მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარე მტკვარში სამძებრო-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები 13 ივნისისი სტიქიის შედეგად დაკარგულ პირებს ეძებენ. სამძებრო სამუშაოების გასამარტივებლად დაწეულია მდინარე მტკვრის დონე. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა,  ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა, სამუშაოებში ათასამდე მეხანძრე-მაშველია ჩართული, ასევე სამუშაოებში ჩართულები არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-კაციანი შემადგენლობა. ქაწაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მდინარე მტკვარში მაშველებმა მხოლოდ რამდენიმე მკვდარი ცხოველი შენიშნეს, რაც შეეხება დაკარგულ პირებს, ქაწაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მათი პოვნა ვერ ხერხდება.

"ჩვენი თხოვნით მოხდა მდინარე მტკვრის დონის დაწევა, ჰესიდან  გაშვებულია წყალი. ჩვენ შევეცადეთ, რომ მინიმუმამდე დაწეულიყო მდინარე მტკვრის კალაპოტში დინება, რადგან მეხანძრე-მაშველებს ჰქონოდათ საშუალება, ჩასულიყვნენ მდინარე მტკვრის კალაპოტში და იქ ადგილზე ეწარმოებინათ, როგორც სამძებრო-საძიებო, ასევე გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია თბილისის მერია, მათ გამოყვეს მძიმე ტექნიკა. მთლიანობაში ათასამდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. მიმდინარეობს ასევე პერიმეტრის კონტროლი წითელ ხიდამდე მდინარე მტკვარზე. იქ გვეხმარებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-კაციანი შემადგენლობა. თბილისის მასშტაბით მდინარე მტკვრის დონის დაწევას მოჰყვა ქვემო ქართლში მდინარე მტკვრის 20 სმ-მდე მატება, თუმცა იქ მატება საფრთხეს არ გამოიწვევს რეგიონში", - განაცხადა საგანეგბო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა,  ზვიად ქაწაშვილმა.