შორენა ღლონტი, "გურიანიუსი"
"BMV X5" _ 35 000 ლარი. "Mercedes Benz ML 320" - 25 000 ლარი. "Mercedes Benz ML 320" - 24 400 ლარი. "Toyota Land Cruiser Prado" - 75 200 ლარი - ეს იმ ავტომანქანების ჩამონათვალია, რომლის შესყიდვაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან გასულ წელს გახორციელდა.
თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ძვირადღირებული ავტომანქანებიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მხოლოდ ორი "Mercedes Benz ML 320" და "Toyota Land Cruiser Prado" ირიცხება. "დაკარგული" ორი ჯიპის საპოვნელად 9 საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა მოგვიხდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებში იკითხება, რომ 2011 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტს წლის განმავლობაში ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად 84 400 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. კვარტალური შესრულების ანგარიშიდან ნათელი ხდება, რომ აღნიშნული თანხის გახარჯვა სამ თვეში მოხდა. ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტმა სამი სხვადასხვა პირისგან სამი ჯიპი შეისყიდა.
პირველი ხელშეკრულება, #34 2011 წლის 21 თებერვლით თარიღდება. ინდმეწარმე ირაკლი გორგოშიძემ აიღო ვალდებულება საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე, რომ " Mercedes Benz ML 320" 24 400 ლარად მიაწოდებდა, რისთვისაც მის პირად ანგარიშზე შესაბამისი თანხა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ჩაირიცხა.
მეორე ხელშეკრულება, #36 2011 წლის 22 თებერვლით თარიღდება. ხელშეკრულებას ხელს ფიზიკური პირი დავით ლომაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი აწერენ. ლომაშვილმა აიღო ვალდებულება, რომ 35 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა " BMV X5" შემსყიდველს დადგენილ ვადებში მიაწოდებდა; თავის მხრივ, შემსყიდველმა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მიმწოდებელს "ქართუ ბანკში" გახსნილ ანგარიშზე 35 000 ლარი ჩაურიცხა.
მესამე ხელშეკრულება, #42 2011 წლის 4 მარტით თარიღდება. ფიზიკურმა პირმა ოთარ თედორაძემ აიღო ვალდებულება, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს 25 000 ლარად " Mercedes Benz ML 320" მიაწოდებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მის პირად ანგარიშზე, რომელიც "თი-ბი-სი" ბანკში ჰქონდა გახსნილი, მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში ჩაერიცხებოდა შესაბამისი თანხა.
მეოთხე ხელშეკრულება, #262 ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ, საქართველოში "ტოიოტას" ოფიციალურ დილერს შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დირექტორს, ირაკლი გურჩიანსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ილია ვაშაყმაძეს შორის, 2011 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა. ოზურგეთის გამგეობამ 2011 წლის გამოშვება " Toyota Land Cruiser Prado" 75 200 ლარად შეიძინა. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, თუმცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ეს ცვლილების სახით აისახა.
ოფიციალური დოკუმენტიდან, რომელიც ოზურგეთის საკრებულოდან 3 თებერვალს მივიღეთ " Mercedes Benz ML 320" და "BMW X5" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება.
თუმცა, მეორე წერილიდან, რომელიც 10 თებერვლით თარიღდება, ირკვევა, რომ ორივე ავტომანქანა მუნიციპალიტეტს ბალანსზე ჰქონდა მიღებული.
მესამე წერილიდან კი გაირკვა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, ავტომანქანები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს უსასყიდლოდ მუდმივ სარგებლობაში გადაეცა.
მეოთხე წერილიდან ცნობილი ხდება მიღება- ჩაბარების აქტის დეტალები, რომელიც ბრძანების გამოცემის დღესვე გაფორმდა საკრებულოს თავმჯდომარესა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი ჯაფარიძეს შორის.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტი "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონისა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების შესაბამისად გადასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს უვადოდ, უსასყიდლოდ, პირდაპირი განკარგვის წესით მუდმივ სარგებლობაში თავის ბალანსზე რიცხულ ორ ერთეულ ავტომანქანას "BMV X5" (სახელმწიფო #IJL929) და "Mercedes Benz ML 320" (სახელმწიფო #HRH533). მიმღებმა მიიღო ავტომანქანები ბალანსზე ასაყვანად", - აქტის სისწორეს ადასტურებს მამეშვილის და ჯაფარიძის ხელწერა.
თუმცა, სანამ ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებს მოვითხოვდით, 31 იანვარს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წერილი მივიღეთ, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2011 წლის ბიუჯეტით შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაფინანსების ფარგლებში გახორციელდა მხოლოდ ერთი ხელშეკრულება, რაც შეეხება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების შესყიდვებს, მათზე "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ამავე კანონის პირველი მუხლის 3 პრიმა მუხლის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ზემო აღნიშნულ ჩამონათვალზე ჩვენს მიერ ხელშეკრულებები არ გაფორმებულა, - ვკითხულობთ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის ხელწერით დამოწმებულ წერილში.
წერილს თან ერთვის ხელშეკრულების ასლი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და შსს გურიის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელს ელგუჯა თავბერიძეს შორის, 2011 წლის 20 იანვარს გაფორმდა. მიმწოდებელს ევალება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამხარეო სამმართველოს მოთხოვნის შესაბამისად შეასრულოს სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზა, ალკოჰოლით და ნარკოლოგიური ნივთიერებებით ერთჯერადი შემოწმება, ცნობების გაცემა. ნარკოლოგიური ნივთიერებების მოხმარების აღრიცხვიანობაზე შესყიდვის ობიექტის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსების საკითხს, 2010 წლის ბიუჯეტიდან 122 600 ლარით ფინანსდებოდა, 2011 წელს _ 112 ათასი ლარით, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ამ კუთხით ჯერ-ჯერობით 55 000 ლარია გამოყოფილი.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.
თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები, წესი და ქონებით სარგებლობის ქირის საწყისი ოდენობა განსაზღვრულია. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა; უზურფრუქტი; ქირავნობა; იჯარა; თხოვება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. მუდმივი სარგებლობა აღნიშნული კოდექსის შესაბამის მუხლში არ არის გათვალისწინებული.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ნათია კაპანაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს სამართლებრივი პრობლემაა, ანუ სადავოა, ეს უფლება უნდა გააჩნდეს თუ არა თვითმმართველობას, რადგან პოლიცია ცენტრალიზებული სისტემის ნაწილია, ხოლო თვითმმართველი ერთეული _ დეცენტრალიზაციის. ამით სახელისუფლებო უფლებამოსილების ერთგვარი აღრევა ხდება.
ამავე ორგანიზაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ბრძანება #44-ის მიხედვით ავტომანქანები შსს გურიის სამხარეო სამმართველოს გადაეცა მუდმივ სარგებლობაში პირდაპირი განკარგვის წესით. 2011 წლის 7 აპრილის მიღება ჩაბარების აქტის ძირითად შინაარსშიც იგივე იკითხება, მაგრამ აქტის ბოლოს წინა აბზაცში, ნათქვამი "მიმღებმა მიიღო ავტომანქანები ბალანსზე ასაყვანად" შეუსაბამოა ბრძანებასთან, მიღება-ჩაბარების აქტის ძირითად შინაარსთან და კანონთან.
"ბრძანების შესაბამისად ვიგებთ, რომ ავტომანქანები სარგებლობის უფლების რაღაც ფორმით გადაეცემა მიმღებს, რასაც თავისთავად კანონიც ითვალისწინებს. ასევე კანონთან არ მოდის წინააღმდეგობაში მიღება-ჩაბარების ტექსტის ის ნაწილი, სადაც სარგებლობის უფლებით გადაცემაზეა საუბარი. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ სავარაუდოდ, ავტომანქანების თხოვების ფორმით გადაცემა იგულისხმება. სამწუხაროდ, სარგებლობის რა ფორმაზეა საუბარი, არც ბრძანებაში და არც მიღება-ჩაბარების აქტში არ არის მითითებული. შინაარსის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მუნიციპალიტეტმა გურიის სამხარეო სამმართველოს ხსენებული ავტომანქანები ათხოვა, ხოლო რატომ უნდა აიყვანოს მიმღებმა ისინი ბალანსზე გაუგებარია, რადგან საკუთრების უფლება ხსენებულ ავტომანქანებზე მუნიციპალიტეტს რჩება", - დასძენს ტრაპაიძე.
"რადგან ეს ავტომანქანები არ ირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე, შესაბამისად, არ ითვლება მუნიციპალიტეტის საკუთრებად. მაგრამ გაუგებარია სარგებლობის უფლებით გადაცემული ავტომანქანები, რატომ აღარაა მუნიციპალიტეტის საკუთრება.
ამდენად, ფაქტობრივად ვღებულობთ, რომ ქონება გასხვისებულია, ხოლო ბრძანებისა და მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით იგი უვადოდ, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებითაა გადაცემული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასხვისების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს სხვა პროცედურებს", - გვითხრა ტრაპაიძემ.
950
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85