ბათუმის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად აზიის განვითარების ბანკი 20 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

ბათუმის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად აზიის განვითარების ბანკი 20 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა.

როგორც აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, აღნიშნული სესხი ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შავი ზღვის ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებას მოხმარდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, რომლის მოსახლეობაც 150 000-ს აჭარბებს, ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში; ბათუმის სანაპირო საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სტუმრებს მასპინძლობს. 

„აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლის ეროზიის შეჩერებას“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარებისა და წყლის განყოფილების დირექტორმა ანანდ ჩიპლუნკარმა.

მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეოთხე დამტკიცებული ტრანშია. პროგრამა 2010 წელს ADB-ის მიერ დამტკიცებული 300 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მრავალტრანშიანი ინსტრუმენტის ნაწილია. აღნიშნული სესხი სრულად მოხმარდება ბათუმის სანაპირო ზოლის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გამაგრებას სადაც ეროზია ემუქრება სანაპიროს, გზის, ველოსიპედებით სავალი ბილიკების და შენობების უსაფრთხოებას. 

„პროექტი იქნება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და სარგებელს მოუტანს ქალაქის მოსახლეობას“, - დასძინა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარების სპეციალისტმა ბერტრან გოალუმ.

„აზიის განვითარების ბანკის კომერციული რესურსებიდან დაფინანსებული აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბანკის მიერ საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, გზებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის ფარგლებში,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ქეითი ჯულიანმა.

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. ADB საქართველოს 2007 წლიდან უწევს დახმარებას. 2014 წლისთვის ADB-ის მიერ საქართველოსადმი გაწეულმა დახმარებამ შეადგინა 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, მათ შორის დამტკიცებული სესხების და ტექნიკური დახმარების გრანტების სახით.