”აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს” ამცირებენ

”აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს” ამცირებენ

რუსები აფხაზურ არმიას ამცირებენ. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროდან უკვე გაათავისუფლეს ყველა ის პირი, რომლებსაც საომარი გამოცდილება ჰქონდა. შესაბამისად, ქართველი ესქპერტების განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებს, დღეს რუსეთს საომარი გამოცდილების არმია არ სჭირდება.


 


უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის არმია ძალიან მალე შეწყვეტს დამოუკიდებელ არსებობას.


   


აღსანიშნავია, რომ, აფხაზური მხარის ინფორმაციით, ე.წ. აფხაზურ არმიაში რეზერვისტების ჩათვლით 5 ათასი სამხედროა გაერთიანებულია. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, იქაურ ”შეიარაღებული ძალებში” რეზერვისტების ჩათვლით, 2 700 სამხედროა რეგისტრირებული.


   


სოხუმის ხელისუფლების ”თავდაცვის მინისტრი” მერაბ ქიშმარია ”პრესა.გესთან” საუბრისას აცხადებს, რომ დღის წესრიგში დგას არა არმიის შემცირების საკითხი, არამედ საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და პროფესიონალიზმის ამაღლების საკითხი.


   


”არმიის შემცირებას არავინ აპირებს. არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენად რთულ პირობებსა და რის ფასად იქმნებოდა ჩვენი არმია. აფხაზეთის არმიის რიცხოვნობა ყოველთვის რესპუბლიკის უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი იქნება”, - გვითხრა მერაბ ქიშმარიამ.


   


გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზურ არმიაში შემცირება უკვე დაიწყო. სოხუმიდან მიღებული ინფორმაციით მასტაბური შემცირება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. აქვე შეგახსენებთ, რომ სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ანატოლი ზაიცევი, ზაკან ნანბა, გარი კუპალბა, სლავა ანქვაბი და ალექსანდრე მელნიკი.


 


გარდა ამისა, თანამდებობიდან გაათავისუფლა 6 პოლკოვნიკი, ხოლო ოჩამჩირის სამხედრო შენაერთის 20-მდე ოფიცერი თადარიგში გაუშვა.  თადარიგში მათი დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად მათი ასაკი სახელდება.


   


აფხაზეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ ცვლილების უკან რუსეთის ინტერესები დგას. კერძოდ ის, რომ რუსეთს დღეს არ სჭირდება აფხაზეთში ძლიერი არმია. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ბესიკ სილაგაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ მოხდება მკვეთრი ცვლილებები აფხაზეთის არმიაში.


 


მისი თქმით, ეს მოხდება ეტაპობრივად იმის მიხედვით, რა რეაქცია ექნება აფხაზურ საზოგადოებას და რა პოზიციებს დაიჭერს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება.


   


როგორც სილაგაძე ამბობს, რუსეთმა მაქსიმალურად გამოიყენა აფხაზეთი და უნდა, რომ ბოლომდე აკონტროლებდეს. ამიტომ, მას უკვე არ სჭირდება აფხაზეთში ძლიერი არმია.


   


-”ყველაფერი ამისკენ მიდის. დღეს რუსეთის ინტერესებში არაა ის, რომ აფხაზეთს ძლიერი არმია ჰყავდეს. ახლა რუსებისთვის მთავარია, რომ აფხაზეთში არ იყოს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს კრემლის რეჟიმისთვის.


 


შესაბამისად ეს აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილებაა და სიმართლე გითხრათ, მიკვირს ცოტა უფრო ადრე რატომ არ გააკეთეს.


  


თუნდაც ის, რომ ბაღაფშმა რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა რამოდენიმე გენერალი, ეს იყო რუსული დირექტივა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ე.წ. არმიის შემცირებასთან. ამით კრემლმა ბაღაფშის ხელით მოიშორა მეტ-ნაკლებად ტოპენციური საფრთხე, რომელსაც შეიძლებოდა რაღაცა სერიოზული გამოეწვია.


   


ახლა უკვე ისინი დაიწყებენ ე.წ. შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ შემცირებას. ასევე დაიწყება იმ შეიარაღების ამოღება, რომელიც თვითონვე დაურიგეს. მინიმალურ დონეზე დაიყვანენ აფხაზეთში შეიარაღებულ აფხაზს. ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი აფხაზების მხრიდან გამოიწვევს ”ადეკვატურ” მოქმედებას და შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ ესკალაციაში”, - აცხადებს ბესიკ სილაგაძე.


   


უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის არმია ადრე თუ გვიან შეწყვეტს დამოუკიდებელ არსებობას. მისივე განმარტებით, რუსეთის მიზანია აფხაზეთს არ ჰყავდეს არმია, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, აფხაზეთის ხელისუფლების გვერდით დადგება.


   


-”ფაქტია, რომ კრემლი ცდილობს ფრთხილი იყოს თავის მოქმედებებში. ამ შემთხვევაში კრემლის ამოცანაა შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც აფხაზებს ფორმალურად შეუნარჩუნებს დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურას, ხოლო არაფორმალურად ის პირდაპირ დაექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.


   


ყველა საკვანძო პოსტები დაექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. ეს პროცესი განხორციელდება თანმიმდევრულად, ნელი ტემპებით. საბოლოო ჯამში რუსეთი შექმნის იმ სისტემას, რომელიც კრემლს აწყობს. რუსეთი ამ პროცესს ნელი ტემპით ახორციელებს, ვინაიდან მას არ აწყობს აფხაზების პროტესტი.


   


პროტესტს კი ისინი აუცილებლად გამოხატავენ. რადგან ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ იმ განცდასთან, რომ აფხაზებს სურთ დამოუკიდებელი იყვნენ, არამედ დაკავშირებულია ფინანსებთან. მათი ნებისმიერი პროტესტი კი საერთაშორიო საზოგადოებამ შეიძლება აღიქვას, როგორც კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ არანაირი დამოუკიდებელი აფხაზეთი არ არსებობს. ეს კი რუსეთს არ აწყობს და ამიტომ მოქმედებს ნელი ტემპით”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.


   


კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ე.წ. თავდაცვის სისტემაში არის უამრავი ადამიანი, რომელიც ჯარში არანაირი საქმიანობით არაა დაკავებული. მისივე ინფორმაციით, ესენი არიან ყოფილი მეომრები და მათ ინახავენ, როგორც ერის წინაშე დამსახურებულ ხალხს.


   


არეშიძე ამბობს, რომ რუსებმა კატეგორიულად მოსთხოვეს აფხაზებს და ოსებს თავდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანების შემცირება.


   


-”ფულს რუსები იხდიან და თვლიან, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას თვითონ დაიცავენ და არ სჭირდებათ ამდენი ხალხი ამ სისტემაში. რუსებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ 200 კაცამდე დატოვება მოსთხოვეს მათ. პირველ რიგში უნდა გაუშვან ისეთი ხალხი, რომლებიც გაფორმებული არიან თავდაცვის სისტემაში, მაგრამ არაფერს აკეთებენ.


   


როგორც ვიცი სამხრეთ ოსეთის არმიის შეკვეცის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტები გაგზავნილი აქვს რუსეთს და 200 კაცამდე უნდა დავიდეს მათი შეიარაღებული ძალები. ჯარი მცირდება როგორც აფხაზეთში, ისე სამხერთ ოსეთში. უნდა ითქვას, რომ ორივე რეგიონში ”შეიარაღებული ძალების” პირადი შემადგენლობა ხელოვნურადაა გაბერილი.


 


ახლა რუსები სთავაზობენ მათ, რომ შეამცირეთ ეს კონტიგენტი და ვისაც სურს, რომ შეინარჩუნოს ხელფასი, გადმოვიდეს ჩვენს ჯარშიო”, - გვითხრა მამუკა არეშიძემ.