ხელისუფლება სამარშრუტო ბიზნესში მონოპოლიის შექმნას აპირებს

ხელისუფლება სამარშრუტო ბიზნესში მონოპოლიის შექმნას აპირებს

[თეონა ხარაბაძე]

 

თბილისში ახალი წლიდან ადგილობრივ სამარშრუტო ხაზების მუშაობა ახალი წესით და ახალი პირობებით დარეგულირდება. ამ წესს კი თბილისის მთავრობა დაადგენს. პარლამენტი კი სათანადო კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რათა თბილისის მერიას პრობლემები არ შეექმნას.

 

ამ ყველაფერს ხელისუფლება იმით ხსნის, რომ ე.წ. „მარშრუტკების“ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. ასეთია ოფიციალური განმარტება მთავრობის იმ ინიციატივისა, რომელიც ზოგადად ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობის დარეგულირებას შეეხება. თბილისში კი ამ საკითხის გადაჭრა ისე სწრაფად სურთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასაც კი ითხოვენ. თბილისის მერიის ამ გეგმის შესახებ განცხადება გუშინ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ გააკეთა.

 

მისი თქმით, „ხელისუფლებას სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობის მოწესრიგება ცივილიზებული მეთოდებით სურს“ და ამ მიზანს ემსახურება ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა ითვალისწინებს. ამასთან, ცვლილება შევა „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონებშიც.

 

ეს ცვლილება კი იმას გულისხმობს, რომ ადამიანები კომპანიის გარეშე ამ საქმიანობით ვერ დაკავდებიან. თუკი აქამდე თეორიულად მაინც არსებობდა იმის შანსი, რომ ნებართვა კერძო პირს მოეპოვებინა, ახლა მათ ეს შანსიც აღარ ექნებათ. ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ ნებართვების გაცემა კონკურსის წესით მოხდება და ნებართვას ის მოიპოვებს, ვინც სხვაზე უკეთეს წინადადებას შესთავაზებს.

 

დღეს არსებული კანონმდებლობით, თუკი ვინმეს სურს ადგილობრივი რეგულარული გადაყვანის სფეროში საქმიანობა, მან უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და მათგან აიღოს საქმიანობის ლიცენზია.

ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ „ამ სფეროში უწესრიგობაა“ და წესრიგის დამყარება იმით სურს, რომ ლიცენზიის ნაცვლად საჭირო იქნება ნებართვის აღება და თანაც კონკურსის წესით. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ნებართვის გაცემის ფასის, გადახდის წესის და ნებართვის გაცემის წესის დამდგენ ორგანოებს. კანონპროექტი ასევე არუგულირებს იმას თუ ვინ გასცემს ამ ნებართვას და ვინ ადგენს ნებართვის ფასს.

 

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განხორციელდება კონკურსის წესით. ამასთან, კონკურსის ჩატარების წესსა და ნებართვის გაცემის ფასს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო. თბილისის ტერიტორიაზე კი, თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასს განსაზღვრას და ნებართვის გაცემის წესს თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.  ხოლო ნებართვის ფასის გადახდის წესს ამტკიცებს თბილისის მთავრობა.

 

აღნიშნული ინიციატივის განხილვა პარლამენტში ჯერჯერობით არ დაწყებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, თბილისში აღნიშნული რეფორმის გატარება ხელისუფლებას ძალიან ეჩქარება. ყოველ შემთხვევაში, როგორც გიორგი მელაძე აცხადებს, მას თბილისის მერიიდან მიმართეს თხოვნით, რომ აღნიშნული ინიციატია დაჩქარებული წესით იქნას განხილული, რათა წლის ბოლომდე მოესწროს კონკურსების ჩატარებაც კი.

 

„დღესდღეობით ასეა, რომ ყველა იღებს ამ ლიცენზიას. ახლა კი გამოცხადდება კონკურსი და ვინც უფრო კარგ პირობებს წამოაყენებს, ის მიიღებს. ამასთან, აქამდე ლიცენზია გაიცემოდა ერთხელ და ეს კონტროლს შეუძლებელს ხდიდა. ახლა კი გადავდივართ სანებართვო სისტემაზე და ყველა ერთ წელიწადში ან ექვს თვეში მოხდება განახლება. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ ერთის მხრივ შევარჩიოთ ისეთი პირობები, რომელიც უკეთესი იქნება და მეორეს მხრივ, მოხდეს ამ პირობების შესრულების კონტროლი“, - აცხადებს გიორგი მელაძე.

 

ამ კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ლაშა თორდია, ზვიად კუკავა და კახა ანჯაფარიძე არიან, მაგრამ თბილისის მერიის ინტერესებს მაინც გიორგი მელაძე ახმოვანებს. ოპოზიცია მთავრობის ამ რეფორმაში „ახალი მონოპოლიის შექმნის“ საშიშროებას ხედავს.

 

„როდესაც ცხადდება კონკურსი, რა თქმა უნდა, დიდი კომპანია უკეთეს პირობას შესთავაზებს და მთელ ბაზარს ის ჩაიგდებს ხელში. მერე ამას როგორ გამოიყენებს და რას გააკეთებს, ყველა კარგად ვხვდებით. ამიტომაც მგონია, რომ ხელისუფლებაში ვიღაცებს უნდათ, რომ ახალი ბიზნესები შეიქმნან და ახლა ასეთი რაღაც მოიგონეს. იმ ადამიანებმა, რომლის უკანაც ერთი კი არა, ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ოჯახი დგას, რა უნდა ქნან? ბატონ თორდიას ამაზე თუ უფიქრია?“ - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

 

ამასთან, დეპუტატი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სწორედ თბილისში, რადგან შიდა გადაყვანების დიდი წილი სწორედ სამარშრუტო ხაზებზე მოდის. იმ შემთხვევაში კი, თუკი თბილისის მერიას კონკურსის ჩატარება ისე სწრაფად სურს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, რამდენად მომზადებული შეხვდება საზოგადოება და შეძლებს თუ არა საკუთარი ინტერესების დაცვას?

 

რაც მთავარია, ცაგარეიშვილი ეჭვობს, რომ ამ ყველაფერმა, შესაძლოა, მგზავრობის ფასების გაძვირებაც გამოიწვიოს, რაც კიდევ დამატებით პრობლემას შეუქმნის თბილისის მოსახლეობას.