„ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ეს თითქმის ომია“

„ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ეს თითქმის ომია“

ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობა პიკს აღწევს. ყოველდღიურად ფედერალები იქ 5-6 თანამშრომელს კარგავენ. გახმაურებული მკვლელობები რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდა. რუსული მედია აღიარებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სიმშვიდე და სტაბილურობა არც აქამდე ყოფილა და არც ამის შემდეგ იქნება.

ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, – ამის შესახებ განცხადება, რადიო „ეხო მასკვის“ ეთერში, რუსეთის ფედერაციის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა გააკეთა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების – დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის და ჩეჩნეთის სამართალდამცავები ყოველდღიურად 5-6 თანამშრომელს კარგავენ. 

„ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ფედერალური ბიუროს სპეცრაზმები აქტიურად ატარებენ სპეცოპერაციებს და ანადგურებენ „ბოევიკებს“. ეს თითქმის ომია“, – განაცხადა ბასტრიკინმა.

ინგუშეთში ორი ე.წ. „ბოევიკი“ მოკლეს, - ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. სპეცოპერაცია ნაზრანის რაიონში ჩატარდა. სამართალდამცავი ორგანოების წყაროს ინფორმაციით, სპეცრაზმთან ორმხრივი სროლის შედეგად ლიკვიდირებულია უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი. 
მათ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მოწყობილობები აღმოაჩნდათ. მოკლული „ბოევიკების“ ვინაობა დგინდება.

ამასთან, სამალავი 50 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერებით აღმოჩენილი იქნა ინგუშეთის სოფელ იანდარის ერთერთ კერძო სახლში. ინგუშეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სამმართველოს მონაცემებით, ხსენებული საწყობი აღმოჩენილი იქნა მათი თანამშრომლების მიერ რუსეთის შს სამინისტროს კოლეგებთან ერთად ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში. საშიში ნივთიერება ადგილზევე იქნა განადგურებული, ვინიდან არსებობდა საშიშროება მისი ტრანსპორტირებისას აფეთქებისა.

გუშინწინ ინგუშეთის ნაზრანის რაიონის სოფელ ნასირ–კორტში მოკლული იქნა საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომელი, 47 წლის დაუდ ევლოევი. უცნობმა პირებმა მას ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს, რის შემდეგაც მიიმალენ. მიყენებული ჭრილობების გამო ევლოევი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ყოველდღიური მკვლელობები მთელი ჩრდილოეთ კავკასიის სავიზიტო ბარათი გახდა. ყაბარდო–ბალყარეთის ბაქსანსკის რაიონში უცნობებმა რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კრიმინალური კოლეგიის მოსამართლე აზრეტ-ალ სიდაკოვი მოკლეს. მკვლელობა საღამოს დაახლოებით თერთმეტ საათზე საქორწილო დღესასწაულზე მოხდა, რომელიც ერთ–ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში ტარდებოდა. უმაღლესი სასამართლოს თანამშრომელი სახლის ეზოდან ქუჩაში გამოვიდა, სადაც უცნობმა მას პისტოლეტიდან რამდენჯერმე დამიზნებით ესროლა. მიღებული ჭრილობებისგან სასამართლოს თანამშრომელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან 9 მილიმეტრი კალიბრის ჰილზები ამოიღეს. მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

თავად რუსული მედია წერს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სიმშვიდე და სტაბილურობა აქამდე არ ყოფილა და არც ამის შემდეგ იქნება. მათივე შეფასებით, სპეცსამსახურებს მუდმივად „კოვზი ნაცარში უვარდებათ“. 

კერძოდ, ჩაფლავდა გახმაურებული საქმე დაღესტნელ შახიდ ქალებზე, რომლის შესახებაც ამ ზაფხულს რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა. გაზეთ „კომერსანტის“ მონაცემებით, რვა ეჭვმიტანილიდან პატიმრობაში მხოლოდ ორი მოქალაქე რჩება – დანარჩენები არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს.

ბრალი წაყენებული აქვთ დაღუპული იატაკქვეშელის ქვრივს ზაირა აკაევას და ვინმე მურატ შიხშაიდოვს. პირველს ბრალი ედება იარაღის უკანონო შენახვაში, ხოლო მეორეს – ტერორისტული აქტის მომზადებაში. მაგრამ, გამომცემლობის ინფორმაციით, შესაძლოა ეს ფორმულირებაც შეიცვალოს მტკიცებულებების არქონის გამო.

„ადრე იტყობინებობდენ, რომ დაკავებულთა შორის ოყო 15–დან 29 წლამდე ასაკის ექვსი ქალი და ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი ეჭვმიტანილი იყო მოსკოვის მეტროში განხორციელებული აფეთქებებიში მონაწილეობაში – თითქოს იგი თან ახლდა თვითმკვლელ ქალებს, რომლებმაც თავი აიფეთქეს „ლუბიანკისა“ და „კულტურის პარკის“ სადგურებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ დაღესტნელი უფლებადამცველები დიდი ხნის განმავლობაში ურჩევდნენ რუს ძალოვნებს, რომ არ ეჩქარათ საქმის დახურულად გამოცხადება. მაგრამ მათ იმის სურვილმა გადაძალა ეპატაკათ – “მივაღწიეთ წარმატებას და მოსკოვის საზოგადეობას შეუძლია მშვიდად იძინოს“, – აცხადებენ „ექსპერტთა კლუბში“. 

ამ ფონზე ჩეჩნეთის მარიონეტი ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ჩვეულ სტილში ტინგიცობას აგრძელებს და აცხადებს, რომ პუტინი მისი კუმირია. „რესპუბლიკის მეთაურის“ უშუალო ინიციატივით განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვით აღინიშნა მოსახლეობის ფართე ფენებისთვის არც თუ ისე ღირშესანიშნავი თარიღი – ვლადიმერ პუტინის დაბადების 58 წლისთავი.

ქალაქ გროზნოს ცენტრში ახმედ კადიროვის სახელობის მოედანზე გაიხსნა პუტინის სახელობის მუსიკალური შადრევანი. იმავე დღეს ქალაქ გუდერმესის იპოდრომზე რამზან კადიროვმა ჩაატარა პუტინის დავადების დღისადმი მიძღვნილი დოღი.

ამ ღონისძიებებს წინ უძღოდა ახალგაზრდული პარტიოტული კლუბის „პუტინის“ დაფუძნება – რომლის ინიციატორებად გამოვიდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პატრიოტული კლუბი „რამზანი“ და „ედიანია როსსიას“ რეგიონალური ორგანიზაცია. „ვლადიმერ პუტინი ჩემი კუმირია, მისი სიბრძნისა და შორსმჭრეტელობის შედეგია ჩეჩნეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დასადგურება“ – განაცხადა რამზან კადიროვმა.

ამასობაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია ჩეჩენი მასწავლებლის წამებასა და 2 ჩეჩენი გოგონას გატაცებაში დამნაშავედ სცნო. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2000 წელს 50 წლის ჩეჩენ მამაკაც მასწავლებელს მილიციელებმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი მარცხენა ყური მოაჭრეს. მოსამართლეთა თქმით, ისინი შოკირებული იყვნენ, რომ მსგავსი საზარელი დანაშაული მილიციელებმა ჩაიდინეს, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენენ. რუსეთს დაზარალებულის სასარგებლოდ 79 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს.

მეორე საქმე 2002-2003 წლებში ჩეჩენი გოგონების გატაცებას და გაუჩინარებას ეხება. სასამართლოს დადგენილებით, რადგან გატაცებულები დღემდე ვერ იპოვეს, შეიძლება ისინი გარდაცვლილებიც არიან. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთმა არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება საქმის გამოსაკვლევად და ამით დამატებითი მორალური ზიანი მიაყენა გატაცებულების ნათესავებს. მათ სასარგებლოდ რუსეთს 321 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

„რუსეთისათვის მდგომარეობა ჩრდილო კავკასიაში, მთლიანობაში, რჩება შიდაპოლიტიკურ პრობლემად“ – ასეთ დასკვნას აკეთებს „Левада центр“–ი ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით.

რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობის აზრით, მდგომარეობა თუმცა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ უკიდურესად ფეთქებსაშიშია. გამოკითხულთა მხოლოდ 12%–ს მიაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლება ახლო მომავალში შეძლებს ჩრდილო კავკასიაში ასე თუ ისე სტაბილური მდგომარეობის დამკვიდრებას. რესპოდენტთა 27% თვლის, რომ როგორც ფედერალური ისე ადგილობრივი ხელისუფალნი ამას ვერ მოახერხებენ, ხოლო 38% ვარაუდობს, რომ ამისათვის საჭირო იქნება მრავალი წელი.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე რუსეთის მოქალაქეთა გათვითცნობიერება ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების პრობლემებში – თუ 2006 წელს რესპოდენტთა 26%–ს უჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე – რა ხდება ამ რესპუბლიკებში – ამჟამად ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%–ს შეადგენს.