ნინო ხარაძე, "თავისუფლება"
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ სად იხარჯება საბიუჯეტო სახსრები, ანუ საქართველოს მოქალაქეების ფული, - ასეთი განცხადება გააკეთეს დღეს, 6 თებერვალს, კონტროლის პალატის შენობის წინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების ”არას”, ”თავისუფლების სახლის”, ”პატიმართა დახმარების საქველმოქმედო ფონდის” და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ისინი მოითხოვენ კონტროლის პალატამ შეისწავლოს და მათ მიაწოდოს ინფორმაცია რამდენიმე სამინისტროსა და პოლიტიკური პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ ისევე ოპერატიულად, როგორც ეს მოხდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სუფთა პოლიტიკის” შემთხვევაში, რომელიც ”ქართული ოცნების” ფინანსურ მონიტორინგს ითხოვდა. რამდენად გამჭვირვალეა საბიუჯეტო სახსრების შესახებ ინფორმაცია და რამდენად მარტივად გასცემენ საჯარო დაწესებულებები საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას?
კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის სახელზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება დატოვა. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები - ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ , მოძრაობა „არა“, „პატიმართა დახმარების საქველმოქმედო ფონდი“, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ და სხვები - მოითხოვენ კონტროლის პალატამ შეისწავლოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში არსებული ვითარება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის - რომელი კომპანიები ამარაგებენ საპყრობილეებს საკვები პროდუქტებით, რა თანხებს ხარჯავს აღნიშნული სამინისტრო თავისი თანამშრომელთა მივლინებებზე, რომელ აფთიაქებთან აქვს გაფორმებული სამინისტროს კონტრაქტი... - ამ და სხვა მოთხოვნების შესახებ საუბრობდა მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე:
”თუ რომელი კომპანიები ამარაგებენ ციხეებს საკვებით და რის საფუძველზე იქნენ ისინი შერჩეული... ასევე ჩვენი ინტერესის სფეროა ის, თუ რა დაფინანსებას იღებდა ”ნაციონალური მოძრაობა“, ვისგან და რა სახით იღებდა... ასევე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა პარლამენტარების სამივლინებო ხარჯები, მათი ხელფასები და პრემიები.”
ლევან ჩიტაძე იმედოვნებს, რომ კონტროლის პალატა მათ ინფორმაციას დროულად მიაწვდის.
ის, რომ საჯარო ინფორმაციის - მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის - მიღება ძალიან რთული საქმეა, ადასტურებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი სულხან სალაძე. ის, საკუთარი ორგანიზაციის პრაქტიკიდან გამომდინარე, ამბობს, რომ პრობლემაა ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მიღება. ძალიან ხშირად საჯარო დაწესებულებები პასუხობენ, რომ ეს ინფორმაცია მათ ვებგვერდზე უკვე არის განთავსებული. სულხან სალაძის თქმით, ასეთ პასუხს ხშირად იძლევა, მაგალითად, თბილისის მერია, რაც, სულხან სალაძის განმარტებით, უკანონოა, ვინაიდან ინფორმაციის მომთხოვნი თავად წყვეტს რა სახით ურჩევნია ინფორმაციის მიღება და, მეორე მხრივ, მერიის მიერ გაცემული ფინანსური ანგარიში არ არის ყოვლისმომცველი.
”შეიძლება ეწეროს, რომ მერიამ რაღაც კონკრეტული მუხლიდან თანხა დახარჯა, ჯამში, 80 მილიონი. აქედან ჩანაწერში შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ 40 მილიონი დახარჯა კონკრეტული მიზნებისთვის, მაგალითად, ქუჩა შეაკეთა, შენობა იყო ავარიული და გაამაგრა... მერე წერია, რომ დანარჩენი 40 მილიონი გადაურიცხა რაღაც ფონდს. აქ წყდება ფინანსების ხარჯვის ნაწილი და ძალიან ძნელია ამის იქით რამის გაგება.”
სწორედ იმის გამო, რომ ინფორმაცია არასრულია, რჩება გარკვეული კითხვის ნიშნები და, როგორც სულხან სალაძე ამბობს, ეს კითხვის ნიშნები შემდეგ იურიდიულ საფუძველს არ იძლევა ვამტკიცოთ, რომ ეს სახსრები არამიზნობრივად იქნა გახარჯული, რადგან ამის მამტკიცებელ დოკუმენტურ ინფორმაციასთან შეხების საშუალება არ არსებობს. სულხან სალაძე ლაპარაკობს კიდევ ერთ პრაქტიკაზე, რომელსაც საჯარო დაწესებულებები მიმართავენ - ეს არის ინფორმაციის მომთხოვნის შერჩევითობა:
”ერთი მხრივ, არის გაუმჭვირვალობა და, მეორე მხრივ, არის ორმაგი სტანდარტი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, როდესაც ისინი თავად წყვეტენ ვის მიაწოდონ ინფორმაცია და ვის არ მიაწოდონ, მაშინ როდესაც კანონით აქვთ ვალდებულება, რომ ყველას მიაწოდონ ეს ინფორმაცია.”
საბიუჯეტო ორგანიზაციებს სამ კატეგორიად ყოფს სერგი ჯორბენაძე, ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” პროექტის კოორდინატორი. ესენია ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ ინფორმაციას, რომლებიც ნაწილობრივ გასცემენ და რომლებიც ბიუჯეტთან დაკავშირებულ ინფორმაციას საერთოდ არ გასცემენ:
”მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტრო საერთოდ არ გვაწვდის ბიუჯეტს, ასევე განათლების სამინისტრო საერთოდ არ გვაწვდის ბიუჯეტს, მაგრამ არის გარკვეული დაწესებულებები, - და, ამ მხრივ, რეგიონები არიან წინა პლანზე, -რომლებიც ბიუჯეტს აბსოლუტურად სრულყოფილი სახით გასცემენ. ”
სერგი ჯორბენაძე ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია ძირითადად გამოითხოვს ხოლმე ინფორმაციას საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით შემდეგი მიმართულებით: ავტოპარკის ხარჯები, ხელფასები, სამივლინებო ხარჯები, ღონისძიებები და სარეზერვო სახსრებიდან მიღებული შემოსავალი. თუმცა ალბათობა იმისა, რომ ამ კითხვებზე სრულყოფილი ინფორმაცია გაიცეს, ძალიან დაბალია. როგორც წესი, ერთ მთლიან თანხას ასახელებენ, რომლის დეტალური ანალიზი შეუძლებელია, ამბობს სერგი ჯორბენაძე და დასძენს, რომ ხშირია საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ნორმის დარღვევის შემთხვევები:
”შეიძლება თქვენ მიიღოთ გამოთხოვილი ინფორმაცია 10-დღიანი ვადის დარღვევებით და ისიც არასრულყოფილი. ამის უფრო დიდი ალბათობა არსებობს, ვიდრე ის, რომ თქვენ მიიღოთ ინფორმაცია კანონის დაცვით და აბსოლუტურად დაბალანსებული ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის შესახებ.”
ის არასამთავრობო ორგანიზაციები კი, რომლებმაც დღეს კონტროლის პალატას მიმართეს, იმედოვნებენ, რომ მათი მოთხოვნაც ისევე დროულად დაკმაყოფილდება, როგორც ეს მოხდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სუფთა პოლიტიკის” შემთხვევაში, რომელიც ”ქართული ოცნების” ფინანსურ მონიტორინგს ითხოვდა.
792
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85