ბრიუს სპრინგსტინი კვლავ ფორმაშია

ბრიუს სპრინგსტინი კვლავ ფორმაშია

მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, 62 წლის ბრიუს სპრინგსტინმა ახალი ალბომი ჩაწერა. მისი სახელწოდებაა “Wrecking Ball”. ეს ნამუშევარი ევროპის კონტინენტზე გაყიდვაში მიმდინარე წლის 5 მარტს გამოვა, აშშ-ში კი მეორე დღეს.

ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს მომღერლის ჯგუფმა “E-Street Band”, ჯგუფი “Rage Against The Machine”-ს გიტარისტმა ტომ მორელომ და ჯგუფი “Pearl Jam”-ის ყოფილმა მედოლემ მეტ ჩემბერლეინმა.

სტუდიერ ჩანაწერში “Wrecking Ball” შემდეგი 11 კომპოზიციაა წარმოდგენილი.

1. We Take Care of Our Own

2. Easy Money

3. Shackled and Down

4. Jack of All Trades

5. Death to My Hometown

6. The Depression

7. Wrecking Ball

8. You've Got It

9. Rocky Ground

10. Land of Hope and Dreams

11. We Are Live

ბრიუს სპრინგსტინი 1949 წლის 23 სექტემბერს დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლონგ-ბრენჩში.

მისი სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი 1973 წლით არის დათარიღებული. ეს იყო ალბომი ”Greetings from Asbury Park N.J" . ნახევარ წელიწადში მომღერალმა კიდევ ერთი ალბომი “The Wild, the Innocent & the E-Street Shuffle” გამოუშვა. სამწუხაროდ ამ ჩანაწერებს აშშ-ში წარმატება არ მოჰყოლია.

1974 წელს სპრინგსტინმა საკუთარი ჯგუფი “E-Street Band” ჩამოაყალიბა და უკვე მომდევნო წელს, რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი “Born to Run” გამოუშვა. ამ ალბომმა აშშ-ში პოპულარობის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა და თავად მომღერალიც ამერიკული ჰიტ-პარადების სათავეში მოაქცია.

1984 წელს ალბომმა “Born in the U.S.A.” ამერიკული ჩართების ლიდერობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა.

1989 წელს მუსიკოსმა ჯგუფი “E-Street Band” დაშალა, მაგრამ სოლო კარიერა წამოიწყო და 1993 წელს, მისმა კომპოზიციამ “Streets of Philadelphia” “ოსკარების” ერთ-ერთი ნომინაცია დაიმსახურა.

ბოლო წლების განმავლობაში ბრიუს სპრინგსტინი პოლიტიკით დაინტერესდა და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ აქტიურ წევრად მოგვევლინა. მომღერალი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამას მხარდამჭერთა სიაში ირიცხება. 2008 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ მუქკანიანი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად რამდენიმე კონცერტი ჩაატარა.