გასულ კვირაში ევროს ზონის ქვეყნებმა 13 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად საბერძნეთის დახმარების გეგმა შეათანხმეს. ახალი კრედიტების მისაღებად ათენს, რომელსაც უკვე მარტში ვალების გამო დეფოლტი ელოდა, მოსახლეობის პროტესტის იგნორირება და მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის გატარება მოუწია. ამგვარად ევროპამ მოახერხა საბერძნეთის ფინანსური კრახის გადადება, რომელიც მთელს კონტინენტზე ეკონომიკურ კრიზისს ძალიან გაამწვავებდა.
საბერძნეთის გადარჩენის გეგმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირის სამიტზე გაჟღერდა, მაგრამ მისი განხორციელება ეგრეც არ დაწყებულა. ტრანშები, რომლებიც ბერძნებს უნდა გადარიცხვოდათ, ათენთან გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო გაიყინა. იანვარ-თებერვლის განმავლობაში ბერძნებმა სამჯერ დაარღვიეს დახმარების გაწევის პირობების შესრულების დედლაინი.
კაცმა რომ თქვას, საბერძნეთის მთავრობის ყოყმანი გასაგებია – უკვე ნახევარ წელზე მეტია ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, მოსახლეობა მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის წინააღმდეგ ილაშქრებს და საპროტესტო აქციები არ ცხრება. ძალიან ბევრჯერ საქმე პოლიციასთან შეტაკებამდეც მივიდა და სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლას არაფერი უკლდა.
არადა, ევროს ზონის ფინანსური ხელმძღვანელობა და საერთაშორისო ვავალუტო ფონდი საბერძნეთისაგან ერთხმად მოითხოვდნენ მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე გადასვლას. ათენი პოტენციურ მხსნელებთან მორიგებას ვერ ახერხებდა და ქვეყნის დეფოლტი ახლოვდებოდა, რადგან მარტში საბერძნეთს ობლიგაციებზე 14,5 მილიარდი ევროს გადახდა უწევს. არადა, ფული საერთოდ არ გააჩნია. საბოლოოდ, საბერძნეთს ისღა დარჩა, დათმობაზე წასულიყო და საბიუჯეტო დანახარჯების შემცირების გეგმა დაემტკიცებინა. იგი გულისხმობს სახელმწიფო სტრუქტურებიდან 15 ათასი ადამიანის განთავისუფლებას, ხელფასებისა და პენსიების შემცირებას და შრომის კანონმდებლობის ლიბერალიზაციას.
საბოლოო გადაწყვეტილებით მიღებული საბერძნეთის დახმარების გეგმა 237 მილიარდ ევროდაა შეფასებული. ევროს ზონის ქვეყნები ათენს 130 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. პირველი ტრანში 13 მილიარდიანი იქნება, ხოლო მთლიანად კრედიტს ქვეყანა 2014 წლამდე მიიღებს. გარდა ამისა, ევროპის ცენტრალური ბანკი მის კუთვნილ ბერძნულ ობლიგაციებზე მოგებას ათენს უკან დაუბრუნებს. იგივეს გააკეთებენ ევროს ზონის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკები.
საბერძნეთის კერძო კრედიტორები, რომლებთანაც მოლაპარაკება, როგორც წესი, ძალიან ძნელია, მოულოდნელად საკმაოდ სერიოზულ შეღავათებზე დათანხმდნენ. მთელი იანვრის განმავლობაში საბერძნეთის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით ცხარე კამათი მიდიოდა და საბოლოოდ, ათენს გვარიანი შეღავათი გაუწიეს, კერძოდ, ვალის 53,5 პროცენტი, 200 მილიარდიდან 107 მილიარდი ევრო აპატიეს.
თავის მხრივ, დამატებითი ვალდებულებები აიღო ათენმაც. ეკონომიის რეჟიმის გარდა საბერძნეთის მთავრობამ პირობა დადო თებერვლის ბოლომდე მიიღოს კანონები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს კრედიტების შემდგომი სტაბილური გადახდა და ხელი შეუშალოს ვალის ზრდას. ფინანსურ ორგანიზაციებში შეიქმნება სპეცანგარიშები, რომლებზეც ათენს უნდა გააჩნდეს სამი თვის გადასახდელი ვალის შესაბამისი თანხა. საკაკნონმდებლო ცვლილებები შეეხება ქვეყნის კონსტიტუციასაც. კერძოდ, ქვეყნის მთავარ იურიდიულ დოკუმენტში ჩაიწერება, რომ საბერძნეთი ვალდებულია ვალები სტაბილურად დაფაროს.
ამგვარად, ევროს ზონის ქვეყნებმა ყველას ნათლად დაანახეს, რომ სავალუტო კავშირის ერთ-ერთ წევრის გაბანკროტებას და ალიანსიდან გასვლას არ დაუშვებენ. ცხადია, ამან ბაზრებს ევროს მიმართ რწმენა გაუმყარა. თუმცა, ამასთან, შეთანხმება ბაზრებისათვის დიდი სტიმული არ ყოფილა, რადგან საბერძნეთის გადარჩენა ევროპას ძალიან ძვირი უჯდება და ეს ინვესტორებს როდი აიმედებს.
თანაც, ფული, რომელიც საბერძნეთმა უნდა მიიღოს, ძირითადად ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროპული ქვეყნების სახსრებისაგან შედგება. საერთოდ, ევროპული ქვეყნების უმრავლესობას გვარიანი ვალები აქვს. ხოლო საბერძნეთის გარდა კიდევ ოთხი ქვეყნის სახელმწიფო ვალი აჭარბებს შიდა პროდუქტის 100 პროცენტს. ესენია იტალია, ესპანეთი, ირლანდია და პორტუგალია. და თუ დახმარება მათაც დასჭირდებათ, რეგიონის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს.
ანალიტიკოსთა აზრით, საბერძნეთი მხოლოდ დროებით გადაურჩება დეფოლტს. მათი თქმით, ქვეყანას ვერანაირი დახმარება ვერ უშველის და საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, მისი დეფოლტი გარდაუვალი იქნება. თუმცა, საბერძნეთის დეფოლტი ჯერჯერობით გადაიდო და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
1051
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85