სერ ფრედერიკ ანდერსონ გუდვინი უკვე რამდენიმე დღეა უბრალოდ ფრედი გუდვინია. Royal Bank of Scotland-ის ყოფილი თავკაცი, ერთ დროს განთქმული და აღიარებული ბანკირი რაინდის ტიტულის გარეშე ბრიტანეთის პარლამენტთან არსებულმა უფლებების ჩამორთმევის კომიტეტმა დატოვა, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებითაა დაკომპლექტებული. გუდვინმა რაინდის ტიტული “საბანკო საქმეში შეტანილი წვლილისათვის” 2004 წელს მიიღო. მაშინ მისთვის ეგზომ საპატიო წოდების მინიჭების ინიციატორი ბრიტანეთის იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრი გორდონ ბრაუნი იყო.
გუდვინი Royal Bank of Scotland-ის გენერალური დირექტორი 2001-2008 წლებში იყო. მან ბანკის თავკაცის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც გენერალური დირექტორის მოადგილის რანგში National Westminster-ის შთანთქმის ძალზე მნიშვნელოვანი გარიგება მოქნილად და წარმატებით განახორციელა. შემდეგ, Royal Bank of Scotland-ის სათავეში მყოფი აგრესიულ და ექსპანსიურ პოლიტიკას ანხორციელებდა და შთანთქმებზე 140 მილიარდი დოლარი დახარჯა.
2007 წელს ნიდერლანდური ბანკის ABN Amro-ს 50 მილიარდ ევროდ შთანთქმა მისი კარიერის გვირგვინი უნდა გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ იგი ძალზე შეუფერებელ დროს, ზედ კრიზისის დაწყებისას განხორციელდა. მსხვილმა გარიგებამ, რომელიც მნიშვნელოვნად ვალებით დაფინანსდა, ბანკის მდგომარეობა გვარიანად შეარყია. Royal Bank of Scotland სახსრების გარეშე დარჩა და საბოლოოდ 24 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იზარალა. ეს ბრიტანეთის კორპორატიულ ისტორიაში სარეკორდო წაგება გახლავთ.
საბოლოოდ, Royal Bank of Scotland გაბანკროტების წინაშე აღმოჩნდა და მას სახელმწიფოსაგან 45 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარება დასჭირდა. ბანკი იძულებული გახდა არა მარტო 20 ათასი სამუშაო ადგილი შეემცირებინა, არამედ, რომ გადარჩენილიყო, ნაციონალიზაციას დათანხმებოდა. ამჟამად, მისი 83 პროცენტი სახელმწიფოს საკუთრებაა.
Royal Bank of Scotland-ის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას გუდვინისათვის ხელი არ შეუშლია 2007 წელს 4,2 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის გასამრჯელო მიეღო, ხოლო გადაყენების შემდეგ იმდენი მოახერხა, რომ წლიური 703 ათასი ფუნტის ოდენობის პენსია დაინიშნა. ამან საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ედინბურგში მის სახლს ქვები დაუშინეს. თვით გორდონ ბრაუნმა, რომელიც უკვე პრემიერ-მინისტრი გახლდათ, მის საქციელს “გაუმართლებელი და მიუღებელი” უწოდა. გუდვინი თავის პენსიას კარგა ხანს მონდომებით იცავდა, მაგრამ ბოლოს დიდი ზეწოლის გამო იძულებული გახდა იგი წლიურ 342,4 ათას ფუნტამდე შეემცირებინა.
აღსანიშნავია, რომ Royal Bank of Scotland-ის საქმეები კვლავ არასახარბიელოდ მიდის. ნაციონალიზაციის შემდეგ ბანკმა საინვესტიციო განყოფილების აქტივები 874 მილიარდიდან 399 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე შეამცირა. ხოლო 2012 წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი აპირებს დახუროს ან გაყიდოს აქციებით ვაჭრობის ბიზნესი, კორპორატიული საბროკერო მომსახურება, აქციონერული კაპიტალის ბაზარზე ოპერაციებისა და შერწყმებისა და ჩაყლაპვების ბიზნესი. გარდა იმისა, რომ ეს Royal Bank of Scotland-ის გვარიან დაძაბუნებას ნიშნავს, ბანკი იძულებული გახდება 4800 სამუშაო ადგილი შეამციროს.
ყველაფერმა ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მიმდინარე წლის დასაწყისში ბრიტანულ ბანკებში, მათ შორის, კონკრეტულად Royal Bank of Scotland-ში ბონუსების საკითხი კვლავ გაზეთების პირველ გვერდებზე გამოჩნდა და ეს თემა ისევ პოპულარული და აქტუალური გახდა. ცხადია, გაიხსენეს გუდვინის მადა. ამას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა და მანვე გააჟღერა გუდვინისათვის რაინდის წოდების ჩამორთმევის იდეა.
გუდვინის უბრალო მოკვდავად ქცევა მშვენიერი მაგალითი აღმოჩნდა. თითქმის ყველა ბრიტანულ ბანკში უარი თქვეს ბონუსებზე. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელებისათვის მიბაძვას აპირებენ სხვა ქვეყნებშიც და მსოფლიოს არაერთი მსხვილი ბანკის მაღალჩინოსნები მალე ბონუსებზე ალბათ უარს იტყვიან.
აღსანიშნავია, რომ ზედმეტად მაღალი ბონუსების წინაღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2009 წლიდან დაიწყო. გლობალური კრიზისის შემდეგ ფინანსური ორგანიზაციები წელში გამართვას იწყებდნენ და ტოპ-მენეჯერებს კრიზისამდელ ბონუსებს უბრუნებდნენ. ამან საზოგადოების და პოლიტიკოსთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, მით უმეტეს, რომ სწორედ მსხვილი ბანკების მოქმედება დაასახელეს “დიდი ოცეულის” შეხვედრაზე კრიზისის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.
841
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85