მოლდოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დელეგაციები გამოაძევეს

მოლდოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დელეგაციები გამოაძევეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს, მოლდოვის მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც დეფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების დეპორტაცია მოახდინეს.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციები თვითმფრინავის რეისიდან მოხსნეს და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. ე.წ. დელეგაციები მოლდოვიდან გააძევეს და მათ ქვეყანაში შესვლა 10 წლით აეკრძალათ.

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს მოლდოვის მხარის მიმართ, მის ქმედებებს დაუშვებელად და დისკრიმინაციულად მიიჩნევს, მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე, მოლდოვურ-დნესტრისპირული კონფლიქტის საერთაშორისო შუამავლებს, მომხდარს შესაბამისი შეფასება მისცეს", - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობდა, ტირასპოლში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდა. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, მოლდოვის მთავრობაში განმარტებაც, თუ რამ განაპირობა მათი ქმედება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციით, მოლდოვის მხარემ აღნიშნა, რომ "ღონისძებებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობა, თითქოს მათი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს"

"მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, საქართველოსთან იდენტური პოლიტიკის დემონტრირებას ახდენს. ის მიმართულია მეზობელი ქვეყნების და მისი მოქალაქეების იზოლაციაზე და დისკრიმინაციაზე. მოლდოვის პროვოკაციული ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება გადაადგილების თავისუფლების უნივერსალურ უფლებას", - აღნიშნავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.