ჟანა მეგრელიშვილი, "გურია ნიუსი"
კომერციული ბანკებისთვის პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენისა და სპეციალური მონიტორინგის დაწესების ვალდებულებას, "ახალი მემარჯვენეები" ნეგატიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს აშკარად პოლიტიკური კონტროლის ელფერი აქვს.
"ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს კომერციული ბანკების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და უარყოფითად აისახება მათ მიმართ ნდობის ხარისხზე.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო გამოცდილება მართლაც ითვალისწინებს მონიტორინგის გახორციელებას უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც მოცემულ ქვეყანაში სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში მუშაობენ. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, "კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულებაში შეტანილი ცვლილება ორაზროვანი განმარტების საშუალებას იძლევა, რაშიც აშკარად იკვეთება გახორციელებული ცვლილების პოლიტიკური მიზანი და ხასიათი.
როგორც კალანდაძე აღნიშნავს, სრულიად არაარგუმენტირებული და არაკვალიფიციურია ეროვნული ბანკის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მტკიცება, თითქოს ეს რეგულაცია და კონტროლის სპეციალური ზომები მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებს ეხება:
_ ეს სხვა არაფერია, თუ არა ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #4 ბრძანების მე-2 მუხლის "ქ", "ღ" და "ყ" პუნქტების თანახმად, პოლიტიკურად აქტიურ პირებად პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი და აღმასრულებელი ორგანოს წევრები, ასევე მათი ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები, მშობლები, დები და ძმები არიან განსაზღვრული. მეტიც, აღნიშნული რეგულაციები ეხება პოლიტიკურად აქტიურ პირებთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებს, ანუ პირებს, რომლებიც ფლობენ რაიმე სახის წილებს კომპანიებში და რაიმე ფორმით მონაწილეობენ მათ მართვაში. ამ კატეგორიის ადამიანების ყოველგვარი ურთიერთობა ბანკებთან, პრაქტიკულად, ყოველი გადარიცხვა, სესხის აღება, მიმდინარე ანგარიშის გახსნაც და კუთვნილი თანხების გატანა საკუთარი ანგარიშიდანაც კი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სპეციალურ კონტროლს ექვემდებარება. ანუ, ყველა სახის ფინანსური ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია, გახორციელდეს პოლიტიკურად აქტიური პირის, მისი ოჯახის წევრის ან მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირების მიერ, ვერ გახორციელდება ბანკის ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმების გარეშე, რაც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფას, თავისუფლების შეზღუდვას და მათ მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას ნიშნავს.
ლევან კალანდაძე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეგულაცია აუცილებლად გამოიწვევს კომერციული ბანკების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას: _ არსებული ხელისუფლების წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავთ, რომ მმართველმა პარტიამ კომერციული ბანკები საკუთარი მიზნებისათვის პოლიტიკურ იარაღად და პოლიტიკაში ჩართულ თუ მათთან დაკავშირებულ პირებზე ზეწოლის, მათზე ეკონომიკური შეზღუდვების გახორციელების მიზნით გამოიყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და მოქალაქეთა ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა ან მათთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის ხელოვნური ბარიერების დაწესება შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს საარჩევნო პროცესზე, _ ამბობს კალანდაძე.
"ახალი მემარჯვენეები" მოუწოდებენ ეროვნულ ბანკს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, გააკეთონ შესაბამისი განმარტება ამ საკითხის დაზუსტების მიზნით და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიიღონ ზომები საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შესატანად.
734
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85