შპს „ემ ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ გოძიაშვილი ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.
გოძიაშვილი ივანიშვილს 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულ განცხადებას შეახსენებს, რომლითაც იგი ბიზნესს მთავრობის მხრიდან ჩაურევლობის გარანტიებს აძლევდა.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ იგივე პოზიციას მუდამ აფიქსირებს საქართველოს მოქმედი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც - რომ არავის აქვს კერძო ბიზნესში უკანონო ჩარევის უფლება, თუმცა კომპანიის მფლობელი აცხადებს, რომ მიუხედავად პრემიერის ღიად დეკლარირებული პრინციპისა, მათი კომპანიის საქმიანობაზე განხორციელებული ზეწოლა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.
განცხადების თანახმად, შპს „ემ ენ ჯორჯიას" საქმიანობის სფერო ამერიკული კომპანია „ჯორჯიან ამერიქან ელოიზის" შვილობილი, ქართული შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის" მომსახურების გაწევა უნდა ყოფილიყო. შპს ემ ენ ჯორჯიას" და „ჯორჯიან მანგანეზს" შორის გაფორმებული, ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, მათი კომპანია იღებდა ვალდებულებას, გაეწია მომსახურება საქართველოში მანგანუნმის მადნის მოპოვება - გადამუშავება - მიწოდების სახით ზემოთ ხსენებული კომპანიისთვის.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ემ ენ ჯორჯიას" საქმიანობა 2014 წლის აპრილში უნდა დაეწყო, რისთვისაც ფირმა მზად იყო, როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე იურიდიულად და ტექნიკურად.
თუმცა, როდესაც „ემ ენ ჯორჯიას" უნდა დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობა, მოხდა ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირების მხრიდან კომპანიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ხელის შეშლა, რის გამოც კომპანიამ ვერ დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობა და შესაბამისად, „ემ ენ ჯორჯიამ" განიცადა რამდენიმე მილიონი დოლარის ზარალი, ასევე შეილახა კომპანიის რეპუტაცია მათ პარტნიორებთან, აღნიშნულია კომპანიის მფლობელის განცხადებაში.
მათივე თქმით, განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე, „ჯორჯიან მანგანეზი" იძულებული გახდა სიტყვიერი მითითების სახით, „ემ ენ ჯორჯიასთვის" მოეთხოვა ურთიერთობის გარკვევა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან და დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხით, კერძოდ გია გახარია (ბიზნესომბუდსმენი) და ზვიად ჯანყარაშვილი, (რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი-პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” პარტიის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელია).
კომპანიის მფლობელი აღნიშნავს, რომ მოხდა მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა და ფაქტობრივად კომპანიის საქმიანობის პარალიზება, რის დასადასტურებლად არაერთი ფაქტის წარდგენაც შეუძლიათ.
ივანიშვილსადმი მიმართვამდე, კომპანიის მფლობელი საჯარო წერილში აღნიშნავს, რომ საკითხის მოსაგვარებლად ისინი ეცადნენ გამოეყენებინათ ყველა ოფიციალური გზა, თუმცა უშედეგოდ.
გამომდინარე ივანიშვილის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ არ მოხდებოდა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისადმი არანაირი ზეწოლა და ჩარევა ბიზნესის საქმიანობაში, გოძიაშვილი ივანიშვილს თხოვნით მიმართავს, ჩაერთოს და დაეხმაროს მათ მიერ წარმოდგენილი საკითხის გარკვევაში და მოგვარებაში.
"კომერსანტი" ბიზნესომბუდსმენს და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანს კომენრატისათვის უკვე დაუკავშირდა და მის პოზიციას აღნიშნულ საკითხტან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.