იმერლიშვილმა არ იცის, ხომ არ შეცვალა პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით

იმერლიშვილმა არ იცის, ხომ არ შეცვალა პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილისთვის უცნობია, რა ფორმით შეიძლება იმსჯელოს მთავრობამ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით.

იმერლიშვილის თქმით, ის არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეცვალა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

"მე ვერ გეტყვით, სამწუხაროდ. ეს ჯობს ადმინისტრაციას ჰკითხოთ. მე რამდენადაც ვიცი პრეზიდენტს მიწერილი აქვს ოფიციალური წერილი, რომ იგი რჩება იმ რეზიდენციაში, სადაც დღეს არის, ანუ ავლაბრის რეზიდენციაში", - განაცხადა იმერლიშვილმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა  განაცხადა, რომ ათონელის რეზიდენციის შენობა ექსპლუატაციაშია მიღებული, შემდეგი ეტაპი კი ეკონომიკის სამინისტროსთვის და შემდეგ, ალბათ, პრეზიდენტისთვის გადაცემა იქნება.

ათონელის რეზიდენციის მდგომარეობით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა  და  ინფრასტრუქტურის მინისტრს  ინფორმაციის წარდგენა სთხოვა.

"როგორც ვიცი, სამუშაოები დასრულდა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ შენობის საკითხზეც და გთხოვთ, რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია", - მიმართა ღარიბაშვილმა შავლიაშვილს. მინისტრის თქმით, რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და  შენობაში შეტანილია ავეჯი.