ბათუმში სასტუმრო "კოლიზეუმის" გახსნის დროს, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება, ინციდენტი მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, აფხაზეთიდან დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრთან მისვლა და გასაუბრება უნდოდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირების დროს მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა ქალბატონებსა და პოლიციელებს შორის. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად იყო მისული, პოლიციელმა ხელში აიყვანა და ტერიტორიიდან გაიყვანა.
როგორც აფხაზეთიდან დევნილი გული ზაქარაია აცხადებს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 8 აგვისტოს, მათ პრემიერისგან წერილი მიიღეს, სადაც დახმარებას ჰპირდებოდნენ. დევნილები ითხოვენ, პრემიერმა დანაპირები შეასრულოს.
მოსახლეობა სასტუმრო "კოლიზეუმის" გვერდით არის შეკრებილი, პრემიერ-მინსიტრი კი ამ წუთებში სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობს.