ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მოსახლეობის 10 პროცენტი დევნილობაშია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტს მიესალმა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ერთი წლის წინ უელსიდან საქართველო დაბრუნდა მნიშვნელოვანი პაკეტით, რომელმაც მისცა ჩვენს ქვეყანას საშუალება, კიდევ უფრო გაეღრმავებინა და აემაღლებინა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, პაკეტით, რომლის ძირითადი მიზანი იყო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში.

დღეს გენერალურ მდივანთან ერთად ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი კომპონენტი ამ პაკეტისა წვრთნისა და შეფასების ცენტრია, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მაგრამ ასევე მისცემს შესაძლებლობას, წევრი ქვეყნების და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს უფრო ეფექტურად და კვალიფიციურად მოემზადონ საქართველოში.

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯითაც ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან მიმართებაში.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მოსახლეობის 10 პროცენტი დევნილობაშია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან და ვართ ნომერ პირველი კონტრიბუტორი არა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების დეტალები. საუბარი შეეხო ასევე იმ ინტენსიურ მუშაობას, რომელსაც საქართველო და ნატო ერთად განახორციელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს შინაარსიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.