თელავის 100-მილიონიანი პროექტი „ჰაერზე იწყება“

თელავის 100-მილიონიანი პროექტი „ჰაერზე იწყება“

თელავის 100-მილიონიანი რეაბილიტაცია 2 კვირაში უნდა დაიწყოს, ჯერჯერობით კი მისი პროექტი თვალით არავის უნახავს. გამოქვეყნებაზე ლაპარაკი ზედმეტია, პროექტი არ აქვთ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთ სტრუქტურაში. ასეთი რეალობით საკმაოდ შეწუხებულნი არიან სპეციალისტები. ისინი ეჭვობენ, რომ თელავიც სიღნაღის ბედს გაიზიარებს.

თელავში სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დაიწყება. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ზუროშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ქუჩის და ერეკლე მეფის სამუზეუმო კომპლექის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის შემდეგ ერეკლეს სასახლე ნაწილობრივ შეიცვლება. თელავის რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ჩოლოყაშვილის, მერაბ კოსტავას, ნადიკვრის, ანტონ კათალიკოსის და ლეონიძის ქუჩებზე, ერეკლე მეორის გამზირზე, ვახვახიშვილების გალავნისა და ჭავჭავაძის მოედანზე მდებარე 152 ბინას და სხვა შენობებს.

„რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. გაკეთებულია ხარჯთაღრიცხვა. არქიტექტორების მიერ დამუშავებულია პროექტები. გამოცხადებულია ტენდერი სამუშაოების შესასრულებლად. ბინებზე ფასადური შეკეთება მოხდება. სრულად განახლდება საკომუნიკაციო სისტემები, რომლებიც მიწის ქვეშ განლაგდება. პროექტზე თბილისიდან მოწვეული არქიტექტორთა ჯგუფი მუშაობდა, ვინც დაამუშავა ძველი თბილისის არქიტექტურა. ძალიან ლამაზი პროექტებია. თელავი ზღაპრული სილამაზის ქალაქი გახდება“, - განაცხადა ზუროშვილმა.

ერთი სიტყვით, კახეთის მთავარი ქალაქის რეაბილიტაცია საცაა დაიწყება, მაგრამ რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ერეკლე მეფის სასახლის რეკონსტრუქციაც იგეგმება, ხელმისაწვდომი არ არის. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა პროექტი ვერც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ვერც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ვერ მიიღო.

„პრესსამსახურის ორივე თანამშრომელი მივლინებაშია. კანცელარიაში პროექტი არ გვაქვს. როცა გვექნება, ვებგვერდზე ავტვირთავთ“, - განუცხადა კახეთის საინფორაციო ცენტრს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომელმა ნინო ფხაკაძემ.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროექტს არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასაჯაროებს. პროექტი არც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აქვთ, არადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პეტრე კიკნაძის განცხადებით, ტენდერის შედეგად გამარჯვებული ორგანიზაციები უკვე გამოვლინდნენ და სამუშაოები 15 მარტს დაიწყება.

ჯერჯერობით კი ქალაქის რეაბილიტაცია იმით „დაიწყო“, რომ თელავში ტურისტული კომპლექსი „ზუზუმბოს“ მშენებლობა გადააიდო. თელავის გამგებლის პეტრე კიკნაძის ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობას ამჯერად გაზაფხულზე შეუდგებიან და 2012 წლის ბოლოს დასრულდება, არადა მშენებლობის დაწყება თებერვალში იგეგმებოდა.

როგორც კიკნაძე აცხადებს, „ზუზუმბოს“ ტერიტორიაზე ჯერ მხოლოდ გარე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და მშენებლობა თელავის რეაბილიტაციის პარალელურად გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დასასვენებელ კომპლექსში 5 კოტეჯი განთავსდება, რომლებსაც წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე შეემატება. პეტრე კიკნაძის განცხადებით, ტერიტორია ნაძვნარითაა დაფარული და დიდი რაოდენობით კოტეჯების აშენების უფლებას კერძო ინვესტორს თელავის გამგეობა არ მისცემს. თუმცა, „ზუზუმბოს“ ტერიტორიაზე ათეულობით კომპლექსი აუცილებლად აშენდება და დასასვენებელი ცენტრის დასრულების შემდეგ, როგორც გამგეობაში აცხადებენ, თელავი ერთ–ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა.

კახეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის რეაბილატაციას სპეციალისტები ფრთხილად ეკიდებიან. „ჩემს კოლეგებთან, პროფესიონალებთან ერთად მქონდა საუბარი ამ საკითხზე და ჩვენი აზრით, მთავარია თავისი ეპოქის სახე ჰქონდეს შენარჩუნებული თითოეულ ნაგებობას. მაგალითად, ჩარგალში ვაჟა ფშაველას სახლი დაშალეს, საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე. ვაჟაობაზე რომ ავედით, ვაჟას ძველი სახლის ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობდით, დაგვხვდა ახლადაშენებული სახლი, რომელსაც ვაჟასთან არაფერი საერთო აღარ ჰქონდა.

ახლა ასეთი ამბავია სიღნაღშიც. ჩამოდიან ტურისტები, განსაკუთრებით ისინი ვისაც ურთიერთობა აქვს არქიტექტურასთან. უყურებენ ამ ახალ ნაგებობებს. ურჩევნიათ, ძველ სარდაფში ჩავიდნენ, ვიდრე ახალგაკეთებულ შენობებში, რომლებსაც ახლადდამზადებული კრამიტი, ხე-მასალა და აგური აბსოლუტურად უკარგავს იმ ფასს და სილამაზეს, რასაც პირვანდელი ჰქვია“, - აცხადებს ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი რჩეულიშვილი.