თავისუფალი ვაჭრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქვეყნისთვის

თავისუფალი ვაჭრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქვეყნისთვის

ამერიკასთან თუ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, შესაძლოა, ფარატინა ქაღალდად დარჩეს, ხოლო ეს შესანიშნავი საშუალება ქვეყნისთვის ფუჭი აღმოჩნდეს. ექსპერტთა აზრით, ჯერჯერობით თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები რაიმე სიკეთეს ვერ მოგვიტანს, რადგან საკუთარი ეკონომიკა, ფაქტობრივად, უფსკრულისკენ მიექანება.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ერთ თვეში გაიმართება. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსის თამარ კოვზირიძის თქმით, შეთანხმება საკმაოდ ყოვლისმომცველი იქნება და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს მთლიანად დაარეგულირებს.

„იმედი გვაქვს, ეს პროცესი ნაყოფიერად წარიმართება. პირველი რაუნდი იქნება დღევანდელი ფორმალური გახსნის შემდეგ, მარტის ბოლოს. მოლაპარაკებების დასრულებას დაახლოებით ორი წლის ვადაში ვვარაუდობთ“, - განაცხადა მან. მოლაპარაკებების გახსნას ოფიციალურად ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი თბილისში გამოაცხადებს. ვიზიტის ფარგლებში იგი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება.

თუკი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე იწყება, აშშ-ში სავაჭრო კარის გახსნაზე საუბარი სულ რამდენიმე კვირაა რაც დაიწყო კარნეგის ცენტრის მკვლევარი თომას დე ვაალი ამბობს, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იყო ის, რაც თეთრ სახლს შეეძლო სააკაშვილისათვის ახალი თავდაცვითი შეთანხმების სანაცვლოდ შეეთავაზებინა. „ეს სააკაშვილისათვის დიდი პოლიტიკური ჯილდო იქნებოდა“, - ამბობს ვაალი, რადგან აშშ-ს დღეს არა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ვაშინგტონს სოლიდური თანხები აქვს ჩადებული საქართველოში. არსებობს პოლიტიკური ინტერესები, არსებობს პერსპექტივები და არ შეიძლება აშშ დაინტერესებული არ იყოს საქართველოს სტაბილური მდგომარეობით, ანდა მისი ეკონომიკური ან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობებსებით. ეს მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოში არსებობს, არ შეიძლება სასარგებლო იყოს აშშ-ს გრძელვადიანი ინტერესებესათვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაში.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რას მოუტანს უბრალო ქართველ მეწარმეებს ევროკავშირთან თუ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები? ამ მხრივ სპეციალისტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

„ჩვენ დღეს ბევრი არაფერი გაგვაჩნია აშშ-ს ბაზარზე გასატანად. საქართველოს ეკონომიკა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ასეთი ღია რეჟიმი შტატებისთვის არანაირ საფრთხეს და კონკურენციას არ წარმოადგენს. ბუნებრივია, აშშ ასეთ რეჟიმს არ დაუშვებს არც ჩინეთთან, არც რუსეთთან და არც ევროპის წამყვანი ქვეყნებთან.

იმ ქვეყანაში სადაც 2011 წელს იმპორტი ერთი წლის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა, ანუ საქართველოში, შეუძლებელია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა რაიმე სიკეთე მოგიტანოს, რადგან საკუთარი ეკონომიკა, ფაქტობრივად, უფსკრულისკენ მიექანება და მას ფორმალურად აშშ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება ბევრს არაფერს მისცემს. ეს შესანიშნავი საშუალება შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს, თუ ეკონომიკურ პოლიტიკაში არაფერი შეიცვალა“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

მისი აზრით, პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ის, რომ საქართველოში მეწარმეობას უნდა მიეცეს იმგვარი ფუნქციობის საშუალება, როგორც ეს გააჩნია დასავლეთის თუ აღმოსავლეთის განვითარებულ ქვეყნებს.

„მონოპოლიზირებულ ეკონომიკურ სისტემაში, სადაც ბიზნესის წარმოება მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერითაა შესაძლებელი, ადმინისტრირება ყოველგვარ საზღვრებს სცილდება, საკუთრების უფლებები მინიმალურ დონეზეც დაცული არ არის, არ არსებობს კონკურენცია, საუბარი იმაზე, რომ შეიძლება აშშ-ს ბაზარზე რაიმე გავიტანოთ, ილუზორული ჩანს. დიდი პატივია, რომ გაგიხსნეს მსოფლიოს უდიდესი ბაზარი, მაგრამ თუ ვერ გამოიყენებ, ვის გინდა დააბრალო?“ - აცხადებს გიორხელიძე.