რამდენიმე დღის წინ ბრიტანული ჯგუფი “Depeche Mode”-ს ლიდერმა და კლავიშებზე დამკვრელმა მარტინ გორმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ მიმდინარე წლის მარტში ჯგუფის წევრები საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში განმარტოვდებიან და ახალ ჩანაწერზე მუშაობას შეუდგებიან.
ახალი ნამუშევრის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. დისკი დღის სინათლეს მომავალი წლის დასაწყისში იხილავს.
რამდენიმე თვის წინ გორმა და “Depeche Mode”-ს ყოფილმა წევრმა ვინს კლარკმა ერთობლივი ალბომი, სახელწოდებით “Ssss” ჩაწერეს.
ჯგუფის ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Sounds Of The Universe” 2009 წელს გამოვიდა.
ჯგუფი “Depeche Mode” ინგლისის ქალაქ ბაზილდონში 1980 წელს ჩამოყალიბდა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: დეივ გაანი (ვოკალი), მარტინ გორი (ვოკალი, კლავიშები), ენდი ფლეტჩერი (კლავიშები) და ვინს კლარკი (კლავიშები). კლარკმა ჯგუფი 1981 წელს დატოვა და მისი ადგილი ალან უაილდერმა დაიკავა.
2006 წელს ჯგუფმა დაიმსახურა MTV Europe Music Awards-ის მთავარი ჯილდო ნომინაციაში “წლის საუკეთესო ჯგუფი”. სხვადასხვა დროს “Depeche Mode”-ს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ცალი ალბომი.