კახა მჭედლიძე, "თავისუფლება"
ევროპის კავშირი საერთო ვალუტის და ზოგიერთი წევრი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული კრიზისიდან თავის დაღწევის გზებს ეძებს. ვარაუდობენ, რომ შექმნილი ვითარება გავლენას ახდენს არამარტო კავშირის წევრ სახელმწიფოებზე. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ევროკავშირს ლიდერის პოზიცია უკავია, ასევე მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ხორციელდება.
გასული წლის მანძილზე ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია საქართველოს ეკონომიკაზე. უფრო მეტიც, ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მიუხედავად ამ ტენდენციისა, ეკონომისტები მაინც სიფრთხილეს იჩენენ პროგნოზების გაკეთებისას, მით უმეტეს, რომ მიმდინარე წელი საქართველოში საარჩევნო წელია, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებითი გამოწვევაცაა.
რაც შეეხება ევროკრიზისს, მან შეიძლება საქართველოში ყველაზე მეტად საფინანსო სექტორზე იმოქმედოს, რადგან შემცირდება ფულადი გზავნილების მოცულობა, ძვირდება ევროპული საბანკო რესურსები და იკლებს საინვესტიციო აქტივობაც. არადა, 2011 წლის მიწურულს მთავრობა იმედოვნებდა, რომ საერთაშორისო სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება საბანკო რესურსების გაიაფებას გამოიწვევდა. ასეთი პროგნოზი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემაც გამოთქვა:
”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, კერძო სექტორისთვის, იმიტომ რომ პროგნოზების გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება ფულის სიიაფეს, პირდაპირ უკავშირდება საბანკო სექტორის განვითარებას, პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის იმიჯს და სანდოობას.”
თუმცა ვარაუდობენ, რომ რეიტინგების გაუმჯობესებით მოსალოდნელი სარგებელი შეიძლება ევროკრიზისის უარყოფითმა შედეგებმა გადაწონოს.
ევროს ზონაში მიმდინარე პროცესების გამო საქართველოში საბანკო მომსახურებისა და კრედიტების გაძვირების ვარაუდი გამოთქვა რადიო თავისუფლების სადისკუსიო გადაცემაში ეკონომიკის ექსპერტმა შოთა მურღულიამ:
”ჩვენი ბანკები ნაწილობრივ რესურსს იღებენ ევროპიდან და, შესაბამისად, თუ ევროპაში კრიზისია და ბანკებს რესურსი უძვირდებათ, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.”
უკავშირდება თუ არა ევროკრიზისს, ძნელი სათქმელია, თუმცა 2011 წლის ბოლო კვარტალში საქართველოს საბანკო სექტორმა ბიზნესის დაკრედიტების მოცულობა შეამცირა. ექსპერტების ნაწილის აზრით, ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ გასული წლის მეორე ნახევარში გაზარდეს, რასაც კატეგორიულად უარყოფს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. მაგრამ ის არც საკრედიტო რესურსების მნიშვნელოვან გაიაფებას მოელის, როგორც ამას მთავრობა ვარაუდობდა:
”რესურსების გაიაფება საიდან უნდა მოხდეს? ეს ხომ მოზიდული სახსრები არის... რომ გითხრათ,ეს გლობალურად გავლენას მოახდენს საქართველოზე, მიჭირს ამის დაჯერება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ მჭიდროდ ინტეგრირებულები. მაგრამ გაგვიძვირდება საკრედიტო რესურსები, რომლებიც გარედან შემოდის დონორების მხრიდან.”
ევროკრიზისის შედეგად საბანკო რესურსებისა და ევროპული ინვესტიციების შემცირების შესაძლებლობას ვარაუდობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც, მაგრამ იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ კრიზისმა შეიძლება საქართველოს ეკონომიკაზე დადებითი გავლენაც მოახდინოს:
”ერთდროულად ეს არის საშიშროებაც და შანსიც, რომ, პირიქით, მეტი თანხაც მოვიზიდოთ...”
პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ვარაუდი უფრო მეტად წლის მეორე ნახევარს შეეხება. ჯერჯერობით კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფრთხილ პროგნოზებს აკეთებს და ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შარშანდელზე დაბალი იქნება.
851
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85