ანტიკორუფციულმა საბჭომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა განიხილა

ანტიკორუფციულმა საბჭომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა განიხილა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, დღეს, ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ანტიკორუფციულმა საბჭომ, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვის მიზნით, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი განიხილა.

იუსტიციის სამინისრტროს ცნობით, პროექტი მოამზადა საჯარო სამსახურის ბიურომ ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ანტიკორუფციული საბჭოს წევრებმა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსისაგან მოისმინეს დეტალური ინფორმაცია დეკლარაციების მონიტორინგის შემოთავაზებული მექანიზმის შესახებ და იმსჯელეს წარმოდგენილ საკანონმდებლო პროექტზე.

"დღეისათვის არ არსებობს სახელმწიფო დონეზე მოქმედი ეფექტური მექანიზმი, რომელიც თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას შეამოწმებს. თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობას არცერთი სახელმწიფო ორგანო არ აკონტროლებს, თანამდებობის პირთა ქონების შესახებ სანდო და ამომწურავი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა კი კორუფციის პრევენციისათვის უმნიშვნელოვანესია. კანონპროექტი სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება", - აცხადებენ სამინისტროში.

მათი ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებებს საფუძვლად დაედო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე ვალდებულებები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილება.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ანტიკორუფციული საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო"; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი; ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლობა; საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია; აშშ-ის იურისტთა ასოციაცია; ფონდი "ღია საზოგადოება − საქართველო"; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.