იენს სტოლტენბერგმა ანდერს ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი მოინახულა

იენს სტოლტენბერგმა ანდერს ბრეივიკის მიერ მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი მოინახულა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგმა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მას მრავალი ინფორმაცია წაუკითხავს თამთა ლიპარტელიანის შესახებ.

"მინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით. მე მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა,"- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვთქვი თქვენთან შეხვედრის სურვილი და პრემიერმა სწრაფად მოახდინა ამის ორგანიზება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი,"- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.