მსოფლიოს უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა Facebook -მა გასულ კვირაში ამერიკულ საფონდო ბირჟა NASDAQ-ზე აქციების განთავსების - IPO-ს განსახორციელებლად დოკუმენტები წარადგინა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანია 75-დან 100 მილიარდ დოლარამდე იქნება შეფასებული. როგორც მოსალოდნელია, ამ ოპერაციით, Facebook 5-დან 10 მილიარდი დოლარის მოზიდვას შეძლებს, რაც ამერიკული კომპანიების ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი IPO იქნება. სოციალური ქსელის აქციების განთავსების მთავარი ორგანიზატორი ბანკი Morgan Stanley იქნება.
აღსანიშნავია, რომ Facebook -ის ხელმძღვანელობა IPO-ს განხორციელებას ადრეც აპირებდა, მაგრამ გვარიანად ყოყმანობდა, რადგან ბირჟაზე გასვლის შემდეგ Facebook ღია ტიპის კომპანია გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ ამის შემდეგ აუცილებელი გახდება თავისი ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
კომპანია Dialogic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აკვირდება და შეისწავლის, ბირჟების არსებობის ისტორიაში მხოლოდ 13-მა კომპანიამ მოახერხა IPO-ს შედეგად 10 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა. აქედან ამერიკული მხოლოდ სამი გახლდათ. ესენი არიან Visa, რომელმაც 2008 წელს აქციების განთავსებით 19,7 მილიარდი დოლარი მიიღო, General Motors, რომელსაც IPO-მ 2010 წელს 18,1 მილიარდი დოლარი მოუტანა და AT&T Wireless Services, რომელმაც 2000 წელს 10,5 მილიარდი დოლარი მოიზიდა.
თუ Facebook-ს 100 მილიარდ დოლარად შეაფასებენ, მაშინ იგი დაახლოებით იმდენი ეღირება, რამდენიცაა McDonald's-ის ფასი, ან კიდევ, Google-ის ღირებულების ნახევარი. ანალიტიკოსთა აზრით, Facebook-ის შეფასებისას დადებითი მომენტი იქნება ის ფაქტი, რომ სოციალური ქსელი რეკლამით გვარიან მოგებას ნახულობს. კერძოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის სარეკლამო შემოსავალმა 738 მილიონიდან 3,8 მილიარდ დოლარამდე მოიმატა, ხოლო 2011 წელს სუფთა მოგება 65 პროცენტით გაიზარდა და 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობას, მან 800 მილიონს გადააჭარბა.
საერთოდ, Facebook-ის საბოლოო შეფასება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მოხდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სოციალური ქსელებით ინვესტორთა დაინტერესებას. გარდა ამისა, გავლენას მოახდენს ევროპული ეკონომიკის მდგომარეობა. თუმცა, კომპანია მაინც მოგებული დარჩება, მას ხომ 2012 წლის აპრილამდე ფინანსური მაჩვენებლების საჯაროდ გამოტანა მაინც მოუწევდა, რადგან მისმა აქციონერთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 500 ერთეულიან ლიმიტს. ახლა კი შემოსავალსაც მიიღებს.
საერთოდ, ანალიტიკოსები თვლიან, რომ Facebook-მა ბირჟაზე გასასვლელად მშვენიერი დრო შეარჩია, რადგად კომპანიის ღირებულება შეუჩერებელი ზრდის ფაზაშია. გამორიცხული არ არის, რომ ამ IPO-მ უოლ სთრითზე ნამდვილი აჟიოტაჟი და ინვესტორთა შორის კონკურენცია გამოიწვიოს.
დაგეგმილი IPO მარკ ცუკერბერგის მმართველობითი უნარის ერთგვარი გამოცდა იქნება. Facebook-ის თავკაცი, რომელმაც იგი 2004 წელს დააარსა, კარგა ხანს უოლ სთრითის მიღმა რჩებოდა. იგი თვლიდა, რომ ბირჟაზე გასვლას შესაძლოა კომპანიის ბიზნეს-კულტურა დაეზარალებინა, რადგან მისი თანამშრომლები შექმნილი პროდუქტის ხარისხზე უნდა ფიქრობდნენ და არა აქციების ფასზე.
აღსანიშნავია, რომ IPO-ს შემდეგ ცუკერბერგი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდება. იგი Facebook-ის უმსხლილესი აქციონერია, კერძოდ, აქციების 28 პროცენტს ფლობს და თუ კომპანიას 100 მილიარდად შეაფასებენ, მაშინ ცუკერბერგის პირადი კაპიტალი, ცხადია, 28 მილიარდად იქნება შეფასებული. ასე რომ, 27 წლის ყმაწვილი, რომლის ქონება ამჟამად 13,5 მილიარდს შეადგენს და რომელიც Forbes-ის რეიტინგში 52-ე გახლავთ, უეცრად მეცხრე პოზიციაზე ამაღლდება. საინტერესოა, მაინც რატომ იკავებდა თავს ამგვარი პერსპექტივისაგან ცუკერბერგი.
805
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85