ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს ცვლილებები დაახვედრეს

ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს ცვლილებები დაახვედრეს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია ორშაბათიდან დაიწყო. განათლების სამინისტრომ აბიტურიენტებს საკმაოდ ბევრი ცვლილება მოუმზადა. ცვლილებები ეხება როგორც რეგისტრაციის წესს, ასევე მეორად ჩარიცხვებს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარს და ა.შ.

6 თებერვალიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების რეგისტრაციას დაიწყებს, რომელიც მარტის ბოლომდე გაგრძელდება. წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვები აღარ იქნება. სამაგიეროდ, ასარჩევი უმაღლესი სასწავლებლისა და სპეციალობა-მიმართულების რაოდენობა 7-დან 20-მდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აბუტურიენტი 20-დან რომელიმე ფაკულტეტზე მაინც მოხვდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თავიდან უნდა მოემზადოს.

დაფინანსნების მხრივ წლეულს, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. ისევ არის რიგი მიმართულებებისა, რომელზეც სწავლის შემთხვევაში 100%-იანი დაფინანსების მოპოვებაა საჭირო, დანარჩენში კი თანადაფინანსების პრინციპით - 30%-იანი, 50%-იანიდა 70%-იანი გრანტის.

სამაგიეროდ, შეიცვალა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო მიმართულებასა და სამართალზე. ამ მიმართულებებზე ჩამბარებლებს მოუწევთ არა 25%-იანი ბარიერის გადალახვა და 20%-იანისა უცხო ენაში, არამედ 35% ბარიერის გადალახვა სამედიცინო მიმართულებით და 25%-იანისა უცხო ენაში.

საგნების მხრივ ქართული ენისა ლიტერატურის ტესტში პატარა ცვლილებაა: იქნება წაკითხულის გააზრება, ასევე - ფუნქციური წერა, რომელსაც ფილოლოგებმა არგუმენტურებული წერა დაარქვეს; იქნება, ენობრივი ნაწილიც, ასე ვთქვათ რედაქტირება, სადაც აბიტურიეტმა შეცდომები უნდა გაასწოროს. ქართულის ტესტი გახდა 80-ქულიანი, წრისთვის დრო კი იგივე დარჩა - არ შემცირებულა. საწერი თემა იმავე ფორმით იქნება, როგორც ადრე იყო. ეს რაც შეეხება სავალდებულო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას. რაც შეეხება არჩევით საგანს ლიტერატურა - აქ ტესტის ფორმატი უცვლელი რჩება.

როგორც ცენტრში ამბობენ, მათემატიკის საგანშიც არის ცვლილება. მარტივი დავალებების რიცხვი გაიზარდა და ახლა უკვე აბიტურიენტებს საჭირო 20 ქულა მარტივი დავალებებით ექნებათ მოსაპოვებელი.

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებიდან პირველად, აბიტურიენტთა რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით მოხდება.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტები განაცხადს შეავსებენ არა ადგილობრივ საგანმანათლებლო რაიონულ რესურს-ცენტრებში (როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა), არამედ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ანუ კომპიუტერით. ცენტრში იმასაც იტყობინებიან, რომ რეგიონებს ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ექნებათ.

„ეს პროცესსაც აიოლებს და აბიტურიენტსაც უადვილებს საქმეს. ყოველგვარი შეცდომის დაშვებას ეს პროგრამა გამორიცხავს და აუცილებლად მაშინვე მიუთითებს, თუ რა ტიპის შეცდომაა დაშვებული რეგისტრაციის დროს.

ყველა სკოლას აქვს იმის რესურსი, ნახევარი საათით მაინც დაუთმოს მოსწავლეს კომპიუტერი. გარდა სკოლისა, მოსწავლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სახლიდან და ინტერნეტ-კაფედან“ -აღნიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.