დაიშალა Sony Ericsson, მობილურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მყარი კავშირი, რომელმაც არსებობის ათი წლის განმავლობაში არაერთი საკულტო ტელეფონი შვა. Ericsson-ისათვის ეს მოვლენა მობილური ტელეფონების ბაზრიდან საბოლოო წასვლას ნიშნავს, Sony კი უდიდესი კონკურენციის გაძლებას საკუთარი ძალებით უნდა შეეცადოს.
იაპონური Sony და შვედური Ericsson 2001 წელს გაერთიანდნენ. იმდროინდელი მასშტაბებით ეს შერწყმა არათანაბარი იყო – საუკუნეთა გასაყარზე Ericsson მობილურების მწარმოებელი მსოფლიოს სიდიდით მესამე კომპანია იყო, Sony კი სადღაც ბოლოში მიჩანჩალებდა.
გაერთიანებას წინ უძღოდა ბუნებრივი მოვლენა – მეხი, რომელიც აშშ-ს ქალაქ ალბუკერკში მდებარე Philips-ის ქარხანას დაეცა და გვარიანად დააზარალა. შედეგად, Ericsson-მა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიკროპროცესორები ვერ მიიღო, წარმოებაში პრობლემები შეექმნა და გვარიანი წაგება ნახა.
ჰოდა, შვედებმა გადაწყვიტეს სხვა პარტნიორი მოეძებნათ. უპირატესობა აზიურ კომპანიებს ენიჭებოდა. საბოლოოდ, 2001 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ არჩევანი Sony-ზე შეჩერდა. ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გაგრძელდა და 11 სექტემბერს, როცა ამერიკაში საუკუნის ტერაქტი განხორციელდა, კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრებმა საერთო საწარმოს, Sony Ericsson-ის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რომელშიც თითოეულ კომპანიას 50 პროცენტი ერგო.
თანაარსებობის პირველ წლებში რამდენიმე უთანხმოება მოხდა და თითქოს Sony Ericsson-ის სწრაფად დაშლა გარდაუვალი იყო, მაგრამ, საბოლოოდ, პარტნიორებმა კომპრომისის მიღწევა მოახერხეს და ერთობლივ ბიზნესში მეტი ფულიც ჩადეს.
შედეგად, Sony Ericsson წელში გაიმართა. ათასწლეულის დასაწყისში ახალი ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებით ლამაზი ფერადი ეკრანით და მაღალი ხარისხის მობილური ფოტოთი იზიდავდა. გამოუშვეს რამდენიმე საკულტო მოდელიც, რომლებიც იმ დროის ჰიტად იქცა. 2000-იანი წლების შუაში Sony Ericsson-ის ტელეფონებს უკვე არა მარტო მაღალი დონის კამერის, არამედ მუსიკალური ფლეერის მქონის იმიჯიც ჩამოუყალიბდა. ამავდროულად, Sony Ericsson-მა სმარტფონების ახლადჩამოყალიბებული ბაზრის ათვისებაც დაიწყო. მოკლედ, ახალი ბრენდი წელში გაიმართა.
2005-2006 წლებში Sony Ericsson მობილური ტელეფონების მწარმოებელ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიათა რეიტინგში საშუალოდ მეხუთუ ადგილზე იყო. რაც მთავარია, მას საკუთარი აუდიტორია გააჩნდა, რომელიც ახალი მოდელის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა ხოლმე. მაგრამ 2007 წელს ბაზარზე გამოჩნდა iPhone, რომელმაც Sony Ericsson-ს მძიმე დარტყმა მიაყენა და ბაზრის მნიშვნელოვანი წილი წაართვა. შედეგად, ერთი წლის შემდეგ მას სამხრეთკორეულმა LG-იმ გაუსწრო.
Sony Ericsson-ისათვის შემდეგი დარტყმა Android გახლდათ. ამ სისტემის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე შვედებმა და იაპონელებმა ახალი სმარტფონისათვის მომაძველებული Windows Mobile-ს საოპერაციო სისტემა აირჩიეს. შედეგად, 2008 წელს Mobile World Congress-ის გამოფენაზე Sony Ericsson-მა ახალი მოდელი რომ წარმოადგინა, სხვა კომპანიებმა ყურადღება სწორედ Android-ით მიიქციეს. ამ სისტემაზე Sony Ericsson-მა გადასვლა ძალიან გვიან, 2010 წელს მოახერხა. შედეგად, ბაზარიც დაკარგა, დროც და საკმაოდ დიდძალი წაგებაც ნახა.
მდგომარეობის გამოსწორება Sony Ericsson-მა ნაცადი მეთოდით – სიახლეთა დანერგვით სცადა. კერძოდ, დაააონონსა ახალი სმარტფონი გეიმერებისათვის და ე.წ. “მწვანე” ტელეფონები, რომელთა წარმოება, როგორც ირწმუნებოდნენ, გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებს. მაგრამ ამ ტრიუკებმა ვერ გაამართლა. თანაც, Sony Ericsson-ში ვერ გათვალეს, რომ მომხმარებელს უკვე გემოვნება ჰქონდა შეცვლილი და ბაზარზე ძირითადად მოთხოვნილებით ძალიან იაფასიანი, ან პირიქით, ძვირი და ყოველმხრივ აღჭურვილი მობილურები სარგებლობდა. საშუალო ტელეფონები კი, რომლებსაც Sony Ericsson ყოველთვის წარმატებით ყიდდა, ნაკლებად თუ ვინმეს უნდოდა.
ამდენ წარუმატებლობას ის მოჰყვა, რომ 2011 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია Sony Ericsson-ის მოსალოდნელი დაშლის შესახებ და რომ Sony პარტნიორისაგან ბიზნესის 50 პროცენტს 1,05 მილიარდ ევროდ გამოისყიდდა და მობილურების გამოშვებას მარტო გააგრძელებდა. ჰოდა, მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე გამოჩნდა აპარატები, რომლებმაც ძველი ლოგო კი შეინარჩუნა, მაგრამ მხოლოდ წარწერა Sony ამშვენებდა.
ამ კავშირის დარღვევა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ მობილური ტელეფონების ბაზრიდან წავიდა მისი ერთ-ერთი პიონერი Ericsson. მომავალში შვედური კომპანია მხოლოდ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას გამოუშვებს. რაც შეეხება იაპონელებს, როგორც მათ განაცხადეს, საკუთარი წარმოების სხვადასხვა მოწყობილობას შორის კავშირის გამყარებას აპირებენ. ცხადია, Sony-ის საკუთრებაში რჩება საპატენტო პორტფელი, რომელიც იაპონელებს ბაზარზე პოზიციების გამყარებისათვის ბრძოლაში დაეხმარება.
თუმცა, რამდენად მოახერხებს წარმატების მიღწევას, სხვა საქმეა, Sony-ის ხომ ჩავარდნილი ბიზნესის ფეხზე დაყენება უმკაცრესი კონკურენციის პირობებში უწევს. თანაც, ფინანსურადაც არ ულხინს – როგორც იაპონელებმა განაცხადეს, მიმდინარე ფინანსურ წელს Sony-ის წაგება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
1332
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85