მუსიკალური გამოცემა “Billboard”-ის ინფორმაციით, ჯგუფი “Yes”-ის ბას-გიტარისტმა კრის სკვაიერმა და “Genesis”-ის ყოფილმა გიტარისტმა სტივ ჰაკეტმა ახალი დუეტი ჩამოაყალიბეს. მისი სახელწოდებაა “Squackett”. მუსიკოსებს ერთობლივი ალბომის გამოშვება მიმდინარე წლის ზაფხულში აქვთ დაგეგმილი.
სკვაიერმა და ჰაკეტმა ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს. იმ პერიოდში “Yes”-ის ბას-გიტარისტი სოლო ჩანაწერზე “Chris Squire's Swiss Choir” მუშაობდა. მუსიკოსებს ერთად თანამშრომლობის იდეა მაშინ დაებადათ.
ცნობილია რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახლადჩამოყალიბებული დუეტის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაეგზავრებიან.
კრის სკვაიერი 2012 წლის ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს “Yes”-ის კონცერტებში. ეს ღონისძიებები ეძღვნება ამ ჯგუფის ბოლო სტუდიური ჩანაწერის “Fly From Here”-სა და საკონცერტო ალბომის “In The Present: Live From Lyon”-ის გამოცემას.