„ჯანსაღი“ კუნძული და „ავადმყოფი“ ინვესტორები

„ჯანსაღი“ კუნძული და „ავადმყოფი“ ინვესტორები

საქართველო კუნძულია, ოღონდ არა გეოგრაფიული გაგებით, არამედ წმინდა ეკონომიკური მნიშვნელობით. საქართველოს მთავრობის წევრთა მოსაზრებით, ფინანსურ კრიზისში ჩაფლული მსოფლიოს ფონზე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღი ეკონომიკის კუნძულია. ერთი ეგ არის, რომ ამ კუნძულზე „ავადმყოფი“ ინვესტორები არ ჩამოდიან და საკუთარ კაპიტალს არ აბანდებენ. ამიტომაცაა საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ რეგიონში ბოლო ადგილზე.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრში ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემები 5 პროცენტი იქნება, რაც კარგი ეკონომიკური მაჩვენებელია.

„იანვარში ეკონომიკის ზრდის წინასწარი ციფრი უკვე გვაქვს. ეს არის 5%, რაც დამაკმაყოფილებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაც მსოფლიოსა და მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ხდება“, - განაცხადა გილაურმა.

მისი თქმით, მთავრობა კერძო სექტორს შეხვდა და დარწმუნდა, რომ მათი მხრიდან აქტივობა აშკარაა, რაც ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია. „ის წინადადებები, რომელიც კერძო სექტორმა წარმოადგინა, საკმაოდ პოზიტიურია და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უახლოეს თვეებში საგადასახადო კოდექსსა და სხვა კანონმდებლობაში დამატებითი ცვლილებები წარვადგინოთ. ეს კი  ბიზნესს და კერძო სექტორს სტიმულს მისცეს საქართველოში ინვესტიციების დაბანდებისათვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის“, - განაცხადა გილაურმა.

პრემიერს მხარს უბამს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა. მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ფონზე არის რამდენიმე კუნძული, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია და ერთ-ერთი ასეთი კუნძული სწორედ ჩვენი რეგიონია. 

მატკავა ამბობს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ბოლო სამი წელია ეკონომიკის დინამიურ ზრდას აჩვენებს. მისი აზრით, სამ ქვეყანას კარგი პერსპექტივები აქვთ წინსვლისა და განვითარებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს კარგი გეოგრაფიული მდებარეობაც აქვს, რომელსაც ინვესტორებთან ურთიერთობისას ყოველთვის იყენებს, ამას ემატება მყარი მაკროეკონომიკური მდგომარეობა და კარგი ბიზნეს გარემო.

საქართველოს მთავრობა აღფრთოვანებით კი საუბრობს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენს „ეკონომიკურად ჯანსაღ კუნძულს“ რატომღაც ინვესტორები არ აწყდებიან. ის კი არადა, საქართველო ჯერჯერობით ინვესტიციების მხრივ რეგიონის აუტსაიდერია.

2011 წლის მონაცემებით, სომხეთში ერთი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია. აზერბაიჯანში კი 3 მლრდ დოლარზე მეტი.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, უკრაინამ 7,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მიიღო, რუსეთმა კი 48,5 მილიარდი. უკვე ცნობილია, რომ საქართველოში 2011 წელს ინვესტიციებმა 2010 წლის მაჩვენებელს გაუსწრო, მაგრამ მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელს მაინც ჩამორჩება.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი საინვესტიციო მონაცემები წარმოადგინა, რომელიც 950 მილიონი დოლარს შეადგენს. თუმცა, პრემიერის განმარტებით, საბოლოო ციფრი, სავარაუდოდ, 1 მილიარდ 100 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, რადგან ინვესტიციების სატატისტიკური აღრიცხვა მარტის ბოლომდე არ დასრულდება.