პოლიციელები მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის დაკითხვა სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში მიმდინარეობს.
როგორც აბულაძის ადვოკატი აცხადებს, ბორჯომის ეპიზოდთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მისი მტკიცებით, საქმის მასალების მიხედვით, ბორჯომში, მკვლელობის დღეს, პოლიციის თანამშრომლები სამოქალაქო ფორმაში იმყოფებოდნენ.
„საქმეში ბევრი ახალი დეტალია, დაცვის მხარე ვცდილობთ მოვიპოვოთ მტკიცებულებები, უნდა აღინიშნოს, რომ ბორჯომის ეპიზოდში გამოძიება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ პატრულირებას და ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ, როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ სამოქალაქო ფორმაში, მეტიც, ერთ-ერთი მათგანი იმყოფებოდა სპორტულ ფორმაში“,-განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ
შალვა აბულაძე ორი პოლიციელის მკვლელობაშია ბრალდებული. მისი დაკავების სპეცოპერაცია 10 აპრილს ჩატარდა. პოლიცია მას კვირაზე მეტ ხანს ეძებდა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა.
აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ საქართველოს სსსკ-ის რამდენიმე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება თავისუფლების 16-20 წლამდე აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შალვა აბულაძეს ბორჯომის ეპიზოდთან დაკავშირებით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.