2012 წელი მეტად აქტიური და საინტერესო წელია. ბიზნესის ყველა დარგში ცვლილებებია მოსალოდნელი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სარეკლამო მიმართულება იქნება. თუმცა, ამ მხრივ ერთადერთი რაც შეიცვლება ფასია, ზოგადი ტენდენცია კი უცვლელი დარჩება. პოლიტიკური რეკლამის გაძვირების შემთხვევები უკვე შეიმჩნევა კიდეც.
სარეკლამო რეკლამისთვის 2011 წელი მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, განსაკუთრებით ინტერნეტ რეკლამის სფეროში. გაიზარდა ინტერესი სოციალური ქსელების, განსაკუთრებით “ფეისბუქის” მიმართ, სადაც რეკლამის განთავსების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.
რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას, მისთვის აქტიური მიმდინარე 2012 წელი იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე. რაც შეეხება ფასს, სატელევიზიო რეკლამის ღირებულება 2011 წელთან შედარებით, დაახლოებით 20 პროცენტით მოიმატებს.
“2010 წელან შედარებით, უკეთესი ვითარებაა სარეკლამო ბიზნესის სფეროში. სატელევიზიო სარეკლამო ინვესტიციები დაახლოებით 15-20 პროცენტით გაიზარდა, თუმცა სარეკლამო ბიზნესი ჯერჯერობით ვერ დაუბრუნდა ომამდელ მაჩვენებელს. ამ მხრივ 2007და 2008 წლის პირველი ნახევარი ძალიან ნაყოფიერი პერიოდი იყო.
2011 წელს დაფიქსირდა ინტერნეტ რეკლამის აქტიურობა, რომლის გარკვეული ნაწილი, დაახლოებით, 10 პროცენტამდე სოციალურ ქსელებში განთავსებულ რეკლამებზე მოდის. ისინიც კი, რომლებიც რეკლამებს ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ ათავსებენ, აქტიურად იყენებენ “ფეისბუქს” და სხვა სოციალურ ქსელებს”, - აცხადებს გალუმაშვილი.
„ჯეპრაში“ 2012 წელს ქართულ სატელევიზიო სივრცეში რეკლამაზე ინვესტიციების გაზრდას არ ვარაუდობენ. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ბიზნესის ის სფეროები, რომლებიც სატელევიზიო რეკლამაში თანხებს დებენ, ჯერ კიდევ ომის პერიოდის კრიზისის დაძლევას ცდილობენ და პიარზე ფულს ზოგავენ.
სოსო გალუმაშვილის პროგნოზით, სატელევიზიო რეკლამის საწინააღმდეგოდ, მკვეთრად გაიზრდება მოთხოვნა ინტერნეტში რეკლამის განთავსებაზე. თუმცა, მისი შეფასებით, ამჟამად მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ქართულ ინტერნეტ–სივრცეში საჭირო რესურსი არ არსებობს. გალუმაშვილის განცხადებით, რესურსის შექმნის შემთხვევაში ინტერნეტ–სივრცეში რეკლამა 200%–მდე მოიმატებს. მისი თქმით, გაიზრდება მოთხოვნა რადიო რეკლამაზეც, თუმცა რამდენი პროცენტით, ჯერჯერობით პროგნოზი არ კეთდება.
ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის მენეჯერი მარიამ ვაშაკიძეაცხადებს, რომ 2011 წელს მომხმარებელმა სოციალურ ქსელებზე გააკეთა არჩევანი, რამაც სარეკლამო ბიზნესი დააზარალა.
“მოლოდინი ნამდვილად იყო, რომ ვითარება გაუმჯობესდებოდა, თუმცა რეალობამ სხვა სურათი წარმოგვიდგინა. გარე კონსტრუქციებსადა პოლიგრაფიებზე ვმუშაობთ. ამიტომ ამ სეგმენტში არსებული ვითარებით შემოვიფარგლები. აქტივობა შეამცირეს ისეთმა კომპანიებმაც, რომლებიც წინა წლებში სარეკლამო კამპანიის ლიდერები იყვნენ.
ქვეყანაში არ არის ფული, ფინანსური სახსრების პრობლემაა და ეს სარეკლამო ბიზნესში, კონკრეტულად ჩვენს საქმიანობაზე პირდაპირ აისახება. კლიენტები სოციალურ ქსელებზე ან სატელევიზიო რეკლამაზე არიან ორიენტირებულნი და და ფულს ნაკლებად ხარჯავენ სხვა სეგმენტში”, - აცხადებს მარიამ ვაშაკიძე.
როგორი პროგნოზიც არ უნდა გააკეთონ დარგის სპეციალისტებმა, ყველასთვის ცხადია, რომ არა მარტო 2012 წელს, არამედ 2013-შიც სარეკლამო სფეროში წამყვანი პოლიტიკური რეკლამა იქნება. შესაბამისად, ამ განხრით მოიმატებს რეკლამის ღირებულება და გაიზრდება სატელევიზიო მიმართულება (ჯერჯერობით სოციალური ქსელებით მსოფლიოში არჩევნები არავის მოუგია).
ისევე როგორც წინა წლებში ტელევიზია საქართველოს მოსახლეობისთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ და სარეკლამო ბაზრის ყველაზე დიდ სექტორად რჩება. მართალია ეს დადებითი ტენდენცია არ არის, მაგრამ რეალობაა. ტელევიზიაზე მთლიანი სარეკლამო დანახარჯების 78 პროცენტი მოდის. რადიოსადგურებზე მთლიანი სარეკლამო დანახარჯების დაახლოებით 7 პროცენტი იხარჯება, გარე რეკლამის წილი დაახლოებით 6 პროცენტს შეადგენს, ხოლო ჟურნალ-გაზეთებზე 4 პროცენტი მოდის. ინტერნეტ რეკლამების წილი დაახლოებით 1 პროცენტს შეადგენს და 1 მილიონ დოლარსაც ვერ აღწევს.
1700
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85