ელზა წიკლაური, „რეზონანსი“
"საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 17%-მდე შემცირდა", - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი, თუმცა მის მიერ დასახელებული ეს მონაცემი არათუ ექსპერტულ გათვლებს, არამედ ოფიციალურ სტატისტიკასაც არ ემთხვევა. ქვეყნის პირველი პირი საერთაშორისო საზოგადოებას ამ შემთხვევაშიც არარეალურ ციფრებზე ესაუბრება, რადგან, როგორც ექსპერტები ამბობენ, დღეს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე და მის მიღმა მოსახლეობის 50% იმყოფება და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.
მოკლედ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში სულ 1 632 403 ადამიანია რეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს. აქედან, ღატაკი, ანუ ვისაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს, ანუ საარსებო შემწეობას 394 819 ადამიანი იღებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ყოველთვიურად იცვლებოდა. თუ იანვარში შემწეობას 430 461 ადამიანი იღებდა, თებერვალში მათი რიცხვი 439 663-მდე გაიზარდა, მარტში კი 442 144 ადამიანი შეადგინა. აპრილში სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 425 387 ბენეფიციარი იღებდა, მაისში - 415 365 ადამიანი, ივნისში - 415 699, ივლისში - 402 660, აგვისტოში კი - 406 464 ადამიანი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა სექტემბერში, მაშინ დახმარებას 381 889 ადამიანმა მიიღო, ოქტომბერში - 387 421 ბენეფიციარმა, ნოემბერში კი შემწეობა 391 119 ადამიანმა მიიღო.
საერთოდ, სიღარიბე კეთილდღეობის ნაკლებობის მაჩვენებელია. სიღარიბის მაჩვენებლის სიდიდე კი დამოკიდებულია იმაზე თუ რის მიხედვით ანგარიშობენ მას ამა თუ იმ ქვეყანაში. თუკი დასავლეთ ევროპაში სიღარიბის მაჩვენებლის გათვლისას მნიშვნელოვანი "მისაწვდომობის კომპონენტია", ანუ მოქალაქის ხელმისაწვდომობა სასურველი განათლების მიღებაზე, მაღალხარისხიან ჯანდაცვაზე, უსაფრთხო საკვებსა და ა.შ. საქართველოში იგი მინიმალურ სასურსათო კალათას დამატებული მინიმალურ არასასურსათო ხარჯებთან ასოცირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპისა და ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებლის გაანგარიშებისას ყურადღება ექცევა ისეთ კომპონენტსაც, როგორიცაა ის თანაფარდობა, რომელიც ოჯახის საერთო შემოსავალსა და სურსათის შესყიდვაზე დახარჯულ თანხებს შორის არსებობს. საერთოდ ითვლება, რომ თუ სურსათზე დახარჯული თანხა საერთო შემოსავლის მესამედზე მეტია, მაშინ ის ოჯახი ღარიბია.
არსებობს სხვა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, სხვადასხვა ქვეყანაში სიღარიბის დონეს ადგენენ. ერთ-ერთია საარსებო მინიმუმის საშუალო ხელფასთან თანაფარდობა. ასეთ ქვეყნებში ღარიბად ითვლება ის, ვისი საშუალო ხელფასიც საარსებო მინიმუმის ნახევარს ან ნაკლებს შეადგენს. ჩვენთან კი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დათვლის მეთოდიკაც არასწორია და ის ადამიანები, ვისაც რეალური შემოსავალი არ აქვთ, სახლში კი ნაჩუქარი სატელიტური ანტენა უყენიათ, შეფასების მაღალ მაჩვენებელს იღებს.
"სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა თუ კლება დამოკიდებულია იმ კრიტერიუმებზე, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანების დადგენისთვისაა შემუშავებული. თუ ჩვენ კრიტერიუმებს შევცვლით, რა თქმა უნდა, შეიცვლება მათი რაოდენობაც.
მაგრამ ეს ციფრი არის ე.წ. საბალანსო მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იწერება, რეალობა კი სულ სხვაა.
როდესაც ყველა ჩატარებულ გამოკითხვაში მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ნომერ პირველ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს, იქ სიღარიბის დაბალ მაჩვენებელზე საუბრი ცოტა არასერიოზულია. მართალია, ქვეყანაში მშპ იზრდება, მაგრამ ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახება.
2011 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა ხორცი, საკვები და პირველადი მოხმარების საგნები. ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელს თან არ ახლავს ხელფასებისა და პენსიების ინდექსაცია, აქ საუბარი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაჯანსაღებაზე არ უნდა იყოს და ვერც იქნება.
ასე რომ, ოფიციალურ მონაცემებსა და რეალობას შორის დიამეტრალური განსხვავებაა. ზოგჯერ, როდესაც ოფიციალურ მონაცემებს ვკითხულობ, მგონია, ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობ. რეალური მაჩვენებელი კი ოდნავაც არაა ახლოს იმ ციფრთან, რომელიც ოფიციალურდ ქვეყნდება.
ექსპერტული გათვლებით, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს და ის უკვე წლებია სისტემატურად იზრდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.
საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი რომ ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მეტია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძეც აღიარებს. მისი თქმით, 2009-10 წლებში, როცა ოფიციალური მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი 21-23%-ის ფარგლებში დაფიქსირდა, მსოფლიო ბანკის კვლევებით რეალური მაჩვენებელი ოფიციალურზე 2-ჯერ მეტი იყო.
იმის გამო, რომ ქვეყანაში ფასები იზრდება, ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება. ოფიციალური მონაცემები ერთია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რეალობა კი ისაა, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება", - ამბობს სილაგაძე.
2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 150 ათასი ადამიანით შემცირდა. თუმცა, სპეციალისტების გათვლებით, ესეც არარეალურია, რადგან დათვლის მეთოდიკაში ინფლაციის მაჩვენებელი რატომღაც განსაზღვრული არ არის.
მათი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არსებულ ინფლაციაში 30-40% სასურსათო კალათაზე მოდის, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე საუბარი არარეალურია.
"ინფლაციის პრინციპი ისაა, რომ ამ დროს ღარიბი უფრო ღარიბდება, მდიდარი კი უფრო მდიდრდება. როცა ინფლაცია მაღალია, როგორ შეიძლება ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს", - ამბობენ ექსპერტები.
და ბოლოს, სპეციალისტების თქმით, 1985 წელს საქართველოს საფინანსო რესურსი, როგორც ლეგალური, ასევე ე.წ. ჩრდილოვანი რესურსი 21 მილიარდ დოლარს შეადგენდა (მაშინდელი კურსით), დღეს ეს რაოდენობა ბიუჯეტის და სხვადასხვა დახმარებებით 9 მილიარდ ლარს უტოლდება. ფინანსური რესურსის დაახლოებით 3-ჯერ შემცირება კი მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახა.
ამასთან, ექსპერტების თქმით, დღეს მშპ-ს ზრდის ფონზე, მოსახლეობის გაღარიბების პროცესი მაინც მიმდინარეობს, რადგან მისი გადანაწილება ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ზომიერად არ ხორციელდება. ასევე ილევა ის დანაზოგი, რაც ხალხს საბჭოთა პერიოდში ჰქონდა დაგროვილი და შედეგად, ვიღებთ ძალიან მძიმე სურათს.
896
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85