მიმდინარე წლის 20 იანვარს, აშშ-ის ქალაქ რივერსაიდში, 73 წლის ასაკში ცნობილი მომღერალი ეტა ჯეიმსი გარდაიცვალა.
მუსიკოსი ლეიკემიით იყო დაავადებული. გასული წლის დასასრულს მან თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეტა ჯეიმსს დამოუკიდებლად სუნთქვა აღარ შეეძლო და სიცოცხლის დასასრულამდე სპეციალურ აპარატურაზე იყო მიერთებული. ექიმებმა მას კიბოს დიაგნოზიც დაუსვეს.
ჯეიმსეტა ჰოუკინსი (ეტა ჯეიმსის ნამდვილი სახელი) 1938 წლის 25 იანვარს ქალაქ ლოს-ანჯელესში დაიბადა. დედა შავკანიანი ჰყავდა, მომღერლის მამა რუდოლფ უანდეროუნი ბილიარდის ცნობილი მოთამაშე გახლდათ. მან ეტას დედა ბავშვის დაბადებიდან ცოტა ხანში მიატოვა.
ეტა ჯეიმსმა სიმღერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. 14 წლის გახლდათ როდესაც რამდენიმე გოგონასთან ერთად პირველი ჯგუფი ჩამოაყალიბა. მისი მუსიკალური კარიერის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მომღერალმა ჯონი ოტისმა შეიტანა.
ჯეიმსს მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში 16 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. სადებიუტო ალბომი “At Last” 1961 წელს გამოიცა, უკანასკნელმა “The Dreamer” დღის სინათლე გასულ წელს იხილა.
ეტა ჯეიმსს თავის დროზე მუსიკალური “გრემის” სამი საპატიო ჯილდო აქვს მიღებული.