სკანდალური გადაწყვეტილება აჭარაში. პეტრას ისტორიული ციხე-ქალაქი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად

სკანდალური გადაწყვეტილება აჭარაში. პეტრას ისტორიული ციხე-ქალაქი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად

აჭარაში აზიზიეს მეჩეთის სკანდალის პარალელურად, კიდევ ერთი სკანდალური გადაწყვეტილება ხდება ცნობილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ციხისძირთან, პეტრას ისტორიული ციხე-ქალაქი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად "ჯორჯიან ინვესტ კომპანიას" 49 - წლიანი ვადით გადასცა.

"ვერსიის" წყაროს ცნობით, აღნიშნული კომპანიის მფლობელნი უკრაინელები არიან, რომელთანაც ეკონომიკის სამინისტრო ბოლო კონსულტაციებს მართავს. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიაზე ნახევარი მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, ხოლო პეტრას ციხე 3 200 კვმ ფართთან ერთად გასხვისდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბარია მხოლოდ იჯარით გასხვისებაზე. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ახლა მიმდინარეობს და დეტალები 15 მარტისთვის გახდება ცნობილი.

როგორც "ვერსიას" მუზეუმ-ნაკრძალის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა განუცხადა, ისტორიული ციხესიმაგრის გაყიდვა, თანაც სიმბოლურ ფასად, რეალურია. მისივე განცხადებით, უკვე ახალი რეალობიდან გამომდინარე, დატოვა დირექტორის თანამდებობა და ყველა დოკუმენტაცია საბუღალტრო სამსახურს გადააბარა. ირაკლი ჩავლეიშვილს დაუშვებლად მიაჩნია ბიზანტიური პერიოდის ანბანის, მე- 6 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნაშთებისა და მე- 16 საუკუნის ერთნავიანი ბაზილიკის, მათთან ერთად სხვა ისტორიული მნიშვნელობის ნიმუშების გასხვისება და კერძო მფლობელის ხელში გადასვლა. იგი საქმეში საქართველოს საპატრიარქოს დაუყოვნებლივ ჩართვას მოითხოვს.

ირაკლი ჩავლეიშვილი: "გიდასტურებთ, რომ პეტრას ციხე გაიყიდა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად და ციხის გასხვისება მოხდა კომპანია "ჯორჯიან ინვესთ კომპანის" სახელზე, რომლის მფლობელიც უცხოეთის მოქალაქეა. კერძოდ, ესენი გახლავან უკრაინელები. ჩემ ხელთაა ჯერ კიდევ ხელმოუწერელი ხელშეკრულება, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 15 მარტით. სავარაუდოდ, კომპანიასთან ეკონომიკის სამინისტრო 15 მარტს დაასრულებს მოლაპარაკებებს. ხელშეკრულება რუსულ ენაზეა შედგენილი და საუბარია ციხე-ქალაქის 49- წლიანი იჯარით გადაცემაზე. ფაქტობრივად, ეს ხელშეკრულება მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსს აუქმებს. თავიდანვე საუბარი იყო პეტრას და გონიოს ნაკრძალების აჭარის მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადასვლაზე, ახალი ხელისუფლების განწყობები ამ კუთხით ძალიან საიმედო იყო, თუმცა ამაოდ. ამბობენ, გასულ ზაფხულს "ჯორჯიან ინვესთ კომპანის" წარმომადგენლები პრეზიდენტთან ერთად გადაადგილდებოდნენ პეტრას ციხესთან. თითქოსდა, სწორედ ამ დროს შესთავაზა პრეზიდენტმა უცხოელებს აღნიშნული ადგილით დაინტერესება, თითქოს ეს ისტორიული ადგილი პრეზიდენტის საუფლისწულო ყოფილიყოს.

24 წელიწადი ვხელმძღვანელობდი ამ ნაკრძალს და ამ ხნის მანძილზე არაერთი მდიდარი აღმოჩენის მომსწრე გავმხდარვარ. ცოტა ხნის წინ, როცა ციხის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის გადმოცემა მოვითხოვე, რათა იქ ექსპონატები დამებრძანებინა, ეს შენობა გაასხვისეს და იქ რესტორანი გახსნეს. ახალ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დაცვაზე, იმაზე თუ რის გაკეთებას აპირებენ. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული კონკორდატის თანახმად, ამ საქმის კურსში აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქართველოს საპატრიარქო. ეს გასხვისება კი მოხდა მისი გვერდის ავლით.

მორალურად არ ვიქნებოდი მართალი, თუკი აღნიშნული ფაქტის შესახებ საქმის კურსში არ ჩავაყენებდი სამღვდელოებას. ამბავი ვაცნობე მოძღვრებს და ველოდებით მეუფის აჭარაში დაბრუნებას, მასთან შეხვედრას. მიმაჩნია, რომ პეტრა არ უნდა გადავიდეს კერძო პირის მფლობელობაში, უნდა დარჩეს სახელმწიფოს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ. ამის ფინანსური რესურსი დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს გააჩნია, მაგრამ არ მინდა მჯეროდეს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მხოლოდ მილინონიანი ის შენობა-ნაგებობებია, რომელიც ბათუმში იხსნება და სპეციალისტების სერიოზულ შეშფოთებას იმსახურებს".

პეტრა დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული და სამხედრო მნიშვნელობის ცენტრია, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. დღემდე შემორჩენილია ციხის ნანგრევები, ხოლო მისი ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო, ლაზების ამ უძველეს სამოსახლოზე VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანემ ქალაქი გააშენა. აქვე დაარსდა ლაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. აქ გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.

ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მფლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსია სწორედ პეტრას კონტროლზე იყო დამოკიდებული, რაც გახდა კიდეც ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტია-ირანის ომისა. შუა საუკუნეებში მას ქაჯეთის ციხეს უწოდებდნენ, გარკვეული სავაჭრო მნიშვნელობა ჰქონდა XIX საუკუნეშიც. პეტრას აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა, კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნ. სახელწოდება "პეტრა" - ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა. მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიურმა გათხრებმა შიდაციხის გალავანთან ერთად, გამოავლინა სხვადასხვა ნაგებობა, მათ შორის VI- VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.

უცნობია, რა რეაქცია მოჰყვება ციხე-გოჯის გასხვისებას აჭარასა და დანარჩენ საქართველოში. 4 მარტს ბათუმში გრანდიოზული მასშტაბის შეკრება იმართება, სადაც აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას გააპროტესტებენ. მრევლი იუნკერთა საფლავთან ჯვარს აღმართავს - იქ, სადაც წარსულში აზიზიეს მეჩეთი იდგა და თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების სანაცვლოდ, აღდგენა უნდა მოხდეს.