ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებსაც თბილისი ნატო-სკენ მიჰყავთ, უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა პროვოკაციული ნაბიჯია.
"ჩვენი აზრით, ეს ნაბიჯი ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ისახავს მისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებას, რისთვისაც იგი ხშირად იყენებს თავისი პარტნიორი ქვეყნების რესურსებს", - განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებსა და თბილისს შორის კავშირების გაღრმავება რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების დაძაბვას გამოიწვევს.
მისივე თქმით, რუსეთი თავის მოვალეობას შეასრულებს და უზრუნველყოფს თავისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.
ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გუშინ გაიხსნა.
ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.