ნათია დოლიძე, "ყველა სიახლე"
გაზეთ "ყველა სიახლის" მე-3 ნომერში გამოქვეყნებულ წერილს: "საბჭოთა ანაბრები - ფული, რომელიც არც მოგეცემა და არც დაგეკარგება", მკითხველი აქტიურად გამოეხმაურა... მოგვმართეს "სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდის" წარმომადგენლებმაც. ეს ფონდი ექვსი თვის წინ შეიქმნა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მალხაზ ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით. ფონდის წარმომადგენლები საბჭოთა მეანაბრეებისთვის საკომპენსაციო თანხის დაბრუნებას რეალურად მიიჩნევენ და ამისთვის სქემაც კი შეიმუშავეს. ვინაიდან ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მაღალია, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ფონდის წარმომადგენელთა მოსაზრება. გვესაუბრება ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი თამაზ ვაშაკიძე:
- ამ საკითხზე ჩვენი 12-წლიანი მუშაობა საფუძვლად დაედო ფონდის შექმნას. იდეის სულის ჩამდგმელია საქართველოს თავისუფალ, მცირე მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი და ხსენებული ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბატონი ანზორ საკანდელიძე. ამ ხნის განმავლობაში ვსწავლობდით პრობლემას და ამ თემაზე არაერთი ნაშრომი შეიქმნა. როგორც მოგეხსენებათ, შევარდნაძის ხელისუფლებამ ქვეყნის შიდა ვალად დაახლოებით მილიარდ ორასი მილიონი ლარი აღიარა. აქედან შვიდას მილიონ ლარამდე მეანაბრეების ვალი იყო, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა მეანაბრეთა კომპენსაციის სამართლებრივ ფორმაში მოქცევა და იმგვარი ქმედითი გეგმის შემუშავება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულ მეანაბრეთა ვალი დაიფარებოდა, როგორც ეს მოხდა ლიტვასა და ყაზახეთში. ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტის ორიგინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოსგან დაზარალებული მეანაბრეები საკუთარი ბიზნესის წამოწყებით, ბიუჯეტიდან ხარჯების პირდაპირი გაწევის გარეშე, ეტაპობრივად ინაზღაურებენ ზარალს.
- ვიდრე ამ პროექტზე ვისაუბრებდეთ, იქნებ ერთი საკითხი გაგვერკვია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მეანაბრეთა ვალის სრული ოდენობის თაობაზე, თქვენი ინფორმაციით, რა თანხას შეადგენს ეს ვალი?
- ამ თემას არაერთი ნაშრომი მიეძღვნა, საბოლოოდ ამ კვლევების ავტორები თითქმის ერთ დასკვნამდე მიდიან. საქართველოს მოქალაქეებზე დაახლოებით 4.800.000 ანაბრის წიგნაკი იყო გაცემული, რომლებზეც 13 მილიარდ საბჭოთა მანეთზე ცოტა მეტი ირიცხებოდა. ეს მეტ-ნაკლებად შეთანხმებული მოსაზრებაა. თუ ვიგულისხმებთ მანეთის დოლართან იმჟამინდელ შეფარდებას, სპეციალისტების უმეტესობა ვთანხმდებით, რომ დღეს 8 მილიარდ ლარზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, მაგრამ ამ დაანგარიშებით ისეთ დიდ თანხაზეა ლაპარაკი, რომლის გასტუმრებაც არარეალურია. მეტიც, სავარაუდოდ, არც 8 მილიარდი ლარის გასტუმრებაა რეალური. ამიტომაც უნდა მოხდეს ინდექსაცია და კომპენსაციის გადახდა კოეფიციენტებით. ჩვენი კვლევით და გამოკითხვებით, საბჭოთა მოქალაქეებს წიგნაკზე საშუალოდ 3.000 საბჭოთა მანეთი ჰქონდათ შენახული, მეტის შენახვას ვერ ბედავდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისიც. სავარაუდოდ, ბევრს გახსნილი ჰქონდა რამდენიმე წიგნაკიც. ჩვენი აზრით, გასასტუმრებელი კომპენსაციის ათვლის წერტილი უნდა იყოს 3.000 საბჭოთა მანეთი. თუ რა ინდექსაციით - ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. შესაბამისად, ინდექსაციაც და კომპენსაციის გაცემაც უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ, ამიტომაც ჩვენი პროექტი გავუგზავნეთ როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
- გამოგეხმაურათ ვინმე?
- გამოგვეხმაურნენ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, ბატონმა ნიკა გილაურმა ჩვენი წერილი ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა. თითქმის ექვსი თვეა ამ უწყებასთან მიწერ-მოწერას ვაწარმოებთ. ასევე შევხვდით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც. არავის ვაჩქარებთ, მაგრამ რაც მალე გაიაზრებს სახელმწიფო ამ პრობლემას და გამოხატავს თავის პოზიციას, მით უკეთესი პრობლემის გადაჭრისთვის.
- იქნებ უშუალოდ თქვენს პროექტზეც მოგვიყვეთ...
- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან ერთად ინდექსირებაზე შევთანხმდებით, სახელმწიფო ინდექსირებული თანხის მითითებით მეანაბრეზე გასცემს თამასუქს. როგორც ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, ამგვარ დოკუმენტს, სჯობს, თამასუქის ნაცვლად ობლიგაცია ერქვას. არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო. მოკლედ, ამ თამასუქს მფლობელი გამოიყენებს ახალი სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, გარდა საშემოსავლო გადასახადისა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პროექტი უპირველესად სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარეობს. ჩვენს ქვეყანაში კი უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა, შესაბამისად, ეს პროექტი მივაბით სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, უმუშევრობისთვის მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე დაეღწიათ თავი. ამ სქემით ანაბრების კომპენსაცია ადამიანებს სწორედ მცირე ბიზნესის წამოწყებისკენ უბიძგებს, ხოლო მათ, ვინც უკვე ბიზნეს-წარმოებას ეწევა, ექნებათ სტიმული ახალი (იგივე ან სხვა პროფილის) ბიზნესწარმოების წამოწყებისთვის. აქ ყველაფერი კანონმა უნდა დაარეგულიროს და ეს შეღავათები უნდა გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონით დათქმული პერიოდის განმავლობაში დაფუძნებული სამეწარმეო პირებისთვის.
- სამეწარმეო საქმის წამოწყებას სჭირდება გარკვეული კაპიტალი, შესაბამისად, ალბათ, საქმეს ყველა ვერ წამოიწყებს, ამ ხალხმა როგორ უნდა გამოიყენოს თამასუქები?
- ეს უკვე მეორე ეტაპის საქმეა და არცთუ პრობლემურია. მაგალითად, მას, ვინც მოახერხებს და გახსნის ახალ საწარმოს, უფლება ექნება, საკუთარი თამასუქის გამოყენების გარდა, შედარებით ნაკლებ ფასად შეიძინოს სხვა მოქალაქეებისაგან თამასუქებიც და მათი ნომინალის მიხედვით აწარმოოს სახელმწიფოსთან ანგარიშსწორება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროექტი მოიწონა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიამ. პროექტის დამუშავებისას გამოვიყენეთ გაეროს დეკლარაციები, შესაბამისად, ჩვენი იდეები გავაცანით გაეროს წარმომადგენლებსაც. ისინი ჩვენი პროექტით დაინტერესდნენ, მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ მის განხორციელებაში, თუმცა მანამდე ითხოვენ, რომ ამ საკითხზე სახელმწიფომ გამოხატოს თავისი პოზიცია.
- საკმაოდ სეროიოზული პრობლემაა დევნილები, რომელთა ანაბრების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, სავარაუდოდ, ძალიან გაძნელდება...
- 2000-2002 წლებში ანაბრების კომპენსაციის სახით პირველი ჯგუფის ინვალიდებსა და დევნილებს გარკვეული თანხა გადაეცათ, თუმცა ყოვლად მიუღებელი ფორმით. როგორც მახსოვს, მეანაბრეების ნაწილს პირველ ათას მანეთზე მისცეს 100 დოლარი და ყოველ შემდეგ ათასზე - 10 დოლარი, მაგრამ იმხანად ეს ადამიანები ისეთ უმწეო მდგომარეობაში იყვნენ, რომ ამგვარ კაბალურ პირობებს დათანხმდნენ. მოკლედ, ეს საკითხი დასამუშავებელია. ამიტომაც ვითხოვთ ფინანსთა სამინისტროსგან, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. მზად ვართ, გავითვალისწინოთ ყველა ახალი საინტერესო წინადადება და კონსტრუქციული კრიტიკა. სხვათა შორის, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის ნოემბერში, მეანაბრეთა პრობლემების გადასაწყვეტად შეიქმნა კომისია, ჩვენ მასთანაც გვსურდა თანამშრომლობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კომისიამ არ თუ ვერ იმუშავა.
837
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85