მოსამართლე პროკურატურისგან იმ მუხლის დაზუსტებას ითხოვს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი

მოსამართლე პროკურატურისგან იმ მუხლის დაზუსტებას ითხოვს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალდების დადგენილებაში ბრალი წარდგენილი აქვს ორი მუხლით, საიდანაც ერთი კოდექსის ძველ რედაქციაში არ არსებობს. აღნიშნულმა უზუსტობამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კამათი გამოიწვია.

კერძოდ, მოსამართლე ნინო სანდოძემ პროკურორებს მოსთხოვა განმარტება, კოდექსის რომელი რედაქციით აქვს ბრალი წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ნაწილში.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ დადგენილებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ე ქვეპუნქტი. პროკურორმა დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ძველი – 2005 წლის 15 ივლისის კოდექსის რედაქციით აქვს წარდგენილი. მოსამართლის განმარტებით, კოდექსის ძველ რედაქციაში 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ე ქვეპუნქტი არ არსებობს. პროკურორებს პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე წუთი მიეცათ.

პროცესზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ კი მათ სხდომის გადადება მოითხოვეს და თავიანთი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო მოითხოვეს, რაზეც მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროცესის გადადების საჭიროება არ არსებობს. მოსამართლემ განმარტა, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება კოდექსის ახალი რედაქციით არის განსაზღვრული 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ე ქვეპუნქტით, ხოლო აღნიშნული ბრალდება ძველ, 2005 წლის რედაქციაში განმარტებულია 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის თ ქვეპუნქტით.

ნინო სანდოძის მიერ გაკეთებულ ამ განმარტებას პროტესტი მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მხრიდან. გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ მსგავსი განმარტება არ უნდა გააკეთოს, რადგან დაცვის მხარეს აღნიშნული უზუსტობა ხელს აძლევს დააყენოს გარკვეული შუამდგომლობები.

ადვოკატის განცხადებით, მოსამართლეს ეს განმარტება არ უნდა გაეკეთებინა და უნდა აღენიშნა, რომ მუხლი, რომლითაც სააკაშვილს ბრალი წარედგინა კოდექსის ძველი რედაქციით, არ არსებობს.

მოსამართლემ ადვოკატის პოზიციის მოსმენის შემდეგ საკითხის წინასასამართლო სხდომაზე განხილვა დაასრულა.

პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდა იმ მოტივით, რომ ბრალდების საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალებია. სხდომის დახურვის შემდეგ პროცესი მალევე გადაიდო და მტკიცებულებების წარდგენის ეტაპით 29 აპრილს განახლდება.