"სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა საქართველოდან გაქცევას აპირებს!"


მიხეილ სააკაშვილს თელავის ბაზარში შეხვდა ერთი სანდომიანი ქალბატონი, პროფესიით ექიმი, რომელმაც პრეზიდენტს თავისი გულისტკივილი გაუზიარა და უთხრა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც მას ესაჭიროებოდა, 10-ჯერ აღემატებოდა მისი ოჯახის ბიუჯეტს.

ამ ფაქტით შეწუხებულმა პრეზიდენტმა, საკუთარ თავზე კიდევ ერთი ახალი ინიციატივა აიღო და გადაწყვიტა, რომ სექტემბრიდან (გვინდა თუ არა, მაინც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება), ყველა პენსიონერის ჯანმრთელობა დააზღვიოს...

"2012 წელს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის წლად ვაცხადებთ!" _ განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან და საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმების მთავარი მესიჯები მიაწოდა:

1. საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის საავადმყოფოები გაიხსნა!

2. 30 დღეში გავხსენით 30 ახალი საავადმყოფო!

3. შეპირებული 100 საავადმყოფოს ნაცვლად ქვეყანაში უკვე 130 ახალი საავადმყოფოა!

4. სექტემბრიდან 650 000 პენსიონერი და 300 000 ბავშვი დაემატება დაზღვეულთა რიცხვს!

"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ანდრია ურუშაძეს ესაუბრა:

- უხარისხო მომსახურების აღკვეთა, ხელმისაწვდომობის გარდა, პაციენტის უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხზე ზედამხედველობა ის პრიორიტეტები იქნება, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დაგვავალა და ბუნებრივია, ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი.

- ეს მხოლოდ სამომავლო პერსპექტივაა, თუ კანონის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება?

- მინდა გითხრათ, რომ მზად არის როგორც მედიაციის, ისე ახალი რეგულაციების კანონი. კანონმდებლობების უმრავლესობა უკვე განხილულიც არის პარლამენტში. მაგალითად, მედიაციის შესახებ ცვლილებები, რომელიც შევიდა სამედიცინო საქმიანობის შესახებ კანონში, პირველი მარტიდან ამოქმედდება.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება ვინმემ იკითხოს, რა საჭიროა თანამედროვე კლინიკა, თუ არ მაქვს მკურნალობის ფულიო. ამ კითხვას ძალიან ბევრი მოქალაქე სვამს...

- ერთ დღეში ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. როცა ვამბობთ, რომ ახლა ყოველი მე-4 ადამიანია დაზღვეული, წლის ბოლოს კი ყოველი მე-2 იქნება და სადაზღვევო მომსახურება თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება, ეს არის ის ხედვა, რომელიც პრეზიდენტმა გაახმოვანა. ყოველწლიურად გაიზრდება დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობა. ეს არის ჩვენი ამოცანა.

- რამდენად რეალურია სექტემბრისთვის 650 000 პენსიონერისა და 300 000 ბავშვის დაზღვევა?

- რეალურია, იმიტომ რომ ეს იყო ბიუჯეტით გათვალისწინებული და იმიტომ, რომ სექტემბრიდან ვაზღვევთ. ისევე, როგორც დავაზღვიეთ მილიონზე მეტი მოქალაქე. სექტემბრისთვის ერთი ამდენი დაემატება.

- ერთია დაზღვევა და მეორე - მომსახურების პირობები. რამდენად კარგი პირობები ექნებათ ამ ადამიანებს?

- ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა.

ჯანდაცვისა და დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრეტენზია პრეზიდენტთან "ქრისტიან-დემოკრატებს" ჰქონდათ. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, პრეზიდენტმა მათი არა ერთი ინიციატივა მიითვისა.

- ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან მძაფრი რეაქცია გქონდათ პრეზიდენტის სიტყვებზე, როდესაც მან განაცხადა, რომ სექტემბრიდან 650 000 პენსიონერსა და 300 000 ბავშვს დააზღვევენ. არარეალურად მიგაჩნიათ ეს ციფრები?

- ახლავე აგიხსნით, რატომ მქონდა ასეთი რეაქცია. ფაქტობრივად, ბოლო სამი წელია, "ქრისტიან-დემოკრატები" ვითხოვდით, რომ სახელმწიფოს აეღო პასუხისმგებლობა ყველა ასაკობრივ პენსიონერზე და სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე. ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივები აღმოჩნდება ხელისუფლების ხელში და გახორციელდება. უბრალოდ, მათ არა აქვთ იმის უნარი, აღიარონ მაინც, თუ ვისი ინიციატივა იყო. არა უშავს, ჯანდაბას! მთავარია გახორციელდეს.

პრობლემა სხვა რამეშია: სახელმწიფო ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს სადაზღვევო კომპანიებს. ათეულობით მილიონი ლარი ააღებინეს სესხად ამ საავადმყოფოების ასაშენებლად. ყველაფერთან ერთად, ასაკობრივი პენსიონერების სახით, სადაზღვევო კომპანიებს დაემატებათ უზარმაზარი რისკფაქტორის ჯგუფი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ არა მხოლოდ 5-წლამდე, არამედ 18-წლამდე ასაკის ბავშვებიც დააზღვიონ, რაც გადაფარავს იმ თანხებს, რაც რისკფაქტორ ჯგუფს უკავშირდება. შესაბამისად, არც სადაზღვევო კომპანიები დაიხრჩობიან.

- შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიებმა საკუთარი სურვილით შეწყვიტონ მუშაობა ამ კაბალური პირობების გამო?

- სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა საქართველოდან გაქცევას აპირებს. იმიტომ, რომ საშინელი კრიზისით ჩაამთავრეს 2011 წელი და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდებიან 2012 წლის ბოლომდე. სადაზღვევო სისტემის დანგრევას კი ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც დაზღვეულები არიან, იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიებს ფინანსები აღარ აქვთ, ვერ სარგებლობენ თავიანთი პაკეტით.

მიუხედავად იმ შენიშვნებისა, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატებს" ჯანდაცვისა და დაზღვევის რეფორმების მიმართ აქვთ, პრეზიდენტი კმაყოფილია თავისი მიღწევებით. უფრო მეტიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ჰოლანდიელებს ქართული ჯანდაცვის სისტემის თავიანთ ქვეყანაში გადაღება სურთ!"

უკმაყოფილოებისთვის კი პრეზიდენტს ასეთი პასუხი აქვს: "ვისაც ჩვენი გახსნილი საავადმყოფოები არ მოსწონს, ისევ იქ იაროს, სადაც ანტისანიტარია და აყრილი იატაკია!"