მაკა ხარაზიშვილი, “რეზონანსი“
ნამახვანის ჰესი კორეელების შემდეგ, თურქებმაც მიატოვეს, არადა, ჰესის მშენებლობა უკვე გადაწყვეტილი იყო და საუბარი მოსახლეობის გამოსახლებაზე მიდიოდა. ენერგეტიკის სამინისტროში ჰესიდან თურქი ინვესტორის წასვლის მიზეზებს არ ასახელებენ. მხოლოდ ამბობენ იმას, რომ ინვეტორთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამჯერად, სამინისტრო ახალი ინვესტორის ძიებაშია, შესაბამისად, საკუთარი საცხოვრებლებიდან სოფელ ჟონეთის, საკირისა და მამაწმინდის მოსახლეობის აყრა დროებით, შესაძლოა, სამუდამოდაც გადაიდოს. ახალმა ინვესტორმა, "ნამახვანის კასკადის" მშენებლობასთან დაკავშირებით წინადადებები აპრილამდე უნდა წარადგინოს.
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და თურქულ-კორეულ კონსორციუმს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2009 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საზეიმოდ პრეზიდენტის სასახლეში მოეწერა. კონსორციუმმა ვალდებულება აიღო, რომ კასკადის მშენებლობას 2011 წელს დაიწყებოდა და პროექტის განხორციელებისთვის მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებდა.
კონსორციუმში თურქული კომპანია "ნუროლი", კორეული კომპანიები "ლუზსწ" და "თლუს" გაერთიანდნენ. თუმცა, მოულოდნელად, კორეულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, "ლუზსწ"-მ, რომელსაც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კონსორციუმი დატოვა. რამდენიმე თვის წინ, ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებდა, რომ კორეელებთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდებოდა და კონსორციუმიდან კორეელების წასვლა ბოლომდე გადაწყვეტილი არ იყო. საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, ენერგეტიკის სამინისტრომ ვერც კორეელი ინვესტორების დაყოლიება შეძლო და ამასობაში "ნამახვანიდან" თურქებიც გაიქცნენ.
ამჯერად, ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე დევს ახალი განცხადება, ახალი ინვესტორის მოლოდინში. კერძოდ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა კომპანიამ "ნამახვან ჰესების კასკადმა" პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
კონტრაქტორის შერჩევის, ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი იქნება მსგავსი სირთულის პროექტის (რეზერვუარული ტიპის ჰიდრო ელექტროსადგურები დადგმული სიმძლავრით 200 მგვტ და ზევით) წარმატებულად შესრულების გამოცდილება. ინტერესთა გამოხატვის მიზნებისთვის, მონაწილეებს მოეთხოვებათ დამსაქმებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება, გამოცდილება, გარანტირებული ფინანსები და სხვ. კანდიდატებმა ინტერესთა გამოხატვისთვის საჭირო დოკუმენტაცია "ნამახვან ჰესების კასკადის" ოფისში 2 აპრილამდე უნდა წარადგინონ.
უკვე რამდენიმე წელია, რაც ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა დაიგეგმა. პროექტი მიზნად ისახავს 3 ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ჯამური დაგმული სიმძლავრით 450 მგვტ, ანუ კასკადი შედგება სამი ჰესისაგან: ტვიშის ჰიდროელექტროსადგური - დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური - დადგმული სიმძლავრე 250 მგვტ, ჟონეთის ჰიდროელექტროსადგური - დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ.
იგეგმება გადამცემი ხაზის აშენებაც, გამომუშავებული ელექტროენერგიის გადასაცემად. ამ ყველაფრისთვის ინვესტორმა 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მშენებლობის პერიოდი 5 წელს მოიცავს.
შემოდგომას ნამახვანის ჰესის მშენებლობისთვის რამდენიმე სოფლის გასახლება უკვე გადაწყვეტილი იყო. ამ საკითხზე, თურქული კომპანიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრაც კი შედგა, ასევე სასტუმრო "რედისონში" გაიმართა დისკუსიები ენერგეტიკოსებთან. ამიტომ, "ნამახვანიდან" თურქების წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ჩაშლილი გარიგებები დღეს აღარავის უკვირს.
ის, რომ ჰესის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო, გარკვეული შვება აღმოჩნდა მოსახლეობისთვის, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" თავმჯდომარის, მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით, "ნამახვანის" კასკადის მშენებლობით 14 სოფელი დაზარალდება, დაახლოებით, 800 ადამიანს გაასახლებენ. დაიტბორება 924 ჰექტარი მიწა (10 კვ/კმ), აქედან სასოფლო-სამეურნეო მიწებია, რომლებიც აქტიურად მუშავდება. 270 ჰექტარი კი - ტყეებია.
"ასევე ზიანი მიადგება ხვამლის ნაკრძალს, რომელიც ტვიშის რეზერვუარიდან 100 მეტრშია. აქ ისეთი მღვიმეებია, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი კულტურული დატვირთვა აქვს. რეზერვუარები შეიქმნება რიონის გასწვრივ, 27 კილომეტრზე, ეს ნიშნავს, რომ მდინარის ეკოსისტემა სრულიად შეიცვლება. ასევე შეიცვლება კლიმატი, გააქტიურდება ქარები", - განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.
მისი თქმით, მშენებლობის პროექტში არ ჩანს სეისმოლოგიური და ეკოლოგიური რისკები. რეგიონი სეისმურად აქტიურია და ამ ტერიტორიაზე ჰესები 7-8-ბალიან მიწისძვრას უნდა უძლებდნენ. უმნიშვნელოვანესი ბიძგებიც კი მეწყერებს გამოიწვევს, მეწყერები კი ამ რაიონს ისედაც არ აკლია. ნამახვანის კასკადის ქვემოთ კი გაიზრდება ეროზია. აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით, თურქმა, ამჟამად უკვე ყოფილმა ინვესტორებმა იმის პირობაც კი დადეს, რომ მეწყერების თავიდან ასაცილებლად ტერასებს გააშენებდნენ.
"მწვანეთა მოძრაობის" ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ირწმუნება, რომ "ნამახვანის" პროექტი ტექნიკურად დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, ჩხობაძის თქმით, ამ პროექტიდან საქართველოს ვერც ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდა, ვინაიდან ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას თურქები საკუთარ ქვეყანაში წაიღებდნენ.
"პროექტი ტექნიკურად დაუსაბუთებელია. ეს არის 70-80-იანი წლების პროექტი, რომლის განხორციელებაზე უარი ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა. მას შემდეგ, იგი არ შეცვლილა. ფაქტობრივად, ჰესი უნდა აშენდეს ძველი ტექნოლოგიებით, რომელიც თურქეთში უარყვეს. მე მაინტერესებს, ამ ტექნოლოგიებით თურქები თუ საკუთარ ქვეყანაში არ აშენებენ ჰესებს, რატომ უნდა აშენდეს საქართველოში რისკის ფაქტორები არის ძალიან მაღალი, თუნდაც სეისმური თვალსაზრისით", - ამბობს ნინო ჩხობაძე.
ნინო ჩხობაძის თქმით, ყოფილი ინვესტორები მოსახლეობის ნაწილს კომპენსაციასაც კი დაჰპირდნენ. როგორც, ჩანს გეოლოგების დასკვნებმა ინვესტორები საბოლოოდ შეაშინეს, ანუ შეაშინეს იმ თვალსაზრისით, რომ ამდენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (მოსახლეობის გამოსახლება, კომპენსაციების გაცემა, ტერასების გაშენება და სხვა) სოლიდური ფინანსების გაცემა მოუწევდათ.
2069
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85