გაზი გაძვირდა, გაზი დეფიციტურია, გაზსადენებზე ავარიებია

გაზი გაძვირდა, გაზი დეფიციტურია, გაზსადენებზე ავარიებია

საქართველოში, მის ირგვლივ და მთელ ევროპაში განსაკუთრებული უამინდობა და ყინვებია. ამ დროს დიდი მნიშვნელობა სათბობ-ენერგეტიკული რესურსის სწორად გამოყენებას, მაგრამ ამ მხრივ პრობლემები უკვე ყველგან გაჩნდა. აზერბაიჯანმა საქართველოსა და თურქეთს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა, “გაზპრომმა” ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუმცირა.

საქართველოს ჯერ კიდევ არა უშავს, მაგრამ ევროპაში მოსახლეობას გათბობის დროს ეკონომიის გაკეთებისაკენ მოუწოდებენ.  30-40 გრადუს ყინვაში ასეთი მოწოდებები სულელურად და გამაღიზიანებლად ჟღერს. თუმცა, მთელი კონტინენტი წარმოუდგენლად დიდ პრობლემებშია.

ყველაფერთან ერთად, თებერვლის დასაწყისში ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის საბითუმო ფასები მკვეთრად გაიზარდა. გაზის ფასებმა ბოლო 6 წლის განმავლობაში მაქსიმალურ დონეს მიაღწია - ლონდონის ბირჟაზე ის 28%-ით გაძვირდა და 1000 კბ–მ 520 დოლარი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ გაზის ბრიტანელი მწარმოებლები სრული დატვირთვით მუშაობენ, ბაზარზე არსებული პანიკა ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამასთან, საფრანგეთში ელექტროენერგიის სპოტური (დაუყოვნებლივი გარიგება და მიწოდება) ფასები გაორმაგდა და 1 მგვტ/სთ 140 ევრო გახდა. გაძვირების მიზეზი მოთხოვნის ზრდაა, რომელმაც უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ისტორიულ მაქსიმუმს - 98 გიგავატს მიაღწიოს.

ბუნებრივი აირის ირგვლივ პრობლემებია გაჩნდა სამხრეთ-კავკასიურ გაზის მაგისტრალზეც. ამიტომ აზერბაიჯანმა საქართველოსა და თურქეთს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რაც სამხრეთ-კავკასიურ გაზის მაგისტრალზე მომხდარ ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდება.

კომპანია “ბიპი აზერბაიჯანის” ინფორმაციით, “შაჰდენიზის” ელექტროკვების პლატფორმაზე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების დროს პლატფორმის ავტომატური გაჩერების სისტემა ამუშავდა, რის შედეგადაც ყველა პროცესი შეჩერდა. ამჟამად პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს და მალე პლატფორმაზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზისა და კორპორაციაში აცხადებენ, საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან ალტერნატიული წყაროებით იღებს და ამიტომ გაზმომარაგებაში, აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების მიუხედავად, შეფერხება არ ყოფილა.

სამაგიეროდ, შეფერხებებია ევროპაში. რუსული კომპანია “გაზპრომი” ბებერ კონტინენტს გაზს ამ დრომდე შეზღუდვით აწვდის. იტალიის ხელისუფლება აღიარებს, რომ ქვეყანაში ძლიერი ყინვისა და რუსეთიდან გაზის მიწოდების შეზღუდვის გამო, საგანგებო ვითარება შეიქმნა და ექსტრემალურ ზომებს მიმართავს იმისათვის, რათა საცხოვრებელი სახლების გათბობის სისტემებში შეფერხება არ დაუშვას.

ამასთან, ხელისუფლება მოსახლეობას ეკონომიისკენ მოუწოდებს.  ზოგიერთი საწარმო ბოლო დღეებში იძულებული გახდა, ბუნებრივი აირის მოხმარება შეემცირებინა.

რუსულმა კომპანია “გაზპრომმა” ევროპის ქვეყნებს გაზის მიწოდება ბოლო პერიოდში შეუმცირა. რუსეთში, სადაც ტემპერატურა -40 გრადუსამდეა დაცემული, ცდილობენ, ბუნებრივი აირით საკუთარი ბაზარი დააკმაყოფილონ.

“გაზპრომის” მენეჯერმა, ანდრეი კრუგლოვმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი შეზღუდვა იქნება, ევროპისთვის გაზის მიწოდება 10%-ით შემცირდება, შემდეგ კი კვლავ ნორმალურ დონეს დაუბრუნდება.

თავის მხრივ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ “ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საგარეო პარტნიორების მოთხოვნები დააკმაყოფილოს, თუმცა პრიორიტეტი მაინც შიდა ბაზარია”.

ევროკომისიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება ავსტრიაში - 30%-ით, იტალიაში - 24%-ით, პოლონეთში კი – 8%-ით შემცირდა.  ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებას უჩივიან საბერძნეთი, რუმინეთი და უნგრეთიც.