მერიის ახალი ახირება - მედიათეკები ბიბლიოთეკების ნაცვლად

მერიის ახალი ახირება - მედიათეკები ბიბლიოთეკების ნაცვლად

დედაქალაქში მალე მხოლოდ რამდენიმე ბიბლიოთეკა დარჩება, სანაცვლოდ გაიხსნება მედიათეკები. მერიას პრიორიტეტი ამჯერად მედიათეკებია. თანამედროვე სტილის შენობები ელექტრონული წიგნების მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი.

პირველი მედიათეკა ვაკის პარკში სამ თვეში გაიხსნება. ქალაქში კიდევ სამი მედიათეკის გახსნაა დაგეგმილი - ვარკეთილში, გლდანში და საბურთალოზე. 

ელექტრონული ტექნიკით აღჭურვილი კუთხეების შექმნის სურვილი ბიბლიოთეკებმაც არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა ამისთვის დაფინანსება არ მიუღიათ. თბილისის მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქეთევან ნიკურაძემ ამისათვის გეგმა-პროექტიც წარადგინა, თუმცა არავინ გამოხმაურებია. 

„ჩვენი ბიბლიოთეკის ფართი იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვყოთ სივრცე პატარა მედიათეკისთვის. მოვითხოვე 8 700 ლარი - კომპიუტერებისა და დივიდი ფლეიერებისთვის. ვისაც სურს ელექტრონული წიგნი წაიკითხოს, ვისაც სურს - ფილმს უყუროს. არ ვიცი დაგვაფინანსებენ თუ არა.

ძალიან კარგი იქნება თუ მედიათეკები აშენდება, მაგრამ ბიბლიოთეკებს ყურადღება არ უნდა მოაკლდეს. წიგნს ეკრანზე საათობით ვერ წაიკითხავთ. ზოგი ადამიანი საღამოს, ძილის წინ კითხულობს. ძილის წინ წიგნის წასაკითხად მედიათეკაში ხომ ვერავინ წავა ვაკეში? ამიტომ ჩვეულებრივი ფორმატით წიგნები ისევ უნდა გაიცეს და ბიბლიოთეკებმა აუცილებლად უნდა იარსებონ“, - აღნიშნა ნიკურაძემ. 

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ მედიათეკების პარალელურად ბიბლიოთეკებიც ჩვეულებრივ იფუნქციებენ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მედიათეკები გაამრთლებს და მკითხველის დიდი ნაკადი ეყოლებათ, არ არის გამორიცხული, ბიბლიოთეკების გაუქმების პროცესი გაგრძელდეს.

თუმცა, ბიბლიოთეკების გაუქმების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მაგალითად, თბილისის მერიამ ქალაქში კიდევ ბიბლიოთეკა უკვე დახურა. N41 და N51 ბიბლიოთეკები კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, ამიტომ მათი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

მერიის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ ბიბლიოთეკის შენობები არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და სტანდარტებს, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა კი მკითხველის სიმცირეს განაპირობებდა.

„თუკი მოთხოვნა არ არსებობს, ეს იქნება მიზეზი, რის გამოც ბიბლიოთეკა დაიხურება. ბიბლიოთეკები, რომელსაც მკითხველების საკმარისი რაოდენობა ჰყავს, რა თქმა უნდა, ფუნქციას შეინარჩუნებს“, - განაცხადა მერიის კულტურის და საქალაქო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ქეთი ტრაპაიძემ.

საპირისპიროს ამტკიცებენ მუხიანის IV ა მ/რ-ის მაცხოვრებლები. მათი განცხადებით, ბიბლიოთეკის შენობა მართლაც მოუწესრიგებელი იყო, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ.

კულტურის და საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბოლო ორ წელიწადში შვიდი ბიბლიოთეკა გარემონტდა, თუმცა ამით მკითხველის რაოდენობას არ მოუმატია. „ბიბლიოთეკებს მუზეუმებად ვერ შევინარჩუნებთ“, - აღნიშნა ქაცარავამ. 

ამ განცხადებას არ ეთანხმებიან ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები. თბილისის ახალგაზრდული ბიბლიოთეკის დირექტორის ქეთევან ნიკურაძის ინფორმაციით, გაუმართლებელია იმის თქმა, რომ ბიბლიოთეკებში ხალხი არ დადის. 

„უამრავი სტუდენტი და სკოლის მოსწავლე სარგებლობს ჩვენი ბიბლიოთეკით. თითქმის 78 000 ერთეულია ჩვენი წიგნის ფონდი. 2009 წელს ბიბლიოთეკა გარემონტდა, რემონტი მთელი ცხრა თვე გაგრძელდა. იმის შემდეგ რაღაც პერიოდი, სანამ ხალხი გაიგებდა, რომ ისევ განვაახლეთ მუშაობა, შედარებით ნაკლები მკითხველი გვაკითხავდა, მაგრამ ახლა უკვე ერთ თვეში - 3 იანვრიდან 2 თებერვლამდე 887 მკითხველს მოვემსახურეთ“, - აღნიშნა ნიკურაძემ.