მეღვინეობაში „ძველი დრო“ ბრუნდება?!

მეღვინეობაში „ძველი დრო“ ბრუნდება?!

ღვინის ექსპორტისთვის „ძველი დრო“ ნელ-ნელა ბრუნდება. შარშან უცხოეთში რეალიზებული ქართული ღვინის მოცულობა 38%-ით გაიზარდა. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ წინაა - რუსეთის ბაზარი, ევროკავშირთან და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება.

2011 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში 2010 წელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 38%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 5 მლნ ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

თუმცა, შეიძლება 2012 წელი ქართული მეღვინეობისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. რუსეთის ბაზრის დაბრუნება უკვე რეალურია, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო იგივე პროცესი აშშ-სთან სულ მალე დაიწყება. ასე რომ, ღვინის კომპანიები დიდი ინტერესით ელიან სამივე მიმართულებით პროცესების განვითარებას. თანაც, პარალელურად, მათი წარმომადგენლები კომენტარებსაც არ იშურებენ.

მაგალითად, მეღვინეების აზრით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება შტატებში ქართული ღვინის ექსპორტს გაზრდის.  „შუხმან ვაინში“ აცხადებენ, რომ გამარტივებული ვაჭრობის რეჟიმი ქართულ პროდუქტს შტატების კანონმდებლობით იმპორტულ საქონელზე გათვალისწინებული გადასახადისგან გაათავისუფლებს. კომპანიის კომერციული დირექტორის განმარტებით, ეს ექსპორტის გაზრდას და თანხის დაზოგვას შეუწყობს ხელს. „შუხმან ვაინ კომპანის“ ღვინო ამერიკულ ბაზარზე 2007 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანია შტატებში მთლიანი წარმოების 15%-ს ყიდის.

ღვინის კომპანია „ქინძმარაულის მარანის“ დირექტორიც აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება ქართული ღვინის ბაზარს საგრძნობლად დაეტყობა. დიმიტრი ლებანიძის თქმით, ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდება, ხოლო ხარისხი და ფასი ერთმანეთის შესაბამისი იქნება.

მისი განცხადებით, „ქინძმარაულის მარანი“ ამერიკაში ექსპორტს უკვე აწარმოებს, თუმცა არა დიდი მოცულობით. ლებანიძის თქმით, დღეს კომპანიებს საბაჟო ტარიფების გადახდა უწევთ, რაც ჯამში პროდუქციას მინიმუმ 4-ჯერ აძვირებს.

თუმცა, მეღვინეების აზრით, მხოლოდ ასეთი პროცესები დარგის განვითარებისათვის არ კმარა. ისინი სახელმწიფოსგან მეტ მხარდაჭერას ითხოვენ.

მათი თქმით, მთავრობის ინიციატივა აშშ-ში, პოლონეთსა და უკრაინაში ქართული ღვინის აქტიური სარეკლამო კამპანიის დაწყების შესახებ, მეწარმეებისთვის მისაღებია, თუმცა ადგილობრივ კომპანიებს შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. 

„თელავის ღვინის მარნის“ დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი ამ რამდენიმე ხნი წინათ აცხადებდა, რომ  ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხელშეწყობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით უნდა მოხდეს, რადგან ღვინის გაყიდვების სტიმულირების ერთ-ერთი საშუალება მარკეტინგული აქტივობაა.

საპასუხოდ, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით აქტიური სარეკლამო კამპანიის დაწყებასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღვინის კომპანიებს მოუწოდა, კახეთში საკუთარი მარნები და ტურისტული ობიექტები გახსნან. სააკაშვილის თქმით, ამ ნაბიჯით საქართველოში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ღვინის მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ მათ საკუთარი მარნები და ტურისტული ინფრასტრუქტურაც უკვე განვითარებული აქვთ. დამატებითი ინვესტირება ამ მიმართულებით აღარ იგეგმება.