,,7 მილიონი ბილეთიდან ჩვენი ნომერი ამოვიდა. ეს იყო უფლის საჩუქარი, რომელიც წაგვართვეს''
რატომ უჩივის კომპანიას სასამართლოში ოზურგეთელი არქიტექტორი
სკანდალი 15 იანვარს, ,,რუსთავი-2-ის'' ეთერში ,,ბილაინის'' საახალწლო წამახალისებელი ლატარიის გათამაშების შემდეგ აგორდა. როგორც ფრიდონ ჭკუასელი აცხადებს, ,,ბილაინმა'' დაარღვია გათამაშების წესდება. კერძოდ, ტელეეკრანზე აჩვენა დოლურადან ამოღებული მისი ვაჟის, გიორგი ჭკუასელის ტელეფონის ნომრის ბოლო ორი ციფრიც, რის გამოც ხსენებულმა აბონენტმა, ფაქტობრივად, მოგებული დაკარგა, 117 300 ლარის ღირებულების ავტომანქანა ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერი''.
,,ხუთი პრიზი გათამაშდა: ლას ვეგასის სამი საგზური, რომელსაც დაემატა 5-5 ათასი დოლარი, რითაც ერთი საგზურის ღირებულებამ 17 ათასი ლარი შეადგინა და ორი ავტომანქანა ,,ლენდ კრუიზერი''. თითოეულის ღირებულება – 117 300 ლარი გახლავთ. გათამაშებაში სატელეფონო ზარები ჩემმა შვილებმაც განახორციელეს ჩემი ვაჟის, გიორგის ტელეფონით, რომლის ნომერია 592 50 40 00. ბოლო პრიზის, ,,ლენდ კრუიზერის'' გათამაშების პროცესში, წამყვან ანი ქორქიას ბოლო ორი ციფრი არ დაუსახელებია, მაგრამ პირველ დარეკვაზე ნომრის აკრეფისას აშკარად გამოჩნდა, რომ მან ბოლოს ორჯერ დააჭირა თითი ერთსა და იმავე ციფრს. თანაც ეს მოხდა ისე, რომ ტელემაყურებელს არ გაუჭირდებოდა ნომრის ამოცნობა. ჩემი ვაჟის ტელეფონის ნომერი კი, როგორც უკვე გითხარით, ორი ნულით მთავრდება. გათამაშების წესდებით, თუ დოლურადან ამოღებული ნომერი დაკავებულია, მის მფლობელთან, ანუ გამარჯვებულთან კიდევ ორჯერ უნდა სცადონ დაკავშირება. თუ საუბარი მაინც არ შედგა, მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღებენ დოლურადან ახალ ციფრს. მეორედ ტელეფონთან მეორე წამყვანი ვანიკო თარხნიშვილი მივიდა. მას დოლურადან ამოღებული ბილეთი ხელში ეჭირა.
თარხნიშვილმა, ნებით თუ უნებლიეთ, ტელეფონთან ერთად, მსხვილი ხედით გამოაჩინა ჩემი ვაჟის ტელეფონის ნომერი. ცოტათი დაბნეულმა კი თქვა, ბოლო ორი ციფრი საიდუმლოაო, მაგრამ ეკრანზე ყველა ციფრი ჩანდა. ეს ჩემი ვაჟის ტელეფონის ნომერი იყო'', – აცხადებს ,,ვერსიასთან'' საუბრისას ოზურგეთელი არქიტექტორი ფრიდონ ჭკუასელი. სხვათა შორის, იმ დღეებში ოზურგეთში მართლაც გაიგონებდით, რომ ,,ბილაინის'' ლატარიის გათამაშებისას ტელევიზორში მოგებული აბონენტის ნომერი ბოლომდე გამოჩნდაო. იმასაც ამბობდნენ, წამყვანმა მდგომარეობის გამოსწორებაც კი სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ნომერი მთლიანად დავინახეთო. რასაკვირველია, მაშინ არავინ იცოდა, რომ ამ ნომრის მფლობელი ოზურგეთელი იყო. სამწუხაროდ, მფლობელი და არა _ მოგებული. ფრიდონ ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ გათამაშების სხვა მონაწილეებმა, ნომრის დანახვისთანავე, ამ ნომერზე სპეციალურად დაიწყეს რეკვა, რათა ხაზი დაკავებული ყოფილიყო და სამი ცდის შემთხვევაში, წამყვანებისა და მისი ვაჟის საუბარი არ შემდგარიყო. მისი თქმით, მხოლოდ ასე მიეცემოდა სხვა მონაწილეს გამარჯვების შანსი – წამყვანები იძულებული გახდებოდნენ, სხვა ნომერი ამოეღოთ დოლურადან და მანქანა თავიდან გაეთამაშებინათ.
ცხადია, ჭკუასელმა გულზე ხელი არ დაიკრიბა და იმედით, სიმართლეს გავარკვევ და კომპანია კეთილსინდისიერად მომექცევაო, ,,ბილაინის'' წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ,,ბილაინის'' ხელმძღვანელობას განცხადებით მივმართეთ. ერთი კვირის შემდეგ შეგვახვედრეს იურისტი, რომელმაც აღიარა, რომ ჩვენი ნომერი ნამდვილად მთლიანად ჩანდა ეკრანზე. გვითხრა, ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად ვერაფერს გადავწყვეტო და ამ საკითხზე მოსათათბირებლად ორი კვირა ითხოვა. საბოლოოდ, ხელმძღვანელობასთან ჩვენი შეხვედრა არ შედგა. მხოლოდ მოგვწერეს, ჩვენგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო, თქვენთან დაკავშირება ვერ მოხერხდაო. არადა ეს ნამდვილად არ არის ტექნიკური მიზეზი. ეს წესდების დარღვევაა. სწორედ ეკრანზე ბოლო ორი ციფრის ჩვენებას მოყვა ჩვენი ტელეფონის დაბლოკვა. ჩვენ მივიღეთ მორალური ზარალი. დავკარგეთ რეალურად მოგებული ავტომანქანა. წარმოიდგინეთ, 7 მილიონი ბილეთიდან ჩვენი ნომერი ამოვიდა. ეს იყო უფლის საჩუქარი, რომელიც ,,ბილაინმა'' წაგვართვა. იმ დღეს ჩემი ბიჭი და გოგო თბილისში, საღამოს 6 საათზე, მე და ჩემმა მეუღლემ გავაცილეთ. გვეხუმრებოდნენ, ტელევიზორი ჩართული გქონდეთ, დღეს ,,ლენდ კრუიზერს'' ვიგებთო. იმ დღეს 00-დან 19 საათამდე ჩემი ვაჟის ტელეფონზე მხოლოდ ორი შემომავალი ზარი დაფიქსირდა. დოლურადან ნომრის ამოღების წამიდან დღის ბოლომდე კი _ 59 ზარი. გათამაშების მომენტში, როცა ,,რუსთავი-2'' ტელეფონით ჩემს ვაჟთან დაკავშირებას ცდილობდა, 9 ზარია შემოსული. ეს ის ზარებია, რომლებზეც გიორგიმ პასუხის გაცემა მოახერხა, თორემ დანარჩენები გაურკვეველია. მათ შორისაა ერთ-ერთი ,,რუსთავი 2''-დან. ჩვენც ვუყურებდით მთელი განცდით ამ ამბავს. ბედია აბა, რაა, 7 მილიონი ბილეთიდან შენი ამოვიდეს, მაგრამ ალბათ, იმის ბედიც უნდა გქონდეს, რომ ნომერი არ გამოაჩინონ. ეტყობა, იგებს ის ნომერი, რომელსაც არ გა-მოაჩენენ.
სხვას რომ თავი დავანებოთ, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, აფერისტებად მოგვნათლეს. აფერისტების ჯგუფმა კამპანია წამოიწყო და ხალხი აყვა მაგას, ჩვენ ყველა ციფრი დაფარული გვქონდაო, ,,ამტკიცებენ'' და აჩვენებენ მხოლოდ მათთვის სასურველ კადრებს'', _ აცხადებს ფრიდონ ჭკუასელი და იმასაც გვიმხელს, რომ ადვოკატი უკვე აიყვანა და მალე სასამართლოში შეიტანს სარჩელს ,,ბილაინის'' წინააღმდეგ: ,,ამ კომ-პანიამ უხეშად დაარღვია ჩვენი უფლებები. მოვითხოვ, მოგებული მანქანის გადმოცემას ან საკომპენსაციო თანხას 177 300 ლარის ოდენობით. უკვე ექსპერტიზას გადავეცით ,,რუსთავი-2-დან'' ოფიციალურად მოწოდებული გადაცემის ვიდეოჩანაწერი. დასკვნა უნდა დაიწეროს, ჩანს თუ არა ბოლომდე ყველა ციფრი. ჩანდა, ნამდვილად ჩანდა! ჩვენს გარდა, სხვებმაც ნახეს ეს გადაცემა და არაფერს ვიგონებთ''.
P.S.წერილის მომზადების შემდეგ, ჩვენ შევედით მყვიდეო.გე-ზე ვნახეთ ,,ბილაინის'' 15 იანვრის საახალწლო წამახალისებელი გადაცემის ვიდეოჩანაწერი. ვერ გეტყვით, რა იყო ბატონი ფრიდონის ვაჟის ტელეფონის დაბლოკვის მიზეზი, მაგრამ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკრანის მარცხენა, ქვედა მხარეს, წამყვანის, ვანიკო თარხნიშვილის ხელში, ნამდვილად ჩანს გიორგი ჭკუასელის ტელეფონის ნომერი.
2067
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85