პარალიზებული საფრანგეთი: მასობრივი გაფიცვა, მილიონიანი პროტესტი, გადამწვარი ქუჩები და პოლიციასთან შეტაკებები - დემონსტრანტები ახალი მთავრობისგან საბიუჯეტო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ

პარალიზებული საფრანგეთი: მასობრივი გაფიცვა, მილიონიანი პროტესტი, გადამწვარი ქუჩები და პოლიციასთან შეტაკებები - დემონსტრანტები ახალი მთავრობისგან საბიუჯეტო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ

შეტაკებები პარიზის ქუჩებში დილიდან დაიწყო. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში დემონსტრანტებმა ბარიკადები ააგეს. ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკით უკმაყოფილო მომიტინგეებმა ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო დაწესებულებების ბლოკირება და სატრანსპორტო კვანძების პარალიზება სცადეს.

ძალოვნებმა მიტინგების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, ხელკეტები, წყლის ჭავლი და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს. დაკავებულია ათობით მოქალაქე. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.

ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვას მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა. პარიზთან ერთად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებია ლიონში, ნანტში, მარსელში, მონპელიეში და ლილში. პროტესტის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.

მოთხოვნას უერთდება ქვეყანაში მოქმედი ყველა პროფკავშირი და წინა მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკის გადახედვას ითხოვს. ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობისთვის წაყენებულ პირობებს შორისაა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე უარის თქმა და საზოგადოების მდიდარი ფენისთვის გადასახადების მომატება.

ფრანგული მედია წერს, რომ საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდა ქვეყნის მზარდი საგარეო ვალის გამო, წინა მთავრობის მიერ ბიუჯეტის შემცირების იდეა, რომელიც მოიცავდა მოხელეების ხელფასებისა და სოციალური დახმარებების გაყინვას, პენსიების გადახედვასა და სამედიცინო სერვისების გაძვირებას. ამ ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს და პრემიერ-მინისტრი გადააყენეს.