ხორბლის მოსავლის პროგნოზები დღითი დღე მცირდება, ხოლო ამის პარალელურად მისი ფასი პირდაპირპროპორცილად იზრდება. წლის დასაწყისიდან სიცოცხლისათვის მეტად აუცილებელი მარცვლეული თითქმის 100 პროცენტით გაძვირდა. საქართველოში ჯერ სიმშვიდეს ინარჩუნებენ, სომხეთში კი შიმშილის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
სექტემბრიდან, სავარაუდოდ, ფქვილის ფასი მოიმატებას, რაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებასთანაა დაკავშირებული. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი არ მალავს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ცვლილება საქართველოზეც აისახება, რადგანაც ქვეყანა ხორბლის იმპორტიორი ქვეყანაა. ეს ნიშნავს, რომ პურის გაძვირებას მწვანე შუქს უნთებენ.
მინისტრის განცხადებით, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით საქართველო უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს აშშ-სთან, გერმანიასთან და ყახაზეთთან, რათა ადგილობრივ ბაზარზე ხორბალსა და ფქვილზე დეფიციტი არ შეიქმნას.
- “აგვისტოში ფასები სტაბილური იქნება, ხოლო სექტემბრიდან მსოფლიო ბაზრაზე მარცვლეულის გაძვირების გამო ფასების კორექტირება მოხდება”, - განაცხადა კვეზერელმა.
ტრეიდერები ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით გერმანულ და ფრანგულ მხარეებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. “ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესში ვართ და თუ აღმოჩნდა რომ ფრანგული და გერმანული ხორბალი ძვირი გვიჯდება, მაშინ ისევ ამერიკიდან შემოტანაზე ვიფიქრებთ”, - აცხადებენ ხორბლის იმპორტიორები.
კრიზისის გამო რუსეთიდან ხორბლის შემოტანა კომპანიებისთვის მომგებიანი აღარ არის, მით უმეტეს რომ მწირი მოსავლის გამო რუსეთმა წლის ბოლომდე საერთოდ აკრძალა მარცვლეულის ექსპორტი. ხორბლის ფასის მომატება უკვე დაიწყო და აქამდე ფოთში შემოტანილი განუბაჟებელი რუსული ხორბლის ღირებულება უკვე 260 დოლარია და მოუსავლიანობის გამო რუსეთი ფასს კიდევ გაზრდის.
ხორბლის მსოფლიო ბაზარზე პანიკის არსებობას ხორბლის ქართველი იმპორტიორების ნაწილიც ადასტურებს. ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი “თიბითი ჯგუფის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეისთვის ერთი ტომარა ფქვილი 5 დოლარითაა გაძვირებული და ფასის მატება მომავალშიც მოსალოდნელია, რაც პურის ფასზეც აისახება.
აკაკი ახვლედიანის განცხადებით, საქართველოში ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან სექტემბრის შუა რიცხვებამდე მარაგები არსებობს.
მსოფლიო ბაზარზე კი ხორბლის ფასი ბოლო 23-თვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. ამის მიზეზი რუსეთში არსებული გვალვებია, რამაც შესაძლოა, სასურსათო ინფლაცია გამოიწვიოს. წლის დასაწყისიდან ხორბალზე მსოფლიო ფასებმა 80%-ით მოიმატა. თუმცა, ანალიტიკოსების პროგნოზით, ფასები კიდევ გაიზრდება.
ამჟამად ჩიკაგოს მარცვლეულის ბირჟაზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 8 დოლარს გასცდა. ანალიტიკოსების ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ფასი 10 დალარს გადააჭარბებს. ამ ეტაპზე ამერიკაში 1 ტონა ხორბალი 281 დოლარი ღირს, ხოლო ევროპაში კიდევ უფრო ძვირია.
მარცვლეულის დეფიციტმა ძალიან შეაშფოთა ჩვენი მეზობლები, ისინი შიმშილის საფრთხეზეც კი ალაპარაკდნენ.
რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის აკრძალვამ სომხეთში ამ პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უცნობია, რა მოცულობის მარაგები აქვს ქვეყანას, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მოსახლეობას შიმშილი არ ემუქრება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთს საკუთარი მოსავალი 3 თვის განმავლობაში ეყოფა, დანარჩენი კი იმპორტზე მოდის, რომელსაც თითქმის მთლიანად რუსული პროდუქცია შეადგენს.
თუმცა სამინისტროში არ აქვთ პასუხი კითხვაზე, საიდან მოახდენს სომხეთი ხორბლის ექსპორტს რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვის შემდეგ. იქ ამბობენ, რომ ეს კერძო სექტორის საქმეა.
რაც შეეხება პურის ფასებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა მშიერი არ დარჩება, თუმცა პური, შესაძლოა, გაძვირდეს, რაც არა მხოლოდ სომხეთში ხდება.