ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი მალე ხელმძღვანელს შეიცვლის. რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკის თავკაცმა რობერტ ზელიკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, 30 ივნისს პოსტს დატოვებს. მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო, თუმცა, ალბათ ზელიკს ტრადიციის მიხედვით, ამერიკული პოლიტიკურ-ეკონომიკური ისტერბლიშმენტის წარმომადგენელი ჩაანაცვლებს.
მართალია, გადადგომის შესახებ ზელიკის განცხადება მოულოდნელი იყო, მაგრამ ბანკიდან მისი წასვლა ყოველგვარი სკანდალის გარეშე მოხდა, რასაც ზელიკის წინამორბედზე ვერ ვიტყვით. ალბათ ბევრს ახსოვს, რომ პოლ ვულფოვიჩი იძულებული გახდა ნეპოტიზმში დადანაშაულების შემდეგ გადამდგარიყო – იგი თავის საყვარელს სამსახურეობრივ წინსვლაში ხელს უწყობდა და ხელფასს უსაფუძვლოდ უზრდიდა. ამ ისტორიამ არა მარტო ვულფოვიჩის, არამედ სრულიად მსოფლიო ბანკის იმიჯი სერიოზულად შელახა.
იგი ზელიკმა 2007 წელს შეცვალა. მსოფლიო ბანკის რიგით მეთერთმეტე თავკაცი იქამდე ბანკ Goldman Sachs-ის მმართველ მენეჯერად მუშაობდა. მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელად იგი აშშ-ს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა წარადგინა.
ზელიკმა მსოფლიო ბანკის მდგომარეობა ასე თუ ისე აღადგინა. პირველ რიგში, პირველად 20 წლის განმავლობაში მან მოახერხა ბანკის კაპიტალის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. დამფუძნებელი ქვეყნების სკეპტიკური განწყობის გამო ეს იოლი როდი იყო. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვნად გაზარდა განვითარებისათვის განკუთვნილი კრედიტების მოცულობა.
ზელიკს ძალიან რთულ, გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს მოუწია მუშაობა. მაგრამ, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავი არ შეურცხვენია, მეტიც, კრიზისის დროს მან დაასაბუთა, რომ აუცილებელია გაიზარდოს ორგანიზაციის საკრედიტო პროგრამების მოცულობა. ამასთან, იგი მუდმივად ეძებდა გამოსავალს სურსათზე ფასების გამუდმებული ზრდიდან, ცდილობდა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური რისკები გაეთვალა და ქვეყნებს კონფლიქტების დარეგულირებაშიც ეხმარებოდა.
ბევრი ეკონომისტი 58 წლის ზელიკს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან ოქროს, როგორც ვალუტთა კურსის განმსაზღვრელი ერთიანი საზომის შემოღების შესახებ წინადადება გააჟღერა. მართალია, მიმდინარე კრიზისის გამო თანამედროვე სავალუტო სისტემები გვარიანად შერყეულია, მაგრამ ამგვარი რადიკალური ცვლილებებისათვის მზად პრაქტიკულად არავინ არის. გარდა ამისა, ზელიკის კრიტიკოსები ხშირად ახსენებენ მის დიდ ხელფასს, რომელმაც გასულ, 2011 წელს 450 ათასი დოლარი შეადგინა. დამატებით პრემიების და შეღავათების სახით კი 200 ათას დოლარამდე მიიღო. შედარებისათვის გეტყვით, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წლიური ხელფასი 186 ათასი დოლარია, პრეზიდენტის კი 400 ათასი დოლარი.
ასეა თუ ისე, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ზელიკის შემცვლელი. მსოფლიო ბანკი ხომ ასეულობით მილირდ დოლარს განაგებს და მათ განკარგვას მისი თავკაცი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. როგორც მოგახსენეთ, ბანკის ახალი თავკაცი ალბათ ამერიკელი იქნება, რადგან, როგორც ცნობილია, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაეროს ეგიდით მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეიქმნა, იქვე გადაწყდა, რომ პირველს ამერიკელი უხელმძღვანელებდა, მეორეს კი ევროპელი. და ასე გრძელდება იქედან მოყოლებული.
როგორც აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ტიმოთი გაიტნერმა განაცხადა, კანდიდატურა რამდენიმე კვირაში იქნება წარმოდგენილი. სავარაუდოდ, იგი ობამას გუნდიდან იქნება. ყველაზე რეალურად ანალიტიკოსები თეთრი სახლის მრჩეველს ლოურენს სამერს მიიჩნევენ, ზოგიერთები კი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის დასახელებაც არ არის გამორიცხული.
შესაძლოა, თავად 64 წლის კლინტონსაც სურდეს მსოფლიო ბანკის სათავეში ჩადგომა, რადგან ეს სამუშაო სახელმწიფო მდივნისაზე გაცილებით ნაკლებად მომქანცველია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ აქამდე მსოფლიო ბანკს სტაჟიანი ფინანსისტები ხელმძღვანელობდნენ, რასაც კლინტონზე ვერ ვიტყვით. მეორე მხრივ, კლინტონის დარი ძლიერი პილიტიკოსის დანიშვნა ბანკისათვის სერიოზული პიარი იქნება. სამერსი კი გამოცდილი ეკონომისტია, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია და დემოკრატიული პარტიის სათავეში უკვე 20 წელზე მეტია მოღვაწეობს.
ცხადია, თავიანთი კანდიდატურის დასახელების პრეტენზია ექნებათ ჩინეთს, ბრაზილიას, მექსიკას და რუსეთს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, მათ რამეს მიაღწიონ. გავიხსენოთ ახლო წარსული, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავკაცის პოსტი სექსულური სკანდალის გამო სტროს-კანმა დატოვა, არაერთმა ქვეყანამ წამოაყენა კანდიდატურა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მაინც ევროპელი, კერძოდ კი ფრანგი ლაგარდი დაინიშნა.
ასეა, ევროპელები და ამერიკელები ძველისძველ შეთანხმებას პატიოსნად იცავენ. ასე რომ, მსოფლიო ბანკის სათავეში კვლავ ამერიკელს უნდა ველოდოთ.
751
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85