ და მდარე ალბომად იქცა. ჯონ მაიალის 1988 წლის ფანტასტიური Chicago Line–ის გვერდით, ბლუზური მუსიკის საგანძურმა, სამწუხაროდ პროდიუსერების ბინძური ხელებით ჩასვრილი ერთი მახინჯი ალბომიც მიითვალა...

ჩავარდნამ როგორც ჩანს ყველაზე მეტად თვით მუსიკოსზე იმოქმედა და 1991 წლის Let Me In-მა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... საუკეთესო მუსიკოსებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ერთიმეორის უმჯობესი ბლუზურ–როკ’ნ’როლური შედევრები წარმოადგინა, ჯონი ვინტერის გიტარის ჟღერადობამ კი ბლიუზურ ვითომცდა შეზღუდულ არეალში, ფანტაზიის ახალი განზომილება წარმოაჩინა და ყბადაღებულ „როკ–ექსპერტთა“ გონებრივი არაეალის მიღმა, რომელთათვისაც დევიდ გილმორის Comfortably Numb, სლეშის November Rain, ჯიმი პეიჯის Stairway To Heaven –ის იქით, გიტარ–სოლო ლამის არ დაკრულა, Illustrated Man-ის სოლო შესრულდა, რომლის „წერილობითმა ვერსიამაც“ უკვე მომდევნო ალბომის ავტობიოგრაფულ Johnny Guitar–ში გაიელვა... სამწუხაროდ 1992 წლის Hey, Where Is Your Brother წინამორბედთან შედარებით, გაცილებით დამჯდარი, ნაკლებად ემოციური და დაბერებული გამოვიდა... ძმასთან – ედგარ ვინტერთან ერთად ჩაწერილი კლასიკური საშობაო სიმღერა – Please Come Home For Christmas კი მუსიკოსის ულამაზესი გედის სიმღერა აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ბლუზმენი დღემდე სცენაზეა, 60 – 70–ებში ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებამ მის ჯანმრთელობას წარუშლელი დაღი დაასვა და დროდადრო ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, იმავე ერიკ კლაპტონისაგან განსხვავებით, ჯონი ვინტერი დღესდღეობით ისე ვეღარც უკრავს და ვეღარც მღერის როგორც წარსულში... 

სამაგიეროდ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მე–20 საუკუნის პოპ–კულტურაში ჯონი ვინტერის პროგრესულმა ბლუზურმა ექსპერიმენტმა სავსებით გაამართლა, რაზედაც მუსიკოსის ერთ–ერთი ადრინდელი ალბომის სახელწოდებაც მეტყველებს...