იუსტიციის სახლის პროექტი ლაზიკაში

იუსტიციის სახლის პროექტი ლაზიკაში


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში ქალაქ ლაზიკაში ასაშენებელი იუსტიციის სახლის პროექტის ფოტო გამოჩნდა.

ლაზიკას აშენებასთან დაკავშირებული საპროექტო გეგმისა ან აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი სტრუქტურა, რომელსაც ახალი ქალაქის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ მანამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას მიმართა, თუმცა აღნიშნულ სტრუქტურებში აცხადებენ, რომ მათთან ლაზიკას მშენებლობის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 17 იანვარს, მარტვილში ახალი საავადმყოფოს გახსნისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლაზიკას მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყებოდა.

”რამდენიმე დღეში ლაზიკასათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შევა მძიმე ტექნიკა და დაიწყება ჭაობების დაშრობა,”-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.