მაკა ხარაზიშვილი, “რეზონანსი”
სემეკსა და ენერგეტიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მოსახლეობისთვის დენი არ გაძვირდება. სამინისტროს ინფორმაციით, "ინტერ რაოს" "ხრამჰესებისთვის" გაზრდილი წარმოების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფზე არ იმოქმედებს და იგი საექსპორტო დენს შეეხება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე დენი კომპანიას თვითონ გააქვს და მას ტარიფებს არავინ არ უდგენს. შესაბამისად, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ხრამჰესებისთვის" გაზრდილი ტარიფი, რომელსაც "თელასის" გავლით თბილისის მოსახლეობა ყიდულობს, სწორედ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის წინაპირობაა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის თქმით, ტარიფის გაზრდა 2024 წლამდე დღის წესრიგში არ დგას. "სულ მცირე 2024 წლამდე ტარიფების გაზრდა არ მოხდება. ერთადერთი, თუ ამის საშუალებას სხვადასხვა გათვლები მოგვცემს, შეიძლება, ტარიფის კლებაზე ვიფიქროთ", - განმარტა ჩალაგაშვილმა.
"რეზონანსი": "ხრამჰესების" მიერ გენერირებული ელექტროენერგია მოსახლეობას მიეწოდება. ამ ჰესებისთვის გაზრდილი წარმოების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ მოახდენს?
გურამ ჩალაგაშვილი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოსახლეობას დენი არ გაუძვირდება და "ხრამჰესების" მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაზე გაწერილი ტარიფი სამომხმარებლო ტარიფში არ მოხვდება.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორს ხელშეკრულებაში ჩაუდეს, რომ მოსახლეობისთვის განკუთვნილი დენის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტრო არათუ ხელშეკრულებებს, არამედ მემორანდუმებსაც კი საზოგადოებისთვის მიუწვდომელს ხდის და "რეზონანსს" ამის გამოცდილება უკვე აქვს. მიუხედავად ამისა, "რეზონანსი" კიდევ ერთხელ შეეცადა ენერგეტიკის სამინისტროსგან ხელშეკრულება (ან თუნდაც ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც "ხრამჰესების" მიერ დადგენილ ტარიფის ნაწილს შეეხებოდა) გამოეთხოვა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ხეთაგურის უწყებაში ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ასე რომ, ენერგეტიკის სამინისტრო მხოლოდ სიტყვიერ დაპირებას იძლევა, იურიდიულს კი - ვერა.
შეგახსენებთ, რომ "რეზონანსის" რამდენიმეწლიანი მცდელობის მიუხედავად, "ენგურჰესის" მართვასთან დაკავშირებით "ინტერ რაოსა" და ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის არათუ ტექსტი, არამედ სათაურიც კი არ გახდა საჯარო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ინტერ რაო" და ენერგეტიკის სამინისტრო ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციებს ავრცელებდა. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების წარმოდგენის გარეშე, ენერგეტიკის სამინისტროს ზეპირი განცხადებები უკვე ნაკლებად სარწმუნოა.
ფაქტი არის ის, რომ ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით (სემეკის დადგენილება), რომელზედაც "რეზონანსი" უკვე საუბრობდა, 2014 წლიდან "ხრამჰესების" წარმოების ტარიფი 6 თეთრით გაძვირდება. კერძოდ, 2011 წლის აპრილამდე "ინტერ რაოს" "ხრამჰესი-1" და "ხრამჰესი-2" 25-წლიანი მართვის უფლებით ჰქონდა. აპრილში კი საქართველოს მთავრობამ რუსულ კომპანიას ჰესები მუდმივ მფლობელობაში გადასცა.
რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, "ხრამჰესი-1"-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი 2,3 თეთრიდან 8,2 თეთრამდე გაიზრდება. ასევე, "ხრამჰესი-2"-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგია 3,5 თეთრიდან 9,4 თეთრამდე მოიმატებს. "ხრამჰესებთან" ერთად "ინტერ რაო ეესი" საკუთრებაა სს "თელასი", რომელიც სხვა ენერგოწყაროებთან ერთად მოსახლეობაზე "ხრამჰესების" მიერ წარმოებულ ელექტროენერგიასაც ყიდის.
"ეს ინფორმაცია არასწორია. "ინტერ რაო ეესთან" გაფორმებული ხელშეკრულება იმ პირობებს, რაზეც მედია წერს, არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება არ იგეგმება", - განაცხადეს ენერგეტიკის სამინისტროში და დაამატეს, რომ ეს ტარიფი ექსპორტისთვის განისაზღვრა.
სემეკში კი აღნიშნეს, რომ საექსპორტო ტარიფი არის თავისუფალი და მას ორგანიზაცია არ ადგენს. აქედან გამომდინარე, სპეციალისტების განმარტებით, თუ "ხრამჰესების" მიერ წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტისთვის არის განკუთვნილი, ამ ჰესების მიერ გენერირებულ დენს არანაირი სატარიფო ზღვრის დადგენა არ სჭირდება. კერძო კომპანია საკუთარ წარმოებულ პროდუქციას (ამ შემთხვევაში ელექტროენერგიას), საზღვარგარეთ რა ფასადაც უნდა იმ ფასად გაიტანს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს და ამის უამრავი მაგალითი არსებობს (წყლის ტარიფი, ტრანსპორტი). ხელშეკრულებებში ჩადებული პირობები კი არ იცვლება.
მთავრობა, რამდენიმე წლის წინათ მოსახლეობას დაპირდა, რომ როდესაც ელექტროენერგეტიკაში ჰიდრორესურსების წილი გაზრდის შემდეგ, მოსახლეობისთვის, ე.წ. სოციალური ტარიფი გაიაფდებოდა. მთავრობაში არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს არ აქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ აქვს ჰიდრორესურსები, შესაბამისად, ამ რესურსების გამოყენება მოსახლეობის საკეთილდღეოდ უნდა მოხდეს.
სხვათა შორის, აზერბაიჯანში, როგორც მწარმოებულ ქვეყანაში, აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის 1 ლიტრი დიზელი, დაახლოებით, 1 ლარი ღირს, ბენზინი კი - 1,2 ლარი.
ტარიფის გაიაფებას არ უნდა ველოდეთ. საქართველო ჰიდროენერგეტიკის მწარმოებელი ქვეყანაა და ქართველი მოსახლეობა საკუთარ ქვეყანაში გენერირებულ დენს, რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირად ყიდულობს. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ჰესის "ენგურჰესის" მიერ წარმოებული 1-თეთრიანი ტარიფი მხოლოდ მოსახლეობას მიეწოდება. რეალურად კი დენი საქართველოში 13 თეთრიდან 18 თეთრამდე ღირს.
ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია მოსახლეობისთვის 5,41 ცენტი, დაახლოებით, 9 თეთრი ღირს. უკრაინაში კი მოქალაქეები იგივე ოდენობის ელექტროენერგიაში დაახლოებით 5 თეთრს იხდის (უკრაინაში ერთი კილოვატი 2,7 ცენტი ღირს). 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 5 თეთრს იხდიან ბელორუსელი მომხმარებლებიც. სომხეთში დენის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრია, ყაზახეთში - 7,5 თეთრი, მოლდოვაში კი - 11,4 თეთრი.
ახლა რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, კერძოდ, ბულგარეთს, რუმინეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს. ყველა ამ ქვეყანაში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია თითქმის იგივე ღირს, რაც საქართველოში. მაგალითად, ბულგარელი აბონენტები 1 კვტ ელექტროენერგიაში 9 ცენტს, დაახლოებით, 15 თეთრს იხდიან, ესტონელი, ლიტველი და რუმინელი მომხმარებლებისთვის 1 კვტ/სთ ელექტროენერგია 10 ცენტი, დაახლოებით, 16,5 თეთრი ღირს. 12 ცენტის, დაახლოებით, 19 თეთრის გადახდა უწევთ ლატვიელ აბონენტებს.
977
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85