ბიუჯეტში ხარჯები არჩევნებისთვის გადამალეს

ბიუჯეტში ხარჯები არჩევნებისთვის გადამალეს

ბავშვმა კი არა, ქვეყნად ჯერაც მოუვლენელმა ჩვილმაც კი იცის, რომ ეს ხელისუფლება მთელი წლის ბიუჯეტს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევნებისკენ მიმართავს და ვინძლო არც კი ეყოს. ბიუჯეტის თითოეული თეთრი დახარჯული იქნება ამომრჩევლის გულის მოსაგებად, თავის მოსაქონად, თვალის ასახვევად, მოსაქრთამად...

ამიტომ ათასი თვალი და ყურია საიმისოდ საჭირო, რომ ბიუჯეტის ხარჯვა დეტალურად გაკონტროლდეს. მედიასა და არასამთავრობო სექტორს ამ კუთხით გადამწყვეტი როლი ეკისრება. აღსანიშნავია, რომ კოალიციამ “არჩევანის თავისუფლებისთვის” უკვე გამოაქვეყნა პირველი ანალიზი სახელმწიფო ბიუჯეტის საარჩევნო მხარეების შესახებ.

საბიუჯეტო საკითხებში გარკვეული და საარჩევნო ტექნოლოგიებს დაუფლებული ხელისუფლება ოსტატურად ცდილობს, ბიუჯეტში გადამალოს ისეთი ხარჯები, რომელთა აშკარად გამოჩენა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. საქართველოს 2012 წლის სახელმწიფობიუჯეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება 2011 წლის ბიუჯეტისგან და საარჩევნო წლის კვალი ცალსახად ეტყობა.

კოალიციამ “არჩევნის თავისუფლებისთვის” 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი წარმოადგინა. ანალიზის ერთ-ერთმაავტორმა და კოალიციის წევრმა, კავკასიის ეკონომიკური  და სოციალური კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, სადაც სხვადასხვა აქტივობების სახით მოცემულია ხელისუფლების ხარჯვითი პოლიტიკა, კერძოდ, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არის ზოგიერთი ისეთი ხარჯი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ, შესაძლოა, ამომრჩევლის კმაყოფილების დონის გასაზრდელად იქნას მიჩნეული, რაც ხელსუფლებას დამატებით საარჩევნო ხმებს მოუტანს.

“ყოველივე ზემოაღნიშნულის დადგენა და ანალიზი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც საბიუჯეტო ხარჯები დეტალურად და გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი. ამაში იგულისხმება ხარჯების დეტალურად გაწერა დასაფინანსებელი ღონისძიებებისა და მიმართულებების მიხედვით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არადამაკმაყოფილებელია და 2011 წელთან შედარებით, ხარჯების დეტალიზაცია ფორმალურ მხარედ არის ქცეული.

თუ 2011 წლის ბიუჯეტში 3000-მდე სხვადასხვა სახის დეტალური ჩანაწერი იყო, 2012 წლის ბიუჯეტში ის 1500-მდეა შემცირებული. პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენილი პროექტი კი მხოლოდ ზოგად ღონისძიებებზე იძლევა ინფორმაციას და არ არის მოცემული კონკრეტული პროგრამების მიხედვით დაფინანსების მოცულობა. 2011წელს ცალ-ცალკე არსებული ზოგიერთი პროგრამა 2012 წლისთვის გამსხვილებულია და მხოლოდ ერთი ციფრით არის მათი ბიუჯეტი წარმოდგენილი”, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.

ნარმანიას განცხადებით, 2012 წლის ბიუჯეტი არ შეიცავს ინფორმაციას წინა წლის ხარჯების შესახებ, რათა ადვილად არ იყოს შედარებადი არასაარჩევნო 2011 და საარჩევნო 2012 წლის ხარჯები, თუმცა მიუხედავად სირთულისა, მექანიკურად შედარებული 2011 წლის ბიუჯეტიდან და 2012 წლის ბიუჯეტიდან ადვილად ჩანს ის “ოინები”, რაც 2012 წელს ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი იქნება საარჩევნოდ ხმების მოსაპოვებლად.

ანალიზში არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდის მაგალითად მოყვანილია რეგიონული ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რომლის დიდი ნაწილიც უცხოეთიდან მოზიდული კრედიტებით ფინანსდება, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მოცულობა 10 მლნ ლარით გაიზარდა და 50 მლნ ლარი შეადგინა. ამ პროგრამით, ძირითადად, ადგილობრივი (სოფლის) საჭიროებები ფინანსდება და სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროგრამებზე და სოციალურ დაცვაზე მიმართული ხარჯების მოცულობა, მათ შორის – საპენსიო უზრუნველყოფაზე გასაწევი ხარჯები.

როგორც ნარმანია აღნიშნავს, 2012 წლის ბიუჯეტში ასევე არის ისეთი გაურკვეველი ხარჯი, როგორიცაა სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობა - 10 მლნ. ლარით. მსგავსი ხარჯები წინა წელს არ იყო გათვალისწინებული. ასევე, 500 ათასი ლარით განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების ფონდის მოცულობა. არც ეს პროგრამა ფინანსდებოდა წინა წლებში.

“აქვე დავძენთ ერთ ინიციატივას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა და გაურკვეველია, საიდან დააფინანსებს მთავრობა ამ ხარჯებს: საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რომლის ინიცირებაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 2012 წლის 27 იანვარს გააკეთა.

მნიშვნელოვანია და არჩევნებს უკავშირდება ის გარემოებაც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტების პროგრამული ფორმით მომზადების პრინციპი. ამით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დაარღვია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის N284 განკარგულება, რომელიც მას ამ სახის ბიუჯეტის დამტკიცებას ავალდებულებდა”, - აღნიშნა მან.

ნარმანიას განცხადებით, ხელისუფლება გრძელვადიან ეფექტზე გათვლილ აქტივობებს აფინანსებს და საზოგადოების დაკვეთას ასრულებს, ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო და არასაარჩევნო წლის ხარჯები მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის ხარჯებით უნდა განსხვავდებოდეს. “2012 წლის ბიუჯეტი ამ პრინციპით ნამდვილად არ არის შედგენილი და მნიშვნელოვანწილად მმართველი პარტიის პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ემსახურება”, - დასძინა მან.

კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისთვის” აღნიშნულ დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს გაუგზავნის, ასევე მოახდენს დიპლომატიური კორპუსისა და არსამთავრობო სექტორის ინფორმირებას.